დღეს ისეთი დროა, ხუთიდან ერთი დედა თუ მისცემს თავს უფლებას, რომ არ იმუშაოს დღეს ისეთი დროა, ხუთიდან ერთი დედა თუ მისცემს თავს უფლებას, რომ არ იმუშაოს (არჩევანს ვგულისხმობთ და არა იძულებით უმუშევრობას) და მთლიანად მიუძღვნას თავი შვილებს. დანარჩენებს ბავშვების აღზრდაში ბებიები ეხმარებიან - შეუცვლელი შემწეები, რომლებიც მზად არიან, საკუთარ თავზე აიღონ საყვარელი შვილიშვილების მოვლა-პატრონობა. ბოლოს ისეც ხდება, ბავშვი ბებოს დედას ეძახის და მის გარეშე აღარც ჭამა უნდა და აღარც დაძინება. ნაწყენ დედებს კი ეჭვიანობის გრძნობა უჩნდებათ.
გეჩვენებათ, რომ ბავშვს ბებო თქვენზე მეტად უყვარს? ბებოს მეტი გავლენა და ავტორიტეტი აქვს, ვიდრე თქვენ? რას იზამთ - ასეთებიც ხდება და თქვენი ეჭვიანობაც გასაგებია, თუმცა ამის მიზეზები მხოლოდ თქვენშია და თქვენვე შგიძლიათ ვითარების გამოსწორება.
ყველაზე გავრცელებული მიზეზი
არა მარტო მამაები, ბოლო დროს დედებიც ვეღარ იცლიან საკუთარი შვილებისთვის სამსახურის საქმეების გამო. მათ ვერ გაამტყუნებ - ოჯახს და ბავშვებს მატერიალური უზრულველყოფა სჭირდება. თუ ბავშვი მთელ დღეს ბებოსთან ატარებს და როცა შინ მოდიხართ, მალევე იძინებს, გასაკვირი არ არის, მართლა გადაგეჩვიოთ. ამიტომ თუ ეს პრობლემა გაწუხებთ, გადააწყვეთ თქვენი დღის რეჟიმი და წინასაწარ დაგეგმეთ დრო, რომელსაც მხოლოდ შვილთან გაატარებთ. ბებომ კი ხელი იმაში შეგიწყოთ, რომ თქვენი თავისუფალი დრო შვილის გარდა სხვა ოჯახურ საქმეებზე აღარ დაიხარჯოს.
მიზეზი 2: აღზრდის მიმართ განსხვავებული მიდგომა
ბავშვს თქვენთან ყოფნას ბებოს გვერდით ყოფნა ურჩევნია. მიზეზი მარტივია - ბებო ანებივრებს და მისი "დაჩაგვრის" უფლებას არავის აძლევს. მაგალითად, ნებას რთავს "რამდენიც გაუხარდება" იმდენი ტკბილეული ჭამოს, შუა დღემდე ეძინოს ან პირიქით, შუაღამისას დაიძინოს. ბუნებრივია, მისთვის ბებოსთან გატარებული დრო ნამდვილი დღესასწაულია. ამ დროს ბებო შეიძლება მიზანმიმართულად სულაც არ ანებივრებდეს ბავშვს, უბრალოდ ასე გამოდის. დედას ხომ დედის გული აქვს, ბებოს - დედის და ბებოსი ერთად. ბებიებს მეტი რესურსი აქვთ, რომ სიყვარული გამოხატონ, გადამეტებულიც კი. მათი გული და გონება, დედებისგან განსხვავებით, აღარ არის გადართული დიდ გეგმებზე, ცხოვრებისეულ მიზნებზე. ეს "გამოთავისუფლებული" ენერგია შეუძლიათ მთლიანად შვილიშვილებს "მოახმარონ". ბებოს ეჩვენება, რომ მეტისმეტად მკაცრი ხართ ან ნაკლებად ყურადღებიანი. სიცივეში საკმარისად არ "ფუთავთ" ბავშვს, სიცხეში კი წუწაობის უფლებას აძლევთ და შეიძლება გააციოთ... ასეთი საყვედურების მოსმენა ხშირად მოგიწევთ, თუმცა ეცადეთ გააგებინოთ - რა შეიძლება თქვენი შვილისთვის და რა ეკრძალება - მშობლის გადასაწყვეტია. ნუ მოდუნდებით. რაკი მთელი დღე ბავშვი ბებოსთანაა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ხელი უნდა აიღოთ მის აღზრდაზე და თქვენი პრინციპები არ უნდა გაატაროთ.
ეჭვიანობის კიდევ ერთი მიზეზი
ეს არის ეჭვიანობა არა შვილის, არამედ საკუთარი დედის მიმართ. კარგად გახსოვთ, რომ თქვენს მიმართ ასეთი დამთმობი და ალერსიანი არ ყოფილა. თქვენს ახირებებს ასე ხალისით არ ასრულებდა, ამიტომ ცოტა არ იყოს, გწყინთ მისი თავდადება შვილიშვილისადმი. თუ თქვენს შემთხვევაში ასეა, გაიხსენეთ: პირველი შვილი თქვენი ბოლო თოჯინაა, შვილიშვილი კი - პირველი შვილი. თუ ამის გაგებას ეცდებით, მიხვდებით, რატომ არიან ბებიები ასეთი გულითადები და შვილიშვილებზე "ზედ გადაყოლილები". ბოლოს და ბოლოს, რატომ იტანჯავთ თავს ეჭვიანობით? უნდა გიხაროდეთ, რომ დღის განმავლობაში უდედოდ დარჩენილ პატარას ასეთი მოსიყვარულე პატრონი ჰყავს.
რამდენიმე რჩევა:
1. რაც არ უნდა მოსიყვარულე ბებო ჰყავდეს და რამდენ დროსაც არ უნდა ატარებდეს მასთან, ის დედას ვერ შეუცვლის. მშობლები ნებისმიერი ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანნი არიან და ამ მოცემულობას ვერ შეცვლით.
2. არ არის საჭირო ბავშვს გამუდმებით უმეოროთ: "ბებიაშენი განებებს? მე - გიკრძალავ". ამით ავტორიტეტს ვერ აიმაღლებთ, მხოლოდ დაძაბულობას და უსიამოვნებას გაზრდით. ბებომ თავის დროზე თქვენ ან თქვენი ქმარი თუ გაგზარდათ, შვილიშვილს რატომ ვერ გაზრდის?
3. ზედმეტ მოთხოვნებსაც ნუ წაუყენებთ ბებიებს - ისინი პროფესიონალი ძიძები არ არიან, რომ ბაშვისგან თქვენთვის სასურველი თვისებებით შემკული არსება გამოძერწონ (ზრდილობიანი, დამჯერი, წყნარი). წვრილმანებზე თვალის დახუჭვა თქვენც მოგიწევთ. ხოლო თუ მართლაც ცუდ გავლენას ახდენს ბებოსთან გატარებული დრო, მაშინ ეს პერიოდი რამენაირად უნდა შეზღუდოთ. იქნებ ბებო მიხვდეს, რომ რაღაცაში მართალი არ იყო.
ასევე იხილეთ: რა როლი ეკისრებათ ბებიებს ოჯახში და ხომ არ ამეტებენ ამ როლს?