ეს ფოტოები პატარა გოგონას დედამ ერთ-ერთ სამედიცინო ჯგუფში დადო და ექიმებსა და გამოცდილ მშობლებს ჰკითხა რჩევა, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო - ფოტოზე თვალნათლივ ჩანს, რომ ბავშვს ხელის თითები, უმთავრესად თითის ბალიშები სულ გადაყვლეფილი აქვს და სისხლმდენიც. რამდენიმე გამოცდილმა ადამიანმა მაშინვე მიიტანა ეჭვი ქიმიურ დამწვრობაზე და გაირკვა, რომ მართლაც, გოგონას ტყლარწით უთამაშია.
ბავშვის დედამ ანონიმურად გვიამბო შემთხვევის შესახებ:
- ათი დღის წინ ვუყიდე ტყლარწები, ძალიან მოინდომა, თორემ როგორც წესი, არ ვყიდულობ ხოლმე. დაახლოებით ორ დღეში მივიღეთ საშინელი რეაქცია თითის ბალიშებზე - გადაეყვლიფა სრულებით, დაეწყო სისხლდენა და წვა საშინელი. კალამსაც ვერ იჭერს ხელში, ისე სტკივა.
კომენტარი ვთხოვეთ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელს გუგა ქაშიბაძეს. მან აღნიშნა, რომ კონკრეტულად მის პრაქტიკაში ტყლარწით დამწვრობის ეს პირველი შემთხვევაა. ბატონი გუგა ურჩევს მშობლებს, თავი შეიკავონ საეჭვო წარმოშობის სათამაშოების ყიდვისგან:
- ჩემი პატარა 2 წლის და 3 თვისაა, მირჩევნია ერთი სათამაშო ჰქონდეს და უსაფრთხო, ვიდრე ბევრი იაფიანი და საეჭვო წარმოშობის. ამასვე ვურჩევ სხვა მშობლებსაც, - ამბობს ბატონი გუგა.
სამწუხაროდ, სათამაშოების დიდი ნაწილი, რომელიც ბაზარზე თავისუფლად იყიდება, ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია - უმრავლესობა შეიცავს ტყვიას და ბევრ საშიშ ქიმიურ დანამატს, საშიშ საღებავებს და ა.შ. ტყლარწი ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მავნე "სათამაშოდ" დასახელდა სწორედ მისი შემადგენლობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ამ სათამაშოს დანიშნულება საკმაოდ დადებითია - ბავშვის ფსიქო-მოტორული კოორდინაციის განვითარებას ეხმარება, გონებას ამშვიდებს და სტრესს ხსნის. თუმცა სამწუხაროდ, იმ ტყლარწების დიდი ნაწილი, რაც ჩვენს ქვეყანაში შემოდის, უამრავ ქიმიურ დანამატს შეიცავს. არც ისე დიდი ხნის წინ, თბილისის მაღაზიებიდან ამოიღეს ტყლარწის თითქმის ყველა სახეობა, რადგან ისინი მომწამვლელი ნივთიერების - დარიშხანის დასაშვებზე 29-ჯერ მეტ დოზას შეიცავდა.
შემთხვევა, რომელზეც გიამბეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი პატარებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს სათამაშოები, რომლებითაც სავსეა ჩვენი ბაზარი და ამიტომაც ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ, ავწონ-დავწონოთ და შევამოწმოთ, სანამ ბავშვისთვის ახალ სათამაშოს შევიძენთ.
თამარ იაკობაშვილი