რის განვითარებას უწყობს ხელს კალათბურთი და ვისთვის არ შეიძლება ეს სპორტი - კალათბურთის მწვრთნელის რჩევები მშობლებს
რის განვითარებას უწყობს ხელს კალათბურთი და ვისთვის არ შეიძლება ეს სპორტი - კალათბურთის მწვრთნელის რჩევები მშობლებს
კალათბურთი ბევრისთვის საყვარელი სპორტია. ზოგიერთი მშობელი შვილის მიყვანას ფიზიკური გაჯანსაღებისთვის გეგმავს, ზოგს კი ჰგონია, რომ ამ გზით მას სიმაღლეში ზრდაში დაეხმარება. გიორგი ჟღენტი ყოფილი კალათბურთელია, კლუბ "კაქტუსის" მწვრთნელი და უკვე მეოთხე წელია მოსწავლე ახალგაზრდობის სამგორის ფილიალის კალათბურთის მწვრთნელი. საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და გვიყვება, რატომაა მნიშვნელოვანი კალათბურთი ბავშვებისთვის:

- 9 წლიდან დაახლოებით 21 წლამდე კალათბურთზე დავდიოდი, საქართველოს სუპერლიგაში ვთამაშობდი, უნივერსიტეტში ჩაბარებისას - საუნივერსიტეტო გუნდში. ჩემი ძმა ცნობილი კალათბურთელი არჩილ ჟღენტია და მან სუპერლიგის გუნში დახმარება შემომთავაზა. საკალათბურთო კლუბ "კაქტუსში" მთავარი მწვრთნელია,
მე კი ასისტენტი. შემდეგ სამგორის ფილიალში შემომთავაზეს მწვრთნელობა. ეს სპორტი ბავშვობიდან განსაკუთრებით მიყვარს და მგონია, რომ საკუთარი თავი ვიპოვე.

- რაში ეხმარება კალათბურთი ბავშვებს?

- როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს. კალათბურთში უსწრაფესად უნდა იაზროვნო. აყალიბებს ურთიერთობებს, რადგან გუნდური თამაშის პრინციპია მნიშვნელოვანი. მგონია, რომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და დინამიკური სპორტის სახეობაა. პროფესიონალურ დონეზე ვინც თამაშობს, ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვა აქვთ და შესაბამისად, მაღალი ანაზღაურებაც. სამოყვარულო დონეზე კი სხვადასხვა ვარჯიშით მიიღწევა ფიზიკური სიჯანსაღე. სპორტი ყველასთვის იდეალურია და მგონია, ახალგაზრდა აუცილებლად უნდა დაკავდეს.

- რა ასაკიდანაა რეკომენდებული ბავშვის კალათბურთზე მიყვანა?

- გააჩნია ბავშვის ფიზიკურ მონაცემებს, უკვე 7-8 წლიდან შეუძლიათ დაიწყონ ვარჯიში.

mshoblebi

- მშობელი როგორ უნდა მიხვდეს, რომ ბავშვი
მზადაა კალათბურთისთვის?

- ინდივიდუალურია, ზოგ მშობელს ჰქონია, რომ ბავშვი მზადაა და შესაძლოა, რეალურად არ იყოს. მწვრთნელი წყვეტს. მან უნდა შეაფასოს, რამდენად გაუძლებს ბავშვი დატვირთვას.

- ბევრი მშობელი გადაწყვეტილებას იღებს იმის გამო, რომ ჰგონიათ, კალათბურთზე სიარულით ბავშვები სიმაღლეში გაიზრდებიან. ეს რეალობაა თუ მითი?

- ეს ტენდენცია ყოველთვის იყო. მე ვფიქრობ, რომ რაღაც მომენტში ოდნავ შეიძლება ეხმარება, თუმცა კალათბურთზე სიარულით რომ ბავშვი აუცილებლად მაღალი გაიზრდება, მითია.

- ვისთვის არ შეიძლება კალათბურთზე სიარული?

- ჩვენთან მოსვლისას ბავშვებმა ჯანმრთელობის ცნობა უნდა მოიტანონ. მათ მდგომარეობას ექიმი აფასებს და ის აძლევს რეკომენდაციას, შეუძლიათ თუ არა ვარჯიშის დაწყება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემის მქონე ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული იმიტომ, რომ როგორც ვთქვი, ბავშვმა ფიზიკურ დატვირთვას უნდა გაუძლოს.

- რა კრიტერიუმებით არჩევთ ბავშვებს, რომლებზეც ფიქრობთ, რომ პროფესიონალურად შეძლებენ თამაშის გაგრძელებას?

- მოძრაობაზეც ეტყობათ, როგორ უძლებენ დატვირთვას, როგორი მოტივაციით არიან და როგორ აზროვნებენ იმიტომ, რომ ამის გარეშე კალათბურთში წარმატება არ მიიღწევა.

- თუ ბავშვი გადაწყვეტს, რომ პროფესიონალურად მიჰყვეს ამ სპორტს, რომელი ასაკიდან უნდა დაიწყოს ვარჯიში?

- რაც უფრო ადრე შეძლებს, მეტი დრო და გამოცდილება აქვს წარმატების მისაღწევად. მნიშვნელოვანია მონდომებაც. მქონია შემთხვევები, 7 წლის ბავშვები მოსულან, გაუძლიათ ვარჯიშებისთვის და განვითარებულან.

- ხშირად აღნიშნავენ, რომ ამ სპორტული სახეობების მწვრთნელები მკაცრები არიან. რამდენად აუცილებელია სიმკაცრე წარმატების მისაღწევად?

- ბევრი მწვრთნელი შეიძლება სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ მე მგონია, სიმკაცრე, მით უმეტეს პატარა ასაკში, არ შეიძლება. ბავშვთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. 8 წლის ბავშვს შეიძლება სხვანაირად აუხსნა, 13 წლის ბავშვთან სხვანაირი მიდგომაა საჭირო და ინდივიდუალურია. ფსიქოლოგიური მომენტია და ვფიქრობ, ეს ყველა მწვრთნელს უნდა ესმოდეს.

თამარ იაკობაშვილი

966
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები