"ჰგონიათ, რომ ბავშვს ძუძუ არ ჰყოფნის ან რძე ცხიმიანი არაა, სინამდვილეში ახალბედა დედებმა ეს ინფორმაცია არ იციან..." - ქართველი ლაქტივისტის პასუხები მითებზე, რომელიც ძუძუს რძეს უკავშირდება - მშობლები

"ჰგონიათ, რომ ბავშვს ძუძუ არ ჰყოფნის ან რძე ცხიმიანი არაა, სინამდვილეში ახალბედა დედებმა ეს ინფორმაცია არ იციან..." - ქართველი ლაქტივისტის პასუხები მითებზე, რომელიც ძუძუს რძეს უკავშირდება

2020-07-04 17:10:47+04:00

ლაქტაციის პროცესს ბევრი მითი ახლავს თან და ხშირად არასწორი დამოკიდებულებები ახალბედა დედებისთვის დამატებითი სტრესი და გამოწვევაა. ბევრი მათგანის არჩევანი, რომ კვებონ შვილები ძუძუთი, ზოგჯერ უგულებელყოფილია სამშობიაროშივე, სხვადასხვა არგუმენტით. რეალურად, რა მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის და დედისთვის ძუძუთი კვებას, რით განსხვავდება ის ხელოვნური საკვებისგან და რა უნდა იცოდნენ ახალბედა დედებმა. ამ საკითხებზე ჟურნალისტი, ბლოგერი, ძუძუთი კვების მხარდამჭერი აქტივისტი (ლაქტივისტი), ლაქტაციის კონსულტანტი, შორენა ლაღაძე გვესაუბრება. ის ასევე გვიყვება, როგორ გახდა ლაქტივისტი:

mshoblebi

- ლაქტივისტი არის ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს და ავრცელებს ცოდნას ბუნებრივი კვების შესახებ. ლაქტივისტები ბევრ განვითარებულ ქვეყანაში აქტიურად ავრცელებენ ინფრომაციას ძუძუთი კვების შესახებ. იმ ქვეყნებში, რეალურად ბუნებრივ კვებას მხარდაჭერა არც სჭირდება, რადგან დედებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუ რა არის საუკეთესო მათი შვილებისათვის. სამწუხაროდ, ჩვენთან ყველაფერი პირიქითაა. ხელოვნური კვების მწარმოებელი ბრენდები, მიუხედავად რეკლამის შემზღუდავი კანონებისა, წლიურად მილიარდებს ხარჯავენ იმაში, რომ მათი კვება აქტიურად გაიყიდოს. რეკლამა და ბუნებრივი კვების "შავი" პიარი ყველაზე კარგად ჩვენი ქვეყნის მსგავს, გავნითარებად საზოგადოებებში მუშაობს, სადაც უამრავი ქალი არის სხვადასხვა მითის მსხვერპლი ძუძუთი კვების შესახებ. საუბრის დასაწყისშივე ვიტყვი - თუ რას აჭმევს დედა ბავშვს, ეს დედის გადასაწყვეტია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ დედამ, ზრდასრულმა და დამოუკიდებელმა ქალმა, თავად აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ გაცნობიერებულ არჩევანზე.

როდესაც ჩემი შვილი დაიბადა, გადაწყვეტილი მქონდა, რომ აუცილებლად ბუნებრივად უნდა გამომეკვება. ორსულობის დროს ვაგროვებდი ინფორმაციას ბუნებრივი კვების შესახებ. ძუძუთი კვებას, ისევე როგორც მაგალითად, მათემატიკას გაწერილი, შემუშავებული წესები აქვს. ამ წესების დაცვის გარეშე ლაქტაციის პროცესი არ იქნება წარმატებული. ჩემი შვილი რომ დაიბადა აღმოვაჩინე, რომ ქართველი ქალების უმეტესობას არ ჰქონდა ინფორმაცია ამ წესების შესახებ. ამაში დამნაშავენი თავად ქალები არ არიან. ძირითადად ისინი ხდებიან სხვადასხვა დეზინფორმაციის ან მითის მსხვერპლნი, რომლებსაც მათი მეზობლები, ნათესავები, არაკომპეტენტური ექიმები ან სხვადასხვა საიტი ახვევს თავს. მითები ადვილად ვრცელდება. როდესაც ქალს არ აქვს ფუნდამენტალური ინფორმაცია, ცოდნა ამა თუ იმ საკითხზე, ძალიან იოლია დაიჯეროს, რომ თითქოს მისი რძე უცხიმოა, არადა მისი პრობლემა სხვა რაიმეში მდგომარეობს. ლაქტივისტობა და მეძუძური ქალების მხარდაჭერა სწორედ ამ მითების გამო გადავწყვიტე. იმისათვის, რომ ბუნებრივ კვებაზე უფრო მეტი ინფორმაცია მქონოდა, გავიარე ლაქტაციის კონსულტანტის ტრენინგ კურსი, რომელსაც მსურველებს ონლაინ სტენფორდის უნივერსიტეტი სთავაზობს. ზემოთ ვახსენე, რომ ყველა დედას აქვს უფლება, აჭამოს შვილს ის, რაც თავად უნდა, მაგრამ ამავდროულად ყველა ბავშვის ფუნდამენტალური უფლებაა, მიიღოს საუკეთესო საკვები, რომელიც მას ბუნებამ მილიარდობით წლის წინ, ევოლუციის პროცესში აჩუქა.

- რამდენად მნიშვნელოვანია დედის რძე ბავშვისთვის და რა სასარგებლო ნივთიერებებს იღებს ის ამ გზით. ასევე, რომ განვუმარტოთ მკითხველს, რით განსხვავდება ხელოვნური საკვებისგან?

- დედის რძე ბავშვისათვის არის საუკეთესო საკვები. მსოფლიოს წამყვანი ბრენდები, რომლებიც აწარმოებენ ხელოვნურ საკვებს აღაიარებენ, რომ ვერასოდეს დაამზადებენ დედის რძესთან მიახლოებულ კვებას. მითს იმის შესახებ, რომ დედის რძე ბავშვს წყენს, ალბათ მხოლოდ საქართველოში გაიგებთ (შეიძლება სხვაგანაც, მაგრამ მე ჩემი ქვეყნის პრობლემები მაწუხებს და სხვისი სტატისტიკა ნამდვილად არაფრისმომცემია). შემადგენლობის მხრივ რომ განვიხილოთ, ალბათ უფრო ნათელი იქნება ყველაფერი. დედის რძე ცოცხალი საკვებია, მუდმივად იცვლება, ყველა კვების დროს. იმის მტკიცებას, რომ დედის რძე შეუცვლელია, არ დავიწყებ. ძალიან გაცვეთილი ფრაზაა და ხშირად გაუაზრებლად ისმენენ. ამიტომ, კონკრეტულად ჩამოვთვლი, თუ რა შედის დედის რძეში და რა არ შედის ფორმულაში.

დედის რძე შეიცავს მილიონობით ცოცხალ უჯრედს. ესენია: იმუნური უჯრედები, სისხლის თეთრი უჯრედები, ღეროვანი უჯრედები, რაც ხელს უწყობს ბავშვის შინაგანი ორგანოების განვითარებას და გაძლიერებას. სისხლის თეთრი უჯრედები და ღეროვანი უჯრედები მზადდება დედის სისხლში და იქედან გადადის რძეში. ეს უჯრედები არც ერთ ფორმულაში ცოცხალი სახით არაა.

1000-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ცილა, რომელიც ეხმარება თქვენს პატარას ზრდასა და განვითარებაში, ააქტიურებს მის იმუნურ სისტემას და ავითარებს და იცავს ნეირონებს თავის ტვინში. ცილები არის ხელოვნურ საკვებში, თუმცა ლაბორატორიაში, ხელოვნურადაა გამოყვანილი და არა იმდენი, რამდენიც დედის რძეში, რადგან ცოცხალი ცილები ფორმულაში ვერ მოთავსდებოდა.

დედის რძის ცილის შემადგენლობაში შედის ამინომჟავები. თქვენს რძეში ეს ნაერთები 20-ზე მეტი სახეობისაა. ზოგი მათგანი, რომელსაც ნუკლეოტიდები ჰქვია, ღამით მატულობს და მეცნიერები ფიქრობენ, რომ შესაძლოა ბავშვის მშვიდი ძილის მიზეზი სწორედ ისინია.

200-ზე მეტი სახეობის, ქიმიურად რთული შემადგენლობის შაქარი, იგივე ოლიგოსაქარიდები. რომლებიც მოქმედებენ როგორც პრებიოტიკები, რომლებიც ავრცელებენ "კარგ, მეგობარ ბაქტერიებს" თქვენი ბავშვის ნაწლავში. ეს ბაქტერიები აუცილებელია კუჭნაწლავის სისტემის ჩამოყალიბებულად მუშაობისათვის და მომნელებელი სისტემის მშენებლობისათვის. ფორმულაში ოლიგოსაქაროიდების ძალიან მცირე რაოდენობაა. დედის რძეში არსებული ეს ნივთიერებები ასევე ხელს უშლის ვირუსებს და ბაქტერიებს ბავშვის სისხლში მოხვედრაში და ამცირებენ თავის ტვინის ანთების რისკს.

დედის რძეში შედის 40-ზე მეტი ფერმენტი. ფერმენტები არის კატალიზატორები, რომლებიც აჩქარებენ ქიმიურ რეაქციებს სხეულში. მათ ევალებათ ისეთი საქმეები, როგორიცაა თქვენი ბავშვის საჭმლის მონელებასა და იმუნური სისტემის გაძლიერება, ასევე ეხმარებიან ბავშვს რკინის ათვისებაში. ეს ნივთიერებები ფორმულაში ძალიან მცირეა.

ზრდის ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვის სწრაფ ფიზიკურ განვითარებას და ხშირად ცვლიან გენეტიკას. ზრდის ფაქტორები ფორმულაში არაა.

ჰორმონები - თქვენი რძე შეიცავს ბევრ მათგანს! ეს ჭკვიანი ქიმიკატები აგზავნიან შეტყობინებებს ქსოვილებსა და ორგანოებს შორის, რათა მათ სწორად იმოქმედონ. ზოგი დახმარებას უწევს თქვენი ბავშვის მადის და ძილის რეგულირებას და დედასა და შვილს შორის ემოციურ კავშირსაც კი უწყობს ხელს. ჰორმონები ძირითადად არ არის ფორმულაში. დედის რძეში კი ზუსტად ისეთი ჰორმონებია, როგორიც კონკრეტულ მომენტში სჭირდება კონკრეტულ ბავშვს.

ვიტამინები და მინერალები - ნუტრიენტები, რომლებიც ხელს უწყობენ ჯანმრთელ ზრდას და ორგანოთა მუშაობას, ასევე ხელს უწყობენ თქვენი ბავშვის კბილებისა და ძვლების მშენებლობას. ფორმულაში შედის ზუსტად ის ვიტამინები და მინერალები რაც დედის რძეში. არც მეტი და არც ნაკლები.

ანტისხეულები, ასევე ცნობილია იმუნოგლობულინები. არსებობს ანტისხეულების ხუთი ძირითადი ფორმა და ყველა მათგანი შეგიძლიათ ნახოთ თქვენს რძეში. ისინი იცავს თქვენს პატარას დაავადებებისგან და ინფექციებისგან ბაქტერიების და ვირუსების განეიტრალებით. ფორმულაში შედის იმუნოგლობულინები , თუმცა ძალიან, ძალიან მცირე რაოდენობით. დედის რძეში ისინი ძალიან ბევრია და ამავდროულად ცოცხალი სახით.

შეიძლება გსმენიათ ცხიმოვანი მჟავების შესახებ, რადგან ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თქვენი ბავშვის ნერვული სისტემის მშენებლობაში, ასევე ხელს უწყობენ ტვინისა და თვალების ჯანმრთელ განვითარებას. ისინი დედის რძეში უფრო მეტია, ვიდრე ფორმულაში. ფორმულაში ისინი ძალიან მცირეა.

RNA და DNA უჯრედები ,რომლებიც ატარებენ დედის გენებს და გადააქვთ ისინი შვილის ორგანიზმში, ასევე ხელს უშლიან დაავადების განვითარებას ან უკვე ორგანიზმში არსებული დაავადებების შეჩერებას, მხარს უჭერს თქვენი ბავშვის იმუნურ სისტემას. ცოცხალი RNA და DNA უჯრედები ფორმულაში არ არის, რადგან შეუძლებელია შეიქმნას ყველა ბავშვის დედის იდენტური უჯრედი თითეული შეფუთვისათვის. ეს რომ მოხდეს მაშინ მწარმოებლებმა ყველა დაბადებული ბავშვისათვის ცალკე უნდა შექმნან ინდივიდუალური ფორმულა. ამ უჯრედების არსებობა დედის რძეში ნიშნავს იმას, რომ ყველა ბავშვის ორგანიზმში, რომელიც ძუძუთი იკვებება დედისგან გადადის გენები, დედის სხეულის უჯრედების ნაწილი ძუძუთი კვების დროს

მიუხედავად იმისა, რომ ეს გრძელი ჩამონათვალია, ჩამოთვლილი ნივთიერებები დედის რძეში შემავალი მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტია და მეცნიერები კიდევ უფრო მეტის აღმოჩენის პროცესში არიან. რადგან დედის რძე ისეთივე ცოცხალი ორგანიზმია, როგორც ადამიანი, მას შეუძლია სხვადასხვა დროს წარმოქმნას ბავშვისთვის საჭირო ბევრი სხვა ნივთიერება.

აღსანიშნავია, რომ ამ ინგრედიენტების რაოდენობა რძეში დროთა განმავლობაში შეიძლება იმატებდეს ან იკლებდეს, თქვენი ბავშვის ასაკისა და მოთხოვნიდან გამომდინარე.

კოლოსტუმი (ხსენი) არის ახალშობილის პირველი საკვები, ის წარმოქმნას იწყებს სარძევე ჯირკვალში ორსულობის ბოლო თვეებში. კოლოსტრუმი არის ყვითელი, ბლანტი სითხე. ის ადვილად მოსანელებელია და ძალიან მნიშვნელოვანია მასში შემავალი ანტისხეულებითა და იმუნიტეტის გამაძლიერებელი ნივთიერებებით. კოლოსტრუმი შეიცავს მწიფე რძესთან შედარებით მეტ პროტეინს, მაგ. ანტისხეულებს, ნაკლებ ცხიმს და ნაკლებ შაქარს. ის ასევე შეიცავს მინერალებს, ვიტამინებს, როგორიცაა ვიტამინი A, E, ვიტამინებს B კომპლექსიდან და ბევრ იმუნოგლობულინს. კოლოსტრუმი მონაწილეობს ნაწლავების პირველი, მომწვანო-მოშავო განავლისგან (მეკონიუმი) გაწმენდაში, რომელიც დაბადებამდე დაგროვდა ახალშობილის ნაწლავში. კოლოსტრუმი იცავს ბავშვს არასასურველი მიკროორგანიზმებისგან. რაც უფრო ხშირად მიისვამთ ახალშობილს ძუძუზე და გამოვკვებავთ, მით უფრო სწრაფად წარმოიქმნება გარდამავალი რძე. მწიფე რძის წარმოქმნას ჭირდება მშობიარობიდან დაახლოებით 2 კვირა.

მეორე ეტაპი

გარდამავალი რძე

გარდამავალი რძზე არის თხელი და დაჰკრავს მოლურჯ-მოთეთრო ელფერი. ის შეიცავს უფრო ნაკლებ ცილას, უფრო მეტ ცხიმსა და ნახშირწყალს.

მესამე ეტაპი

მწიფე რძე

მწიფე რძე არის თეთრი ან მოლურჯ-მოთეთრო სითხე. ის ძალიან მდიდარია ცილებით (დაახ.1,2 %), წყლით, უჯერი ცხიმოვანი მჟავებით და ფოლიუმის მჟავით. მწიფე რძის გამჭვირვალე, პირველი ნაწილი კლავს წყურვილს, ხოლო ცხიმებით და პროტეინებით მდიდარი , მეორე ნაწილი ანაყრებს ბავშვს. ბავშვისათვის მეორე ნაწილის ანუ ე.წ. უკანა რძის გამოწოვა პირველ ეტაპზე საკმაოდ რთულია, რადგანაც ის სქელი და ცხიმიანია და წარმოიქმნება მკერდის უკანა ჯირკვლებში. ამასთანავე, თუ თუ დედას აქვს საკმაოზე მეტი რძე, ჩვილის კუჭი ივსება და იგი თითქოსდა ნაყრდება პირველი ნაწილით, რომელიც არაა ცხიმიანი. გაითვალისწინეთ_ თუ თქვენმა პატარამ სათანადოდ ვერ დაცალა მკერდი, შეეცადეთ გამოიწველოთ უკანა რძე და მისცეთ ჩვილს იგი კოვზით, რათა მიიღოს დედის რძის ცხიმიანი ნაწილი, რომელიც ”პასუხისმგებელია” მის წონის მატებაზე.

ახალბედა დედებმა ხშირად არ იციან ეს ინფორმაცია, სწორედ ამიტომ ხალხში გავრცელებულია მითები რძის ნოყიერებასთან დაკავშირებით. დედის რძე ყველა შემთხვევაში ნოყიერია, თუ დედა იკვებება ბალანსირებულად.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჩვილი ვერ იმატებს წონაში ან ვერ ნაყრდება სათანადოდ არის ის, რომ პატარა ვერ ახერხებს უკანა რძის გამოწოვას!

წყალი

დედის მწიფე რძე შეიცავს 87 % წყალს, რომელშიც გახსნილია ყველა დანარჩენი ნივთიერება. ამით კლავს დედის რძე წყურვილს. ძუძუთი კვების დასაწყისში, დედის რძე არის გამჭირვალე, მოგვიანებით ის შეიცავს უფრო მეტ ცხიმს. ამის გამო ბავშვმა დაწყებული ძუძუთი მანამ უნდა იკვებოს, სანამ ის არ დანაყრდება. როდესაც ბავშვი ხანმოკლედ წოვს ძუძუს, ის ამით იკლავს მხოლოდ წყურვილს. სიცხეების დროს გირჩევთ ბაშვი ხშირ-ხშირად მიისვათ ძუძუზე, რათა მან საკმარისი სითხე მიიღოს. არ გირჩევთ დამატებით ჩაის ან სხვა სასმელების მიცემას, რადგან ეს ხელს უშლის ძუძუთი კვების ნორმალურ რითმს.

mshoblebi

- თავად ეს პროცესი რამდენად მნიშვნელოვანია ქალისთვის?

- დედისათვის ლაქტაციის პროცესი თითქმის ისეთივე მნიშვნელობის მატარებელია, როგორც შვილისათვის. ქალის სხეული ორსულობის 9 თვის მანძილზე ემზადება ძუძუთი კვებისათვის. ადამიანი, ბიოლოგიური თვალსაზრისით, ძუძუმწოვართა უმაღლესი კლასის წარმომადგენელია, რაც ნიშნავს იმას რომ დედამიწაზე მისი არსებობის დაწყებიდან დღემდე ის თავის ნაშიერს ძუძუს აწოვებდა. ადამიანებში, სხვა სახეობებისაგან განსხვავებით, ძუძუთი კვების პროცესი 4 წლის მანძილზე სტაბილურად მიმდინარეობს და ეხმარება დედის მკერდს, საშვილოსნოს გაწმენდასა და ფორმაში მოსვლაში. ძუძუთი კვება გულისხმობს უზარმაზარ პასუხისმგებლობას დედის მხრიდან და წარმოადგენს ორი ორგანიზმის, დედისა და ჩვილის, ძალიან რთულ ურთიერთქმედებას. ჩვილი იღიმის და ღუღუნებს - დედა გრძნობს სიყვარულის, სითბოს, მზრუნველობის მოზღვავებას და ამ დროს მის ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც ხელს უწყობს რძის გამოყოფას. ჩვილი ავადაა - იწყება გაცვლითი პროცესი მის ნერწყვსა და დედის დვრილების რეცეპტორებს შორის და რამდენიმე საათში დედის რძე გამდიდრდება იმუნური სხეულებით, რომლებიც ბავშვის ორგანიზმს დაავადებასთან ბრძოლაში ეხმარება.

დედის რძის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების დათვლა წარმოუდგენელია. მათი რიცხვი დაახლოებით 400-500-ს აღწევს. ამასთან, დედის რძის შემადგენლობა განუწყვეტლივ იცვლება - არათუ დღე-ღამეში, არამედ კვებიდან კვებამდეც კი. გაირკვა, რომ იმ ქალების რძე, რომლებიც ჩვილებს ძუძუს კი არ აწოვებენ, არამედ ბოთლიდან ასმევენ გამოწველილ რძეს, შემადგენლობით უფრო ღარიბია. ამის მიზეზი კი დედა-შვილს შორის ცოცხალი ურთიერთობის არარსებობაა. ქალის რძე კარდინალურად განსხვავდება ძროხისა თუ თხის რძისგან. ამ განსხვავების უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ, რომ ქალის რძე ბავშვისთვის, მისი ზრდა-განვითარების, ორგანოებისა და სისტემების სრულყოფილად ჩამოყალიბებისთვის არის საჭირო. ბავშვი სუსტი და მოუმწიფებელი იბადება, მასზე ბევრი არასასურველი გარეგანი ფაქტორი მოქმედებს. დედის რძე ბევრ დამცავ ნივთიერებას შეიცავს. სიცოცხლის პირველ წელს ყველაზე აქტიურად ვითარდება ნერვული სისტემა, ამიტომ დედის რძის შემადგენლობაში ჭარბობს ზრდის ფაქტორები და ცხიმოვანი მჟავები. ხბო და თიკანი ბიოლოგიურად განსხვავებული არსებები არიან, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია კუნთოვანი მასის განვითარება და ძროხისა და თხის რძის შემადგენლობაც ამას უზრუნველყოფს.

- რა უნდა ქნან მათ, ვისაც რძე არ აქვთ ან ცოტა აქვთ, ამის გამო ბევრს ღელავენ და ხანდახან წნეხის ქვეშაც არიან. რამდენად მნიშვნელოვანი პრობლემაა ეს და რამდენად ხშირად აწუხებთ ქალებს?

- მსოფლიოს მაშტაბით რძე ქალების მხოლოდ 1%-ს არ აქვს საერთოდ. ამის მიზეზი მკერდის სადინრების ბიოლოგიური განუვითარებლობაა. ამ სტატისტიკის მიხედვით, ერთ პროცენტში ალბათ 1 ქართველი ქალი თუ მოხვდება, შეიძლება - არც. ქალების 99%-ს აქვს საკმარისი რძე, რომ გამოკვებოს ჩვილი, მაგრამ ამასთანავე არსებობს რძის ნაკლებობის ორი ტიპი - ფიზიოლოგიური, როდესაც ქალს აქვს საკმაოდ რთული ჰორმონალური დარღვევა და ეს დარღვევა საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას და მეორე - ფსიქოლოგიური, როდესაც ქალს არ აქვს სურვილი კვებოს ჩვილი ან არ ანიჭებს ეს პროცესი ბედნიერებას. ამ შემთხვევაში პრობლემა უმარტივესად მოგვარებადია ფსიქოლოგთან კონსულტაციით. მთავარია ქალის სურვილი და "კეთილიმსურველების" მოსაზრებების გაფილტვრა. ქალებს ვურჩევდი გაითვალისწინონ, რომ თავიდან ლაქტაცია მართლა სტრესული ფაქტორია. ახალშობილი ხშირად ტირის, თუმცა ტირილი უიშვიათესად უკავშირდება შიმშილს. ბავშვები ამ ასაკში ძირითადად დედასთან ყოფნის სურვილის გამო ტირიან. დედა და ძუძუ კი დაახლოებით 4 თვემდე მათთვის ერთი და იგივე ობიექტია. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დედებისათვის მიცემული რჩევების ალბათ 99% ეყრდნობა ადამიანების დაკვირვებას ლაქტაციის პროცესის მიმდინარეობაზე ცხოველებში. მაგალითად, ძროხებსა და ცხვრებში მართლაც შეინიშნება რძის ნაკლებობა, ცხიმიანი და უცხიმო რძე - ადამიანებში მსგავსი ფენომენი არ არსებობს. ქალის რძე ზუსტად იმდენია, რამდენსაც ბავშვი წოვს და თუ ბავშვს სისტემატურად ამყოფებენ შერეულ კვებაზე, არ აწოვებენ ძუძუს ურეჟიმოდ, უმატებენ წყალს ან ჩაის, რძე მართლაც მალე შრება. ამ ფაქტის შემდეგ ქალები ხშირად ამბობენ, რომ არ ჰქონდათ საკმარისი რძე. რეალურად, მათ არ აცადეს სარძევე ჯირკვალს ნორმალური ფუნქციონირება. იმისათვის, რომ რძე გამომუშავდეს, ტვინმა უნდა მიიღოს სათანადო სიგნალი "რძე საჭიროა". ამ სიგნალის მიცემა მხოლოდ წოვას, ბავშვის ტუჩის დედის დვრილზე შეხებას შეუძლია. ხელოვნური საკვებით დანაყრებული, ბოთლიდან ადვილად გამოწოვილი რძით განებივრებული ბავშვი დედის რძისათვის თავის დაღლის მსურველი იშვიათადაა, მკერდს საწოვარადღა იყენებს, ტვინამდე მიდის სიგნალი "რძე არაა საჭირო" და რძეც შრება.

- რა არის ხოლმე მიზეზი რძის არქონის?

- რძის არქონის მიზეზზე - სადინარის განუვითარებლობაზე ზემოთაც ვისაუბრე. ყველაზე გავრცელებული მიზეზი უკვე არსებული რძის გაშრობის კი არასწორი მოჭიდება და ბავშვისათვის ზედმეტი სითხის დამატებაა. მოჭიდება, ბავშვისათვის ძუძუს სწორად მიცემა წარმატებული ლაქტაციის ნომერი პირველი საიდუმლოა. ამის შესახებ დედებს ინფორმაცია იშვიათად აქვთ. არც სამშობიარო სახლებში ასწავლიან, არც შინ და არც პედიატრიულ კლინიკებში. თუ ბავშვს ძუძუ არ უდევს სწორად, ის ვერ დაცლის მკერდს ბოლომდე, შესაბამისად, მეტი რძე დაუცლელ მკერდში ვერ ჩადგება. ამ პრინციპით რძე ნელ-ნელა ცოტავდება და მერე ბოლომდე შრება. რძეს ასევე აშრობს ხელოვნური კვების დამატება. ფორმულით დანაყრებული ბავშვი იმისათვის, რომ ქიმიურად შექმნილი მძიმე მასა მოინელოს დიდი ხნით იძინებს, ძუძუს იშვიათად ითხოვს, მონოტონურად წოვს და რძეც ნელ-ნელა შრება. სამწუხაროა, რომ ამ ფაქტორებზე საქართველოში დედას იშვიათად ესაუბრებიან. ძიირთადად ძალიან მაღალკვალიფიციური, კერძო პედიატრები. ლაქტაციის ეს ელემენტარული წესები კაცობრიობამ დიდი ხანია იცის ,მაგრამ ექიმების უმეტესობას საბჭოთა განათლება აქვს. იმ პერიოდში, იმ სისტემაში მსგავსი კვლევები არ არსებობდა, არ შემოდიოდა ინფორმაცია დასავლური, განვითარებული ქვეყნებიდან. ახლა კი 21-ე საუკუნეში ყველა დაინტერესებულ პირს, განსაკუთრებით კი პედიატრებს, შეუძლია გაეცნოს თანამედროვე, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ კვლევებს და ვალდებულებიც კი არიან ეს გააკეთონ.

- რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ახდენს გავლენას იმაზე, რომ დედას რძე მართლა ჰქონდეს და ასევე, ფსიქოლოგიურად, რა გავლენას ახდენს ქალზე ის ფაქტი, რომ შვილს საკუთარი რძით ვერ კვებავს? რა უნდა გაითვალისწინოს პრობლემის მოსაგვარებლად?

- როგორც ზემოთ აღვნიშნე, რძის რაოდენობის გაზრდის ორადორი ხერხი არსებობს - სწორი მოჭიდება და ძუძუზე ბავშვის ხშირი მისმა. ამის გარეშე არაფერი გამოვა. ლაქტაციის დროს მკერდის მასაჟი იმ ტიპით, რა ტიპის მასაჟებიც ჩვენს ქვეყანაშია ცნობილი, არ არის დაშვებული. მასაჟის ნაცვლად შეიძლება მკერდის გამოტუმბვა მძლავრი ელექტროსაწველით. ეს განსაკუთრებით ეხება მასტიტებსა და ლაქტოსტაზებს. რძის რაოდენობის გაზრდისათვის ასევე მნიშვნელოვანია დედა იყოს ფსიქოლოგიურად მშვიდად, მასზე არ ახდენდნენ ზეწოლას და არ მიუთუთებდნენ იმაზე, რომ ბავშვი შიმშილისაგან ტირის, იმიტომ რომ როგორც აღვნიშნე, ბავშვები შიმშილისგანა იშვიათად ტირიან, ძირითადად მაშინ, როდესაც ძუძუს ვერ ცლიან ბოლომდე და უკანა რძეს ვერ ჭამენ. ასევე, მნიშვნელოვანია, დედა იკვებებოდეს სრულფასოვნად, დიეტა ლაქტაციის დროს არაა დაშვებული. მნიშვნელოვანია დედამ მიიღოს 2-2,5 ლ წყალი დღის განმავლობაში. საუბარია სუფთა წყალზე და არა ჩაიზე, რომლის მიღებაც ლაქტაციის დროს დიდი რაოდენობით დაუშვებელია. მნიშვნელოვანია ადეკვატური ძილი და ნორმალური დასვენება. მოკლედ, დედის რძეს განსაკუთრებული ფუფუნება და მოვლა სჭირდება.

რაკი მოჭიდება უკვე ორჯერ ვახსენე, აუცილებლად ავხსნი, თუ რაში მდგომარეობს მისი არსი.

თუ ბავშვი ვერ ეჭიდება სწორად ვერ შეჭამს უკანა რძეს, რომელიც სავსეა ცხიმით და შესაბამისად წონაში ექნება ჩამორჩენა, თუ ბავშვი ვერ ეჭიდება სწორად ქალებს ექნებათ სისხლდენა ძუძუსთავებიდან და დაუსკდებათ თავები, თუ ბავშვი ვერ ეჭიდება სწორად ქალებს ექნებათ რძის ნაკლებობა. განვმეორდები და ვიტყვი, რომ სწორად მოჭიდება სამშობიარო სახლში უნდა ასწავლონ, ამას კანონი ავალდებულებთ ბუნებრივი კვების შესახებ. სამწუხაროდ ბავშვები არ იბადებიან მოჭიდების ცოდნით,იციან მხოლოდ წოვა. ამიტომ მოჭიდება არის პირველი ცხოვრებისეული უნარი, რაც დედამ შვილს უნდა ასწავლოს. ცუდი მოჭიდების ნიშნებია: მოხურული პირი, მკერდის არეოლა ბავშის ტუჩებს გარეთ, ბავშვის ცხვირი მიდებულია ძუძუზე, ლოყები აქტიურად მოძრაობს.

კარგი მოჭოდების ნიშნებია: ღია პირი, თევზის ტუჩების მსგავსად ამოტრიალებული ტუჩები, უმეტესი ან მთლიანი არეოლა პირში და ცხვირი ძუძუსგან მოშორებული, ნიკაპი მჭიდროდ მიბჯენილი დედის მკერდზე, ლოყები არ მოძრაობს, ყლაპვის აქტი შეინიშნება თუ დავაკვირდებით ბავშვის ყელს.

mshoblebi

- თუ ბავშვი დედის რძით ცოტას იმატებს, არის თუ არა ეს საგანგაშო და რამდენია ის ზღვარი, რომელიც უკვე საგანგაშოა და მართლა არის საჭირო ჩარევა ან დედისთვის რძის მოსამატებლად ან ხელოვნური საკვების დასამატებლად?

- თუ ქალს აქვს სურვილი ბავშვი კვებოს ძუძუთი და გავრცელებული მითების გავლენით იგი განიცდის სტრესს, ეს, რა თქმა უნდა, მძიმედ მოქმედებს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და ხშირად ხდება რძის გაშრობის მიზეზი. ყველა ვერ უძლებს ფსიქოლოგიური წნეხს, ქალის ფსიქიკა განსაკუთრებით ფაქიზია მშობიარობისა და საკეისრო კვეთის შემდეგ, რადგან ორგანიზმში ხდება ბევრი ფიზიოლოგიური, ჰორმონალური ცვლილება და ეს ცვლილებები ისედაც იწვევს პერინატალურ დეპრესიას. დეპრესიაზე წვეთ-წვეთად იმ მოსაზრების დამატება, რომ ბავშვს დედა აშიმშილებს, ამძიმებს სიტუაციას. თუმცა, განვმეორდები და ვიტყვი, რომ ეს მოსაზება ბავშვის შიმშილთან დაკავშირებით ძირითადად საზოგადოების მიერაა შექმნილი, ახალბედა დედების დასასტრესად. რა თქმა უნდა, გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც.

- რამდენად ხშირია შემთხვევა, როდესაც სამშობიაროშივე ან უკვე შემდეგ, პედიატრებთან ხდება დედების დარწმუნება, რომ მის შვილს არ ყოფნის რძე და აუცილებელია ხელოვნური ჩარევა? რამდენად მივყავართ ამას ე.წ. ბავშვთა კვების მაფიასთან და რას იტყვით ამაზე?

- თანამედროვე მედიცინა ამბობს, რომ მხოლოდ დედის რძით ნაკვები ბავშვი დაბადების პირველ თვეს 600 გრამს იმატებს. ყველა მომდევნო თვეში კი 100 გრამით ნაკლებს წინაზე. "ძალიან ცოტა" შეიძლება იყოს 500 გრამი, რისი მიზეზიც ძირითადად არასწორი მოჭიდება, ბავშვის ენის ლაგამი, ჩვილისათვის წყლის, ჩაის ან მატყუარას მიცემაა ძუძუს ნაცვლად. პედიატრმა უნდა გამოიკითხოს და მოიკვლიოს ყველა ეს მიზეზი, ნახოს მოჭიდება, სთხოვოს დედას, აჭამოს ბავშვს მისი თანდასწრებით და თუ ჯამური ნამატი ძალიან დაბალია, მისცეს დედას რეკოემენდაცია მკერდის ელექტრო ტუმბოთი გამოტუმბული რძის მიცემისა, ბოთლით, კოვზით, შპრიცით ან სპეციალური სისტემის მეშვეობით. ეს არის მთელ მსოფლიოშიო აპრობირებული მეთოდი.

- ზოგადად რას ფიქრობთ იმ ხელოვნურ მინარევებზე, რაც ახლა არის გავრცელებული ბავშვთა კვების სახით?

- ბავშვების ხელოვნურ კვებაზე გადაყვანა საქართველოში ძირითადად სამშობიარო სახლებში ხდება. ამას ამბობს კვლევები. მაგრამ კვლევები არც გახდება საჭირო, თუ ქართველი დედების ჯგუფებს გადავხედავთ. ვფიქრობ, ამის მიზეზი მთელ მოფლიოში გავრცელებული ე.წ. ხელოვნური კვების მაფიაა. უბრალოდ არ მინდა დავიჯერო, რომ ქართველი ექიმები ამდენად არაკომპეტენტურები არიან. სჯობს, ვიფიქროთ, რომ ამით ფინანსურ სარგებელს ეძებენ. რაც შეეხება ხელოვნური კვების მაფიას, შემოსავლების მიხედვით ნარკოტიკებით უკანონო ვარჭობის მერე, შემოსავლებისა და გავრცელების მიხედვით, ის მეორე ადგილზეა მსოფლიოში.

- რამდენიმე რჩევა მიეცით ახალბედა დედებს...

- ახალბედა დედებს ვურჩევ, ორსულობაშივე გადაწყვიტონ, რა უნდათ - ბუნებრივი კვება თუ ხელოვნური, დააგროვონ ინფორმაცია კომპეტენტური წყაროებიდან და სპეციალისტებისაგან და მიჰყვნენ გადაწყვეტილებას ბოლომდე, არ გახდნენ ფსიქოლოგიური წნეხის მსხვერპლნი და გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი. ხშირად გამიგონია საქართველოში, რომ ლაქტივისტები ვაკნინებთ ან ვებრძვით ხელოვნურ კვებაზე გაზრდილ ბავშვებს და ვამცირებთ დედებს. არაა ასე. ჩვენ ვემხრობით ძუძუთი კვებას, მაგრამ პატივს ვცემთ ქალის არჩევანს. ასევე ძუძუთი კვება არ ნიშნავს იმას, რომ ქალი იზღუდება ან მისი უფლებები ილახება. პირიქით, ემანსიპირებული ქალები უფრო ხშირად ირჩევენ ძუძუთი კვებას. ყველა ბავშვს და დედას ვცემთ უდიდეს პატივს, მხოლოდ ძუძუთი კვება არ ნიშნავს კარგ დედობას. ერთადერთი, რასაც მართლა ვებრძვით და არ გვაქვს ამბიცია, რომ ოდესმე დავამარცხებთ, ხელოვნური კვების მაფიაა და მათი აგრესიული მარკეტინგი, რაც ბოლო წლებია შეინიშნება ქვეყანაში. ვემხრობით ქალის გაცნობიერებულ არჩევანს და ვგმობთ ზედმეტ ჩარევას დედა-შვილის იმ ჯადოსნურ კავშირში, რასაც ძუძუთი კვება ჰქვია და ცხოვრებაში ერთხელ განიცდის ბავშვიც და დედაც.

თამარ იაკობაშვილი