- ლაქტივისტი არის ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს და ავრცელებს ცოდნას ბუნებრივი კვების შესახებ. ლაქტივისტები ბევრ განვითარებულ ქვეყანაში აქტიურად ავრცელებენ ინფრომაციას ძუძუთი კვების შესახებ. იმ ქვეყნებში, რეალურად ბუნებრივ კვებას მხარდაჭერა არც სჭირდება, რადგან დედებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუ რა არის საუკეთესო მათი შვილებისათვის. სამწუხაროდ, ჩვენთან ყველაფერი პირიქითაა. ხელოვნური კვების მწარმოებელი ბრენდები, მიუხედავად რეკლამის შემზღუდავი კანონებისა, წლიურად მილიარდებს ხარჯავენ იმაში, რომ მათი კვება აქტიურად გაიყიდოს. რეკლამა და ბუნებრივი კვების "შავი" პიარი ყველაზე კარგად ჩვენი ქვეყნის მსგავს, გავნითარებად საზოგადოებებში მუშაობს, სადაც უამრავი ქალი არის სხვადასხვა მითის მსხვერპლი ძუძუთი კვების შესახებ. საუბრის დასაწყისშივე ვიტყვი - თუ რას აჭმევს დედა ბავშვს, ეს დედის გადასაწყვეტია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ დედამ, ზრდასრულმა და დამოუკიდებელმა ქალმა, თავად აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ გაცნობიერებულ არჩევანზე.
როდესაც ჩემი შვილი დაიბადა, გადაწყვეტილი მქონდა, რომ აუცილებლად ბუნებრივად უნდა გამომეკვება. ორსულობის დროს ვაგროვებდი ინფორმაციას ბუნებრივი კვების შესახებ. ძუძუთი კვებას, ისევე როგორც მაგალითად, მათემატიკას გაწერილი, შემუშავებული წესები აქვს. ამ წესების დაცვის გარეშე ლაქტაციის პროცესი არ იქნება წარმატებული. ჩემი შვილი რომ დაიბადა აღმოვაჩინე, რომ ქართველი ქალების უმეტესობას არ ჰქონდა ინფორმაცია ამ წესების შესახებ. ამაში დამნაშავენი თავად ქალები არ არიან. ძირითადად ისინი ხდებიან სხვადასხვა დეზინფორმაციის ან მითის მსხვერპლნი, რომლებსაც მათი მეზობლები, ნათესავები, არაკომპეტენტური ექიმები ან სხვადასხვა საიტი ახვევს თავს. მითები ადვილად ვრცელდება. როდესაც ქალს არ აქვს ფუნდამენტალური ინფორმაცია, ცოდნა ამა თუ იმ საკითხზე, ძალიან იოლია დაიჯეროს, რომ თითქოს მისი რძე უცხიმოა, არადა მისი პრობლემა სხვა რაიმეში მდგომარეობს. ლაქტივისტობა და მეძუძური ქალების მხარდაჭერა სწორედ ამ მითების გამო გადავწყვიტე. იმისათვის, რომ ბუნებრივ კვებაზე უფრო მეტი ინფორმაცია მქონოდა, გავიარე ლაქტაციის კონსულტანტის ტრენინგ კურსი, რომელსაც მსურველებს ონლაინ სტენფორდის უნივერსიტეტი სთავაზობს. ზემოთ ვახსენე, რომ ყველა დედას აქვს უფლება, აჭამოს შვილს ის, რაც თავად უნდა, მაგრამ ამავდროულად ყველა ბავშვის ფუნდამენტალური უფლებაა, მიიღოს საუკეთესო საკვები, რომელიც მას ბუნებამ მილიარდობით წლის წინ, ევოლუციის პროცესში აჩუქა.
დედის რძე შეიცავს მილიონობით ცოცხალ უჯრედს. ესენია: იმუნური უჯრედები, სისხლის თეთრი უჯრედები, ღეროვანი უჯრედები, რაც ხელს უწყობს ბავშვის შინაგანი ორგანოების განვითარებას და გაძლიერებას. სისხლის თეთრი უჯრედები და ღეროვანი უჯრედები მზადდება დედის სისხლში და იქედან გადადის რძეში. ეს უჯრედები არც ერთ ფორმულაში ცოცხალი სახით არაა.
1000-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ცილა, რომელიც ეხმარება თქვენს პატარას ზრდასა და განვითარებაში, ააქტიურებს მის იმუნურ სისტემას და ავითარებს და იცავს ნეირონებს თავის ტვინში. ცილები არის ხელოვნურ საკვებში, თუმცა ლაბორატორიაში, ხელოვნურადაა გამოყვანილი და არა იმდენი, რამდენიც დედის რძეში, რადგან ცოცხალი ცილები ფორმულაში ვერ მოთავსდებოდა.
დედის რძის ცილის შემადგენლობაში შედის ამინომჟავები. თქვენს რძეში ეს ნაერთები 20-ზე მეტი სახეობისაა. ზოგი მათგანი, რომელსაც ნუკლეოტიდები ჰქვია, ღამით მატულობს და მეცნიერები ფიქრობენ, რომ შესაძლოა ბავშვის მშვიდი ძილის მიზეზი სწორედ ისინია.
200-ზე მეტი სახეობის, ქიმიურად რთული შემადგენლობის შაქარი, იგივე ოლიგოსაქარიდები. რომლებიც მოქმედებენ როგორც პრებიოტიკები, რომლებიც ავრცელებენ "კარგ, მეგობარ ბაქტერიებს" თქვენი ბავშვის ნაწლავში. ეს ბაქტერიები აუცილებელია კუჭნაწლავის სისტემის ჩამოყალიბებულად მუშაობისათვის და მომნელებელი სისტემის მშენებლობისათვის. ფორმულაში ოლიგოსაქაროიდების ძალიან მცირე რაოდენობაა. დედის რძეში არსებული ეს ნივთიერებები ასევე ხელს უშლის ვირუსებს და ბაქტერიებს ბავშვის სისხლში მოხვედრაში და ამცირებენ თავის ტვინის ანთების რისკს.
დედის რძეში შედის 40-ზე მეტი ფერმენტი. ფერმენტები არის კატალიზატორები, რომლებიც აჩქარებენ ქიმიურ რეაქციებს სხეულში. მათ ევალებათ ისეთი საქმეები, როგორიცაა თქვენი ბავშვის საჭმლის მონელებასა და იმუნური სისტემის გაძლიერება, ასევე ეხმარებიან ბავშვს რკინის ათვისებაში. ეს ნივთიერებები ფორმულაში ძალიან მცირეა.
ზრდის ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვის სწრაფ ფიზიკურ განვითარებას და ხშირად ცვლიან გენეტიკას. ზრდის ფაქტორები ფორმულაში არაა.
ჰორმონები - თქვენი რძე შეიცავს ბევრ მათგანს! ეს ჭკვიანი ქიმიკატები აგზავნიან შეტყობინებებს ქსოვილებსა და ორგანოებს შორის, რათა მათ სწორად იმოქმედონ. ზოგი დახმარებას უწევს თქვენი ბავშვის მადის და ძილის რეგულირებას და დედასა და შვილს შორის ემოციურ კავშირსაც კი უწყობს ხელს. ჰორმონები ძირითადად არ არის ფორმულაში. დედის რძეში კი ზუსტად ისეთი ჰორმონებია, როგორიც კონკრეტულ მომენტში სჭირდება კონკრეტულ ბავშვს.
ვიტამინები და მინერალები - ნუტრიენტები, რომლებიც ხელს უწყობენ ჯანმრთელ ზრდას და ორგანოთა მუშაობას, ასევე ხელს უწყობენ თქვენი ბავშვის კბილებისა და ძვლების მშენებლობას. ფორმულაში შედის ზუსტად ის ვიტამინები და მინერალები რაც დედის რძეში. არც მეტი და არც ნაკლები.
ანტისხეულები, ასევე ცნობილია იმუნოგლობულინები. არსებობს ანტისხეულების ხუთი ძირითადი ფორმა და ყველა მათგანი შეგიძლიათ ნახოთ თქვენს რძეში. ისინი იცავს თქვენს პატარას დაავადებებისგან და ინფექციებისგან ბაქტერიების და ვირუსების განეიტრალებით. ფორმულაში შედის იმუნოგლობულინები , თუმცა ძალიან, ძალიან მცირე რაოდენობით. დედის რძეში ისინი ძალიან ბევრია და ამავდროულად ცოცხალი სახით.
შეიძლება გსმენიათ ცხიმოვანი მჟავების შესახებ, რადგან ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თქვენი ბავშვის ნერვული სისტემის მშენებლობაში, ასევე ხელს უწყობენ ტვინისა და თვალების ჯანმრთელ განვითარებას. ისინი დედის რძეში უფრო მეტია, ვიდრე ფორმულაში. ფორმულაში ისინი ძალიან მცირეა.
RNA და DNA უჯრედები ,რომლებიც ატარებენ დედის გენებს და გადააქვთ ისინი შვილის ორგანიზმში, ასევე ხელს უშლიან დაავადების განვითარებას ან უკვე ორგანიზმში არსებული დაავადებების შეჩერებას, მხარს უჭერს თქვენი ბავშვის იმუნურ სისტემას. ცოცხალი RNA და DNA უჯრედები ფორმულაში არ არის, რადგან შეუძლებელია შეიქმნას ყველა ბავშვის დედის იდენტური უჯრედი თითეული შეფუთვისათვის. ეს რომ მოხდეს მაშინ მწარმოებლებმა ყველა დაბადებული ბავშვისათვის ცალკე უნდა შექმნან ინდივიდუალური ფორმულა. ამ უჯრედების არსებობა დედის რძეში ნიშნავს იმას, რომ ყველა ბავშვის ორგანიზმში, რომელიც ძუძუთი იკვებება დედისგან გადადის გენები, დედის სხეულის უჯრედების ნაწილი ძუძუთი კვების დროს
მიუხედავად იმისა, რომ ეს გრძელი ჩამონათვალია, ჩამოთვლილი ნივთიერებები დედის რძეში შემავალი მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტია და მეცნიერები კიდევ უფრო მეტის აღმოჩენის პროცესში არიან. რადგან დედის რძე ისეთივე ცოცხალი ორგანიზმია, როგორც ადამიანი, მას შეუძლია სხვადასხვა დროს წარმოქმნას ბავშვისთვის საჭირო ბევრი სხვა ნივთიერება.
აღსანიშნავია, რომ ამ ინგრედიენტების რაოდენობა რძეში დროთა განმავლობაში შეიძლება იმატებდეს ან იკლებდეს, თქვენი ბავშვის ასაკისა და მოთხოვნიდან გამომდინარე.
კოლოსტუმი (ხსენი) არის ახალშობილის პირველი საკვები, ის წარმოქმნას იწყებს სარძევე ჯირკვალში ორსულობის ბოლო თვეებში. კოლოსტრუმი არის ყვითელი, ბლანტი სითხე. ის ადვილად მოსანელებელია და ძალიან მნიშვნელოვანია მასში შემავალი ანტისხეულებითა და იმუნიტეტის გამაძლიერებელი ნივთიერებებით. კოლოსტრუმი შეიცავს მწიფე რძესთან შედარებით მეტ პროტეინს, მაგ. ანტისხეულებს, ნაკლებ ცხიმს და ნაკლებ შაქარს. ის ასევე შეიცავს მინერალებს, ვიტამინებს, როგორიცაა ვიტამინი A, E, ვიტამინებს B კომპლექსიდან და ბევრ იმუნოგლობულინს. კოლოსტრუმი მონაწილეობს ნაწლავების პირველი, მომწვანო-მოშავო განავლისგან (მეკონიუმი) გაწმენდაში, რომელიც დაბადებამდე დაგროვდა ახალშობილის ნაწლავში. კოლოსტრუმი იცავს ბავშვს არასასურველი მიკროორგანიზმებისგან. რაც უფრო ხშირად მიისვამთ ახალშობილს ძუძუზე და გამოვკვებავთ, მით უფრო სწრაფად წარმოიქმნება გარდამავალი რძე. მწიფე რძის წარმოქმნას ჭირდება მშობიარობიდან დაახლოებით 2 კვირა.
გარდამავალი რძზე არის თხელი და დაჰკრავს მოლურჯ-მოთეთრო ელფერი. ის შეიცავს უფრო ნაკლებ ცილას, უფრო მეტ ცხიმსა და ნახშირწყალს.
მწიფე რძე არის თეთრი ან მოლურჯ-მოთეთრო სითხე. ის ძალიან მდიდარია ცილებით (დაახ.1,2 %), წყლით, უჯერი ცხიმოვანი მჟავებით და ფოლიუმის მჟავით. მწიფე რძის გამჭვირვალე, პირველი ნაწილი კლავს წყურვილს, ხოლო ცხიმებით და პროტეინებით მდიდარი , მეორე ნაწილი ანაყრებს ბავშვს. ბავშვისათვის მეორე ნაწილის ანუ ე.წ. უკანა რძის გამოწოვა პირველ ეტაპზე საკმაოდ რთულია, რადგანაც ის სქელი და ცხიმიანია და წარმოიქმნება მკერდის უკანა ჯირკვლებში. ამასთანავე, თუ თუ დედას აქვს საკმაოზე მეტი რძე, ჩვილის კუჭი ივსება და იგი თითქოსდა ნაყრდება პირველი ნაწილით, რომელიც არაა ცხიმიანი. გაითვალისწინეთ_ თუ თქვენმა პატარამ სათანადოდ ვერ დაცალა მკერდი, შეეცადეთ გამოიწველოთ უკანა რძე და მისცეთ ჩვილს იგი კოვზით, რათა მიიღოს დედის რძის ცხიმიანი ნაწილი, რომელიც ”პასუხისმგებელია” მის წონის მატებაზე.
ახალბედა დედებმა ხშირად არ იციან ეს ინფორმაცია, სწორედ ამიტომ ხალხში გავრცელებულია მითები რძის ნოყიერებასთან დაკავშირებით. დედის რძე ყველა შემთხვევაში ნოყიერია, თუ დედა იკვებება ბალანსირებულად.
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჩვილი ვერ იმატებს წონაში ან ვერ ნაყრდება სათანადოდ არის ის, რომ პატარა ვერ ახერხებს უკანა რძის გამოწოვას!
წყალი
დედის მწიფე რძე შეიცავს 87 % წყალს, რომელშიც გახსნილია ყველა დანარჩენი ნივთიერება. ამით კლავს დედის რძე წყურვილს. ძუძუთი კვების დასაწყისში, დედის რძე არის გამჭირვალე, მოგვიანებით ის შეიცავს უფრო მეტ ცხიმს. ამის გამო ბავშვმა დაწყებული ძუძუთი მანამ უნდა იკვებოს, სანამ ის არ დანაყრდება. როდესაც ბავშვი ხანმოკლედ წოვს ძუძუს, ის ამით იკლავს მხოლოდ წყურვილს. სიცხეების დროს გირჩევთ ბაშვი ხშირ-ხშირად მიისვათ ძუძუზე, რათა მან საკმარისი სითხე მიიღოს. არ გირჩევთ დამატებით ჩაის ან სხვა სასმელების მიცემას, რადგან ეს ხელს უშლის ძუძუთი კვების ნორმალურ რითმს.
დედის რძის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების დათვლა წარმოუდგენელია. მათი რიცხვი დაახლოებით 400-500-ს აღწევს. ამასთან, დედის რძის შემადგენლობა განუწყვეტლივ იცვლება - არათუ დღე-ღამეში, არამედ კვებიდან კვებამდეც კი. გაირკვა, რომ იმ ქალების რძე, რომლებიც ჩვილებს ძუძუს კი არ აწოვებენ, არამედ ბოთლიდან ასმევენ გამოწველილ რძეს, შემადგენლობით უფრო ღარიბია. ამის მიზეზი კი დედა-შვილს შორის ცოცხალი ურთიერთობის არარსებობაა. ქალის რძე კარდინალურად განსხვავდება ძროხისა თუ თხის რძისგან. ამ განსხვავების უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ, რომ ქალის რძე ბავშვისთვის, მისი ზრდა-განვითარების, ორგანოებისა და სისტემების სრულყოფილად ჩამოყალიბებისთვის არის საჭირო. ბავშვი სუსტი და მოუმწიფებელი იბადება, მასზე ბევრი არასასურველი გარეგანი ფაქტორი მოქმედებს. დედის რძე ბევრ დამცავ ნივთიერებას შეიცავს. სიცოცხლის პირველ წელს ყველაზე აქტიურად ვითარდება ნერვული სისტემა, ამიტომ დედის რძის შემადგენლობაში ჭარბობს ზრდის ფაქტორები და ცხიმოვანი მჟავები. ხბო და თიკანი ბიოლოგიურად განსხვავებული არსებები არიან, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია კუნთოვანი მასის განვითარება და ძროხისა და თხის რძის შემადგენლობაც ამას უზრუნველყოფს.
რაკი მოჭიდება უკვე ორჯერ ვახსენე, აუცილებლად ავხსნი, თუ რაში მდგომარეობს მისი არსი.
თუ ბავშვი ვერ ეჭიდება სწორად ვერ შეჭამს უკანა რძეს, რომელიც სავსეა ცხიმით და შესაბამისად წონაში ექნება ჩამორჩენა, თუ ბავშვი ვერ ეჭიდება სწორად ქალებს ექნებათ სისხლდენა ძუძუსთავებიდან და დაუსკდებათ თავები, თუ ბავშვი ვერ ეჭიდება სწორად ქალებს ექნებათ რძის ნაკლებობა. განვმეორდები და ვიტყვი, რომ სწორად მოჭიდება სამშობიარო სახლში უნდა ასწავლონ, ამას კანონი ავალდებულებთ ბუნებრივი კვების შესახებ. სამწუხაროდ ბავშვები არ იბადებიან მოჭიდების ცოდნით,იციან მხოლოდ წოვა. ამიტომ მოჭიდება არის პირველი ცხოვრებისეული უნარი, რაც დედამ შვილს უნდა ასწავლოს. ცუდი მოჭიდების ნიშნებია: მოხურული პირი, მკერდის არეოლა ბავშის ტუჩებს გარეთ, ბავშვის ცხვირი მიდებულია ძუძუზე, ლოყები აქტიურად მოძრაობს.
კარგი მოჭოდების ნიშნებია: ღია პირი, თევზის ტუჩების მსგავსად ამოტრიალებული ტუჩები, უმეტესი ან მთლიანი არეოლა პირში და ცხვირი ძუძუსგან მოშორებული, ნიკაპი მჭიდროდ მიბჯენილი დედის მკერდზე, ლოყები არ მოძრაობს, ყლაპვის აქტი შეინიშნება თუ დავაკვირდებით ბავშვის ყელს.
თამარ იაკობაშვილი