"ის, რომ ბავშვი დათრგუნული იყო და ტიროდა, იმას ნიშნავს, რომ იქ კარგი არაფერი მომხდარა" - რა დარღვევებს ხედავს იურისტი 15 წლის მოზარდის გამოკითხვის პროცესში და როგორ უნდა იკითხებოდეს არასრულწლოვანი
"ის, რომ ბავშვი დათრგუნული იყო და ტიროდა, იმას ნიშნავს, რომ იქ კარგი არაფერი მომხდარა" - რა დარღვევებს ხედავს იურისტი 15 წლის მოზარდის გამოკითხვის პროცესში და როგორ უნდა იკითხებოდეს არასრულწლოვანი
არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი გამოწვევაა. აუცილებელია, მათი აზრი და დამოკიდებულებები გავითვალისწინოთ, მით უფრო, როცა კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებზე ვსაუბრობთ. რა პირობებში უნდა გამოიკითხოს არასრულწლოვანი და რა შეიძლება გამოიწვიოს გამოკითხვის იძულებამ, არასამთავრობო ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტი, ანა თავხელიძე საუბრობს:

- პირველ რიგში, აუცილებელია, ვიცოდეთ, რომ გამოკითხვა ნებაყოფლობითია და შეგვიძლია მასზე უარი ვთქვათ. როდესაც ბავშზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ პოლიციელთან მარტო არ დარჩეს და იქ აუცილებლად იყოს ვიღაც ისეთი, ვინც
უპირატესად ბავშვის ინტერესების გამტარებელია. როგორც წესი, ასეთია კანონიერი ან საპროცესო წარმომადგენელი. მაგალითად, თუ ვერ ხდება მშობლის მოძიება ან ოჯახში მშობლის მიერ ძალადობის ეჭვი არსებობს, ასეთ დროს პროცესს სოციალური მუშაკი ესწრება ან შეიძლება ბავშვის უშუალო მოთხოვნით იყოს იქ ვინმე. სამწუხაროდ, კანონმდებლობაში ხარვეზი გვაქვს. კანონმდებლობა მოწმე ბავშვის სავალდებულო დაცვას არ ითვალისწინებს. სავალდებულო დაცვა გულისხმობს, ბავშვისთვის ნებისმიერ შემთხვევაში ადვოკატის დანიშვნას. ჯერჯერობით სავალდებულო დაცვა მხოლოდ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთან და დაზარალებულთან მიმართებით გვაქვს. კონკრეტულ ფაქტს ხშირად სამართალდამცავი ორგანო ბოროტად იყენებს. მაგალითად, ბავშვს, თუნდაც საპროცესო წარმომადგენელთან ერთად, მოწმის სტატუსით იბარებს, გამოკითხავს და მალევე ანიჭებს ბრალდებულის
სტატუსს. ფაქტობრივად, მისგან, როგორც მოწმისგან, იღებს სრულ ინფორმაციას, არ უნიშნავს ადვოკატს, მალევე უცვლის სტატუსს და იმ დროს ჩართავს ადვოკატს საქმეში, როცა დაგვიანებულია იმიტომ, რომ ბავშვი უკვე გამოკითხულია. შესაბამისად, ეს ხარვეზი გამოსასწორებელია. სავალდებულო დაცვას უნდა დაექვემდებაროს ბავშვი ნებისმიერი სტატუსით. ყველგან, სადაცაა ბავშვი, იქვე უნდა იყოს მისი ადვოკატიც. მას უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი და ამ სტანდარტით უნდა გამოკითხოს.

- საკუთარი გამოცდილებიდან რომ მითხრათ, ძირითადად, რა ტიპის დარღვევებს აწყდებით ხოლმე ბავშვებთან მიმართებით?

- ძირითადად, მოწმის სტატუსით გამოკითხვა და შემდეგ უცებ სტატუსის ცვლილება ხდება. გვაქვს ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებიც. პირდაპირი მუქარის ფორმით არ ხდება, მაგრამ სამართლებრივ საკითხებზე ინფორმაციას არასწორი ინტერპრეტაციით აწვდიან. ზემოქმედებენ ბავშვზე, რადგან მან კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმებისა და რეგულაციების შესახებ არ იცის. მაგალითად, პოლიციელი ეუბნება, რომ ინფორმაციის არგაცემის შემთხვევაში, პრობლემები შეექმნება. ხშირად პოლიციის მხრიდან დაპირებაცაა ხოლმე. მაგალითად თუ მოყვება დეტალებს, სახლში გაუშვებენ, რაც, ფაქტობრივად, ბავშვის მოტყუებაა.

- რამდენად ხშირია ჩვენების იძულებით მიცემის ფაქტები?

- ნებისმიერი ასეთი ქმედება, მოტყუება, ირიბად მინიშნება მუქარაზე, ცალკე მუქარად შეიძლება არ შეფასდეს. მაგრამ საერთო ჯამში მნიშვნელოვანია, გარემო, ვინ ესაუბრება ბავშვს, რამდენი ადამიანია კონკრეტულ შენობაში, რამდენ ხანს გრძელდება პროცესი და ასე შემდეგ. საბოლოოდ, ეს პროცესი ინტენსივობიდან და ხანგრძლოვობიდან გამომდინარე, თავის თავში ჩვენების იძულებას გულისხმობს. არსი არის ის, რომ ბავშვი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ამბობს იმას, რასაც, ეს გარემოებები რომ არ არსებებულიყო, არ იტყოდა.

- რა ტიპის საფრთხეს უქმნის ბავშვს იძულება ისაუბროს იმაზე, რაც არ უნდა კონკრეტულ შემთხვევაში აღიაროს ან თვლის, რომ მოცემულ სიტუაციაში არ არის დამნაშავე?

- იძულებას მოაქვს ორი მძიმე შედეგი. ერთი ის, რომ შეიძლება ისეთი ქმედების ჩადენა ააღებინოს საკუთარ თავზე, რაც რეალურად არ ჩაუდენია. მეორე ის, რომ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და ზიანს აყენებს ბავშვს. გარდა ამისა,  შემდგომში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას დაუკარგავს და მომავალში  ბავშვი შეეცდება პოლიციის ან პროკურორის ჩართულობის გარეშე მოაგვაროს პრობლემა.

- 15 წლის გარდაცვლილი მოზარდის ძმამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რაღაც პერიოდში ბავშვი დედისგან მოშორებით ცალკე კაბინეტში შეიყვანეს და გარკვეული დროის განმავლობაში კითხვადნენ. იქედან გამოსული კი დათრგუნული იყო და ტიროდა. თუმცა, ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოძიება და საქმის ზუსტი დეტალები არ გარკვეულა. ზოგადად, როგორია ამ ფაქტის თქვენეული შეფასება?

- რა თქმა უნდა, ეს დარღვევაა. კანონიერი წარმომადგენლის იქ ყოფნის მიზანი ის არის, რომ ბავშვი მარტო არ დარჩეს. შესაბამისად, მისი გვერდზე გაყვანა უკვე დარღვევაა. არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ერთი წუთი იქნება ეს თუ ათი. არც ერთი წამით არ შეიძლება მისი მარტო გაყვანა გამოსაკითხად. ის, რომ ბავშვი დათრგუნული იყო და ტიროდა, იმას ნიშნავს, რომ იქ კარგი არაფერი მომხდარა.

- როგორ გარემოში უნდა გამოიკითხოს არასრულწლოვანი, რომ ნაკლებად მატრავმირებელი იყოს ეს პროცესი მისთვის?

- ძირითადად, პოლიციის განყოფილებების უმრავლესობა საერთო სივრცეს მოიცავს, სადაც ბევრი გამომძიებელი მუშაობს და თავიანთი სისხლის სამართლის საქმეებზე იბარებენ მოწმეებს, ბრალდებულებს და ასე შემდეგ. ამ საერთო სივრცეში საკმაოდ ხშირად ხდება ბავშვის გამოკითხვა, რაც მისთვის მატრავმირებელია. ერთი მხრივ, მისი პირადი ინფორმაცია სხვა პირებისთვის ხელმისაწვდომი ხდება. ბავშვზე ნეგატიურად მოქმედებს გარემო, ამიტომ შესაძლებელია, საერთოდ ვერ გაიხსნას და ინფორმაცია არ გათქვას. გარდა ამისა, ზიანდება მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, ასეთ სივრცეში ბავშვის გამოკითხვა არ არის მიზანშეწონილი. იმიტომ, რომ სპეციალიზებული, ბავშვზე მორგებული სივრცე არ არსებობს, როგორც წესი, ვითხოვთ ხოლმე რომელიმე კაბინეტის გათავისუფლებას და ოთახის ისე მოწყობას, რომ ბავშვი არ დაითრგუნოს. თუ მცირეწლოვანია, იყოს იქ ბუშტები ან რაიმე სათამაშო, რომ ეს გარემო ნაკლებ დამთრგუნველი იყოს მისთვის. თუმცა, ასაკს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. 15 წლის ბავშვიც დაისტრესება პოლიციის განყოფილებაში, საერთო სივრცეში და, ბუნებრივია, მასაც სჭირდება ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინება. ეს მნიშვნელოვანი ხარვეზია და გამოსწორების მიზნით ვითხოვთ, რომ შეიქმნას ბავშვზე მორგებული სივრცეები.

- რა უნდა გაითვალისწინონ უფორსებმა, მაგალითად დაცვის თანამშრომლებმა, არასრულწლოვანთან ურთიერთობისას მაშინ, როცა საქმე გვაქვს მათი მხრიდან სავარაუდო კანონდარღვევაზე?

- მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რომ ბავშვები ჩვენი თანასწორნი არიან და, ზოგ შემთხვევაში, ჩვენზე მეტად სჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება. მათზე მორგებულად უნდა ვიმოქმედოთ ყველამ. ეს ეხება როგორც სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს, ასევე ნებისმიერ სხვა ადამიანს. პრინციპი არის ის, რომ ბავშვებს უნდა მოვექცეთ ისე, როგორც თანაბარუფლებიანებს. სამოქალაქო პირს არ აქვს უფლება, ის სადღაც ჩაკეტოს ან მასთან დაკავშირებით რაღაც მოიმოქმედოს. თუ ჩნდება ეჭვი, რომ ბავშვმა კანონი დაარღვია, დანაშაული ჩაიდინა, არსებობს შესაბამისი უწყებები, ვინც ამაზე რეაგირებას მოახდენს. დაცვის თანამშრომელი ან სხვა ვინმე არ არის ის პირი, ვისაც რაიმე შემზღუდავი ბერკეტის გამოყენების უფლება აქვს. ეს ცალსახა დარღვევაა. თუ რომელიმე მათგანმა ბავშვი ოთახში ჩაკეტა დ გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდა, ეს უკვე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

- რა ბერკეტი აქვს მშობელს, თუ ბავშვს უკანონოდ შეუზღუდა ვინმემ თავისუფლება?

- სამართალდამცავ ორგანოს უნდა მიმართოს და განაცხადოს ბავშვის უფლებების დარღვევის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა ჩადენილი, ამაზე რეაგირებას სახელმწიფო მოახდენს.

- მსგავსი ტიპის შემთხვევებით რამდენად ხშირად მოგმართავენ მშობლები დახმარებისთვის?

- მშობლების მხირდან მომართვიანობა ძალიან მაღალია. ბოლო პერიოდში ხშირად შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბულინგის შემთხვევებს, როგორც თანაკლასელებს შორის, ასევე მასწავლებლის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას. განსაკუთრებით აქტუალური გახდა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა მხრიდან ბავშვების მიმართ უფლებების დარღვევები, როგორიცაა, მაგალითად, შემოწმება საფუძვლის გარეშე, ფოტოების გადაღება ქუჩაში, გამოკითხვის პროცესის არასწორად წარმართვა და ასე შემდეგ.

- რა უნდა გაითვალისწინონ უფროსებმა კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან და, ზოგადად, არასრულწლოვნებთან ურთიერთობისას?

- პირველ რიგში, ბავშვები აღვიქვათ ჩვენს თანასწორებად და მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მხოლოდ მათი ჩართულობით მივიღოთ. არ შეიძლება ისინი განყენებულ ობიექტებად წარმოვიდგინოთ და ვიმსჯელოთ მათ შესახებ ისე, რომ თავად წარმოდგენაც არ ჰქონდეთ. პრობლემები სწორედ აქედან იწყება. ისე ვიღებთ მათ შესახებ გადაწყვეტილებას, არ ვაწვდით ინფორმაციას და აზრს არ ვეკითხებით. ამიტომ, თუ ბავშვებს თანასწორად აღვიქვამთ და ჩავრთავთ პროცესში, ბევრად უფრო მარტივი იქნება ყველაფერი და გვეცოდინება, რა არის მათთვის სასურველი შედეგი. თუ ვფიქრობთ, რომ ბავშვთან დაკავშირებით ვინმემ კანონი დაარღვია, რაიმე გადაცდომას ჰქონდა ადგილი, აუცილებლად უნდა მოხდეს რეაგირება და საქმეში შესაბამისი უწყება უნდა ჩავრთოთ. მაგალითად, თუ ეს მოხდა პოლიციის ან მოქალაქის მხრიდან, უნდა ჩავრთოთ სამართალდამცავი ორგანო ან მათი ზემდგომები. თუ შემთხვევა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოხდა, სკოლის ხელმძღვანელობა და მათი ზემდგომები უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ არსებობს ბავშვზე ძალადობის ვარაუდი, საქმეში სოციალური მომსახურების სააგენტო უნდა ჩავრთოთ და მასთან სოციალურმა მუშაკმა უნდა იმუშაოს.

თამარ იაკობაშვილი

1763
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ნინ
5
იქნებ იმიტო იყო დათრგუნული და ტიროდა რომ გაიაზრა რაც დააშავა და სცხვენოდა,ამას რატომ არ განიხილავთ.
18:06 / 12-01-2020
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი