ამერიკული კომპანია Idaho Power Company-ს თანამშრომელი სადილობის შესვენებაზე იყო, როცა უცებ შენიშნა, რომ მისი სატვირთო მანქანის კაბინიდან ბოლო გამოდიოდა. უცებ მივარდა და კარი გააღო - წამებში მიასწრო, თორემ საცაა სალონში ცეცხლი გაჩნდებოდა.
მიზეზი კი წყლიანი ბოთლი იყო, რომელიც წინა სავარძელზე დაეტოვებინა. მზის სხივი გარდატყდებოდა მასზე და სავარძლის შალითას აცხელებდა, რომელსაც უკვე გაბოლვა დაეწყო. მანქანა ცოტათი დაზიანდა - წინა სავარძლის შალითის ქსოვილი ორ ადგილას იყო ამომწვარი. დროულად რომ არ შეენიშნა კვამლი, ყველაფერი გაცილებით რთულად დასრულდებოდა.
ამერიკაში სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა ჩაატარეს ტესტი და დაადგინეს, რომ მზის სხივი, რომლის ნათებასაც წყლიანი ბოთლი აძლიერებს, ზედაპირს (ტყავის იქნება ის თუ ქსოვილის) 120 გრადუს ცელსიუსამდე აცხელებს.
"სითხე და გამჭვირვალე პლასტმასი ქმნიან სინათლის ფოკუსირებულ სხივთკონას, რომელმაც შეიძლება აალება გამოიწვიოს", - ამბობს სახანძროს წარმომადგენელი დევიდ რიჩარდსონი.
ამიტომ, მეხანძრეები გვირჩევენ, თუ მზიანი და ცხელი ამინდია, თავი დაიზღვიოთ და სალონში არ დატოვოთ წყლიანი პლასტმასის ბოთლები.