თუკი მაღაზიაში ნივთი გაგიტყდათ - უნდა გადაიხადოთ თუ არა მისი საფასური და როგორ უნდა დაიცვათ თავი
თუკი მაღაზიაში ნივთი გაგიტყდათ - უნდა გადაიხადოთ თუ არა მისი საფასური და როგორ უნდა დაიცვათ თავი
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მაღაზიაში უნებურად ნივთი დააზიანეთ? ასეთი შემთხვევები არცთუ იშვიათია, მითუმეტეს, თუ ბავშვთან ერთად ხართ. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ვრცელ განმარტებას აკეთებს, თუ
რა უნდა ვქნათ, თუკი მაღაზიის დახლზე განთავსებული ნივთი უნებლიედ გაგვიტყდა?

"მაღაზია თავად წყვეტს, თუ როგორ აწყობს ინტერიერს, რა მანძილითაა დაშორებული დახლები, როგორი დახრა აქვს თაროებს, სადაა განლაგებული მსხვრევადი ნივთები, რა მასალისაა იატაკი და რამდენად სრიალებს მისი ზედაპირი, რამდენად იოლია დახლებს შორის მოძრაობა და სხვა. თუმცა, უდავოა, მაღაზია იმგვარად უნდა იყოს მოწყობილი, რომ მომხმარებლის მხრიდან
ნივთის უნებლიედ დაზიანების რისკი მინიმუმამდე იყოს შემცირებული.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მომხმარებელზე/მყიდველზე ნივთის შემთხვევით გაფუჭების რისკი გადადის მხოლოდ მისი შეძენის შემდეგ; ანუ ნივთის შემთხვევით დაზიანების რისკი აწევს მაღაზიას, სანამ მას მომხმარებელი შეიძენს.

ამგვარად, უნდა გადაიხადოს თუ არა მომხმარებელმა მაღაზიაში გატეხილი ნივთის საფასური?

განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

შემთხვევა 1:

მომხმარებელი დახლებს შორის თავისუფლად დგას. ზედა თაროდან ნივთს იღებს, რათა უკეთ დაათვალიეროს, მაგრამ უეცრად ყურადღება ეფანტება, ნივთი უვარდება და ტყდება.

ცხადია, ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ნივთის საფასური ვინაიდან იგი მისი გაუფრთხილებლობით დაზიანდა.

შემთხვევა 2:

მაღაზიის შესასვლელში, დახლებს შორის განთავსებულია ახლადშემოტანილი პროდუქციის ყუთები, გასასვლელი იმდენად შემჭიდროვებულია
რომ გავლისას მომხმარებელი ძალაუნებურად მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციას ედება. ამ დროს, ერთ-ერთი ნივთი ვარდება და ტყდება.

ამ შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია იდავოს, რომ არაა ვალდებული ნივთის საფასური გადაიხადოს, ვინაიდან მაღაზიაში დარღვეულია უსაფრთხოების წესები, მომხმარებელს ეზღუდება თავისუფლად მოძრაობის საშუალება, რაც თავისთავად ზრდის ნივთების დაზიანების რისკს.

შემთხვევა 3:

მომხმარებელი პატარა ბავშვთან ერთადაა მაღაზიაში. სალაროსთან თანხის გადახდისას, უფროსისაგან შეუმჩნევლად ბავშვი დაბალ თაროზე განთავსებული სასმელებიდან შუშის ბოთლს იღებს და შემთხვევით უტყდება.

ამ შემთხვევაშიც შეუძლია მომხმარებელს ნივთის საფასურის გადახდაზე იდავოს, ობიექტზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა მაღაზიის პასუხისმგებლობაა. მან უნდა გათვალოს შესაძლო რისკები და მსხვრევადი ნივთები ბავშვებისთვის მიუწვდომელ სიმაღლეზე დააწყოს.

თუმცა, თუ ბავშვი მაღაზიაში დარბის და დახლს ეჯახება, ურტყამს დახლს, რის შედეგადაც ნივთი ვარდება, ან განზრახ აზიანებს პროდუქტს, ამ შემთხვევაში ბავშვი გამოდის ბრალეული და ნივთის საფასურის გადახდა მის კანონიერ წარმომადგენელს ეკისრება.

ასე რომ, პროდუქტის გატეხვაზე ან დაზიანებაზე პასუხისმგებლობა დამოკიდებულია შემთხვევის გარემოებებსა და გამომწვევ ფაქტორებზე.

თუკი ასეთი რამ შეგემთხვათ და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევთ, ერთადერთი გზა, რომლის მეშვეობითაც თანხის გადახდის ვალდებულება დაგეკისრებათ, არის სასამართლო. სავაჭრო ობიექტს მოუწევს თქვენს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს, დაამტკიცოს, რომ მის ობიექტზე ყველა უსაფრთხოების ნორმა დაცული იყო და ნივთის დაზიანებაში ბრალეული თქვენ ხართ. თუ სასამართლო თქვენს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებს, თქვენ კანონით იქნებით ვალდებული ნივთის საფასური გადაიხადოთ.

აღსანიშნავია, რომ თუკი ნივთის საფასური სრულად გადაიხადეთ, იგი თქვენს საკუთრებაში გადმოვა (თუ მხოლოდ დაზიანებულია და არ არის განადგურებული).

ნივთის დაზიანების შემდგომ, თუ სავაჭრო ობიექტის ადმინისტრაცია დაჟინებით მოითხოვს თქვენგან ნივთის საფასურის გადახდას, გირჩევთ საპატრულო პოლიცია გამოიძახოთ, რომელიც ვალდებულია შეადგინოს ოქმი, სადაც მომხდარს ასახავს და თქვენს პოზიციას დააფიქსირებს.

პოლიციის მოსვლამდე უმჯობესია გადაიღოთ ფოტო-ვიდეო მასალა, რაც დაგეხმარებათ თქვენი უდანაშაულობის დამტკიცებაში. მაგალითად, როგორაა პროდუქცია დახლებზე განთავსებული, სად მოხდა ნივთის დაზიანება და სხვა.

თუკი პოლიციას არ გამოიძახებთ, აუცილებლად მოითხოვეთ შედგეს საქონლის დაზიანების აქტი, სადაც თქვენ, როგორც მომხმარებელი, ნათლად დააფიქსირებთ თქვენს პოზიციას და ასახავთ, თუ რატომ არ ხართ მომხდარში ბრალეული და რატომ თვლით, რომ საფასურის გადახდის ვალდებულება არა გაქვთ.

აქტის შედგენისას შესაძლებელია მაღაზიის ადმინისტრაციამ პირადობის მოწმობა მოგთხოვოთ. გახსოვდეთ, რომ მოწმობის წარდგენა თქვენს ნებაზეა დამოკიდებული. მხოლოდ და მხოლოდ სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების წინაშე ხართ ვალდებული პირადობის მოწმობა წარადგინოთ.

ასევე, მაღაზიის ადმინისტრაციას ანდა მისი დაცვის სამსახურს არა აქვს უფლება, დაგაკაოთ. დაცვის მხრიდან მსგავსი ქმედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაა. თუკი თქვენი პირადობის მოწმობის დატოვება მოგთხოვეს ან თავისუფლად გადაადგილება შეგიზღუდეს, თამამად შეგიძლიათ გამოიძახოთ პოლიცია და ფაქტის შესახებ აცნობოთ.
7281
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
გიორგი
0
ზოგ მაღაზიაში გვერდულადაც ჭირს დახლებს შორის გასვლა, ძნელია, რამეს რომ არ გაედო. ზოგი ვირეშმაკა მენეჯერი კი ჩაწოლილ საქონელს განზრახ დებს ისე, გატეხვა–დაზიანების რისკი რომ გაზარდოს მომხმარებლისგან. მინახავს ასეთებიც. ობიექტურობისთვის ისიც მინახავს, ბავშვი რომ დაქრის მუსტანგივით დახლებს შორის და მშობელს კიდია.
20:41 / 30-04-2020
ლალუკა
1
კარფურსი იდო ვაზა, რომელსაც ხელისმოსაკიდებელი ქონდა, ავიღე და თურმე შურუპით მაგრდებოდა უკანა მხრიდან, რომელიც არ იყო დამაგრებული. არც გადავიხადე. თუკი აწყობილი უნდა იდოს დახლზე კეთილი ინენე და დაამაგრე.
19:58 / 30-04-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი