ისინი დამოკიდებულები არიან მდგომარეობაზე, სადაც სხეული უმოძრაოდ დევს და ტვინი მუდმივად სტიმულირებულია. ორივე ბავშვი იუთუბმა დააინვალიდა და ორივე მკურნალობს.
ბიჭს საშინელი კოშმარები აწუხებს. სამის რომ იყო, აიპედთან დაუტოვებიათ მარტო, ერთი საათით, ჩართული აუტოფლეით. მულტფილმებიდან ავტომატურად გადასულა ძალადობის ვიდეოებზე (მერე გაარკვიეს). იმ დღიდან მოყოლებული, დღემდე იფსამს და ებმის ენა.
იმ მომენტში, როცა თქვენი შვილი მეთვალყურეობის გარეშე ხსნის ბრაუზერს, აბიჯებს ველურ ჯუნგლებში, სრულიად დაუცველი", - ეს პოსტი მუსიკოს კოკა ნიკოლაძეს ეკუთვნის. როგორც თავად გვეუბნება, იმდღევანდელი დაკვირვება გაუზიარა მეგობრებს. მერე აღმოჩნდა, რომ თემა ბევრს აწუხებს და პოსტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. კოკას თავადაც ჰყავს პატარა შვილი და ამბობს, რომ დაკვირვებას, პირველ რიგში, საკუთარ თავს უზიარებს:
- ჩემი აზრით, ეს ტექნიკაზე დამოკიდებულება არ არის. ესაა კონტენტზე დამოკიდებულება, უფრო ზუსტად, იმაზე დამოკიდებულება, რაც ამ ტექნიკით მოგვეწოდება. წარმოუდგენელი კონტრასტების დროში ვცხოვრობთ. ინტერნეტზე წვდომა თითქმის ყველას აქვს. მაგრამ, ინტერნეტწიგნიერების დონე, ვფიქრობ, საგანგაშოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ თითქმის ყველგან. საქართველოში ფეისბუკი კომუნიკაციის მთავარი პლატფორმაა, იუთუბმა თითქმის ჩაანაცვლა ტელევიზორი. ხალხს ეს სერვისები უფასო ჰგონია, ძალიან ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ სინამდვილეში ფასს საკუთარი დროით იხდის. ეს პლატფორმები მუშაობს ალგორითმებზე, რომლებიც 24/7-ზე ცდილობენ, გაარკვიონ, როგორ დააკავონ ადამიანი ეკრანთან, რაც შეიძლება დიდხანს. განსაკუთრებით საგანგაშოდ მეჩვენება, როდესაც მშობლები ბავშვებს სოციალურ მედიასთან უმეთვალყურეოდ ტოვებენ. თუ საკუთარ შვილს სოციალურ მედიასთან უმეთვალყურეოდ ტოვებთ, ჩათვალეთ, რომ მის დროს იხდით სერვისში და, ფაქტობრივად, ამა თუ იმ სერვისს ძიძად იყენებთ. სოცმედია და იუთუბი ყველაზე საშინელი ძიძაა, ძიძა, რომელიც ჩვენი და ჩვენი შვილების ღრმა ფსიქოლოგიური მანიპულაციით აკეთებს ფულს.
პლანშეტი, კომპიუტერი და ტელეფონი ინტერნეტთან წვდომის ხელსაწყოებია. ნამდვილად კარგია, როცა ბავშვი კომპლექსურ ხელსაწყოს კარგად იყენებს, მაგრამ ამაში გასაკვირი არაფერია, ბავშვები ხელსაწყოებს ადვილად ითვისებენ. რას მოიხმარს ამ ხელსაწყოთი — ესაა მთავარი. ჩემი აზრით, ბავშვი ადრე უნდა დაეუფლოს ტექნოლოგიას, ბევრი დრო უნდა გაატაროს ინტერნეტთან, და ვფიქრობ, პირველ კლასშივე უნდა ისწავლოს პროგრამირების ცალკეული ელემენტები. მაგრამ, მგონია, რომ ეს ყველაფერი მშობლის მეთვალყურეობით უნდა ხდებოდეს. ამისათვის აუცილებელია, ხალხმა უფრო ღრმად ჩაიხედოს ტექნოლოგიებში და გააცნობიეროს ეს პასუხისმგებლობა. "ეს ჩემი საქმე არაა, არ მესმის" - იგივეა, რომ შვილი უღრან ტყეში გაუშვა მარტო სასეირნოდ და თქვა, რომ უღრანი ტყე შენი საქმე არაა. პირველ რიგში, საკუთარ თავზე ვსაუბრობ და არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ სხვის ომში ბრძენი ვარ. ჩემს თავს ვუმეორებ ამას.
ადრეული ასაკიდან ბავშვის იუთუბის ქიდსის გაუგებარ კონტენტზე დამოკიდებულება, ან მოგვიანებით ვირტუალურ სამყაროში მისი უმეთვალყურეოდ გაშვება არის იმაზე უფრო სახიფათო, ვიდრე ბევრს გონია. შეიძლება გაგიმართლოს, ჯანმრთელი გადარჩეს, მაგრამ შეიძლება არა. უნდა დავიცვათ ბალანსი, ერთის მხრივ, არ დავტოვოთ ბავშვი მარტო უღრან ტყეში და მეორეს მხრივ მივცეთ მას პირადი სივრცე.
როგორც ვთქვი, არ ვარ ექსპერტი და იმ ძველი პოსტით ჩემი იმდღევანდელი დაკვირვება გავუზიარე მეგობრების წრეს. მერე აღმოჩნდა, რომ ბევრი ფიქრობს ჩემსავით.
ეს პოსტი რომ ბევრჯერ გაზიარდა, მერე დავაკვირდი, ვინ აზიარებდა და რას წერდა. ბევრი, განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენელი, ამბობს, რომ ტექნოლოგიები, ინტერნეტი ცუდია და მათ ბავშვები უნდა მოვარიდოთ. ეს არც ერთი წამით არ მიგულისხმია! ტექნოლოგია დღევანდელობაა, მომავალია, უბრალოდ მშობლებს მეტი ყურადღება და ძალისხმევა გვმართებს.
თამარ იაკობაშვილი