რატომ არის ანიმე პოპულარული მოზარდებს შორის და რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს
რატომ არის ანიმე პოპულარული მოზარდებს შორის და რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს
ანიმე - ეს სიტყვა თანამედროვე მოზარდების აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, განსაკუთრებით, 10-11 წლის ასაკიდან. მშობლების დიდი ნაწილისთვისაც ცნობილია და ხშირად გვწერენ ამ თემაზე. ზოგიერთი მშობელი მხარს უჭერს შვილს იაპონური ანიმეებით გატაცებაში და მისი საყვარელი პერსონაჟების პლაკატებით თუ სხვადასხვა სუვენირითაც ახარებს ხოლმე. ზოგიერთები კი ძალიან შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მათი შვილი სრულიად უცხო სამყაროშია გადართული, ხშირად საათობით უზის ანიმეს რომელიმე სერიალს, შემდეგ ხატავს კიდეც მის პერსონაჟებს და ამის გარდა არაფერი არ აინტერესებს...

რასაკვირველია, ყველანაირ გატაცებას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და
მოზარდმაც და მშობელმაც ეს უნდა იცოდეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ცოტა უფრო ახლოს გაგაცნოთ ეს სფერო, ასევე გავიგოთ რამდენიმე მოზარდის აზრი, რომლებიც ანიმეთი უკვე რამდენიმე წელია გატაცებულები არიან და ბოლოს ფსიქოლოგსაც მოვუსმინოთ.

ანიმეს ქართველი მაყურებლები

აზრის გამოთქმა ვთხოვეთ ანიმეს მაყურებელ ქართველ მოზარდებს. მათ ვკითხეთ, რით დაიმსახურა ანიმემ ასეთი საყოველთაო სიყვარული და თავად რას ხედავენ მასში დადებითს.

ლუკა გიორგაძე, 13 წლის:

- ჩემს ცხოვრებაში ანიმე შემოვიდა სადღაც 3 წლის წინ, მეგობარმა მირჩია, რომ მეყურებინა. ამის მერე აღარც შემიწყვეტია მათი ყურება. ჩემი პირველი ანიმე იყო "ნარუტო". ეს სერიალი ყველაზე ცნობილია ახლა ჩვენთან, თუმცა ვინც უყურებს, არ მგონია, ბევრი ხვდებოდეს მის შინაარსს - უფრო შერკინებები მოსწონთ და ფანტისტიკური, ასე ვთქვათ "ტექნიკების"
გამოყენება. ნარუტოს დედააზრი არის ის, რომ თუ არ დანებდები და შენს ოცნებებს მიჰყვები, ნამდვილად აგიხდება.
ანიმეები ბევრი კატეგორიისაა: რომანტიკული, ფანტაზისტიკური, რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული, კომიკური და ა.შ. მაგრამ არის ანიმეები, რომლების ყურებაც განსაზღრულია ასაკის მიხედვით და ვთქვათ, პატარა ასაკის ბავშვმა არ უნდა უყუროს. მაგალითად, ანიმე სახელად tokyo ghoul, parasyte და ა.შ., არის ძალიან სისხლიანი და ძალიან მოქმედებს ფსიქიკაზე. ასეთ ანიმეებს ჯობს არ უყურონ მოზარდებმა.
ბევრი მანგებსაც კითხულობს, მეც ვკითხულობ. მანგა არის ანიმე წიგნად გადმოცემული, ერთგვარი კომიქსი, რომელშიც მოვლენები უფრო სწრაფად მიმდინარეობს და უფრო წინ არის, ვიდრე ანიმეში. ასე რომ, მანგაში არის ე.წ. spoiler-ები. მე პირადად ხშირად არ მომწონს, როდესაც ანიმეზე ამბობენ, რომ "ანიმე ბავშვებისთვისაა!","ანიმე მულტფილმია", "ვერაფერს გასწავლის"...

ანი ირემაძე, 13 წლის:

- ანიმეს მეც სიამოვნებით ვუყურებ. რაც შეეხება საფრთხეს, საფრთხე ისაა, რომ ღამეებს ათენებენ ბავშვები. ბევრი ჩემი ნაცნობი ასეა და ეს მგონია საშიში. ანიმე სერიალის ერთ სერიას არავინ უყურებს, ბევრს უყურებენ ერთბაშად და ზოგი ღამეს ათენებს. მე დაბალანსებული მაქვს - სკოლის დღეებში თითქმის არ ვუყურებ. მე პირადად ანიმეში მომწონს ის, რომ საინტერესოა. როგორც ფილმები მოსწონთ დიდებს, ისე მოგვწონს ჩვენც ანიმეები. პერსონაჟები უფრო ლამაზები არიან, ვიდრე ფილმებში. მულტფილმებივით მარტივი არ არის, დიდებისთვისაა და მაგიტომაც მომწონს. პერსონაჟების ქცევით რაღაცას ისწავლი. მთავარი გმირები არასდროს ნებდებიან, ამბიციურები არიან, იბრძვიან და ყველაფერს აღწევენ. ეგ შეიძლება ისწავლო.

ანიმე და მანგა

ანიმე იაპონური ანიმაციაა და ჩვეულებრივი ანიმაციური ფილმებისგან პირველ რიგში ის განასხვავებს, რომ ანიმეების ძირითადი ნაწილი მოზრდილებისა და ზრდასრულებისთვისაა საინტერესო, რაც კიდევ უფრო მეტ პოპულარობას სძენს მას.

ანიმე ინგლისური სიტყვისგან "ანიმაცია" მოდის და მისი განვითარება მე-20 საუკუნის დასაწყისში იწყება, როცა იაპონელმა კინორეჟისორებმა გადაწყვიტეს, მულტიპლიკაციის განვითარებაში ექსპერიმენტები წამოეწყოთ. ყველაზე ძველი შემორჩენილი იაპონური ანიმაცია "Katsudo Shashin“-ია და მხოლოდ 3 წამი გრძელდება. ერთ-ერთი პირველი ანიმე 1917 წელს გამოვიდა. ორწუთიანი კომედიური ფილმი იყო და "Namakura Gatana" ერქვა, ხოლო ერთ-ერთ პირველ სრულმეტრაჟიან ფილმსს "Momotarou: Umi no Shinpei" ერქვა, 1945 წელს გამოვიდა და იაპონიის საიმპერატორო ფლოტის შესახებ ჰყვებოდა.
mshoblebi
ანიმე-სერიალების ყველაზე ხშირი წყარო მანგაა (იაპონური კომიქსი), რანომე (მსუბუქი ნოველა) ან კომპიუტერული თამაშები (როგორც წესი, "ვიზუალური რომანის"ჟანრში). ეკრანიზაციისას, როგორც წესი, ფილმი სტილსა და ორიგინალურობას ინარჩუნებს. სხვა წყაროები, მაგალითად, კლასიკური ლიტერატურა, იშვიათად გამოიყენება. ასევე, არსებობს ანიმე, რომელსაც მთლიანად ორიგინალური ხაზი აქვს, ანუ თავად ქმნის მანგა-ვერსიას.  

თანამედროვე ანიმეს ფუძემდებელად ოსამუ ტეძუკა ითვლება. სწორედ მან გარდაქმნა ის სერიალად. ტეძუკას პირველი ნამუშევარი "Shin Takarajima"იყო.

ანიმემ შექმნის დღიდან უზარმაზარი გზა გაიარა და მსოფლიო პოპულარობას მიაღწია. წლების განმავლობაში, ბავშვებისთვის განკუთვნილი ანიმეს ნაკრები თანდათან რთულდებოდა და უფრო სერიოზულ თემებსა თუ პრობლემებს მოიცავდა. გაჩნდა თინეიჯერებისთვის შექმნილი ანიმე, 14 წლამდე ბიჭებისა და გოგონებისთვის. ასევე არსებობს ანიმე უფროსებისთვის, ანიმე ჟანრობრივად დაყოფილი, მათ შორის, ეროტიკულიც.

იაპონური ანიმაცია სხვა ქვეყნების ანიმაციებისგან განსხვავდება, რადგან ის საკუთარ ჩაკეტილ კულტურაზეა ორიენტირებული, რასაც უნიკალური პერსონაჟები, სიმბოლოები, შაბლონები და იდეები ქმნის. იაპონური ცხოვრების სტილი ძალიან ხშირად აისახება ხოლმე ანიმეშიც. 
mshoblebi
მსოფლიოში იაპონური ანიმაციისადმი დამოკიდებულება ორგვარია. იაპონიის გარეთ ანიმეს პოპულარობის ზრდასთან ერთად, იზრდება მის მოწინააღმდეგეთა რიცხვიც. ძირითადად კი აგრესიულ და ეროტიკული შინაარსის ანიმეს ეწინააღმდეგებიან, სადაც ადამიანები არაადეკვატურად იქცევიან, გაურბიან რეალობას, მოიხმარენ ნარკოტიკებს ან მოძალადეებად ყალიბდებიან. ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში იაპონური ანიმეს ყურებისთვის განსაზღვრული ასაკია დაწესებული, რომ ბავშვებმა მათი ასაკისთვის შეუსაბამო აგრესიული და სხვა შინაარსის კადრები არ ნახონ.

ბევრს ანიმე ემოციურ დონეზე არ მოსწონს. თუ მაყურებელი თვლის, რომ მულტფილმი მხოლოდ ბავშვებისთვისაა შექმნილი, მაშინ ის ელოდება შესაბამის სიუჟეტსა და განვითარებას. ამავე მაყურებელს პერსონაჟების დიდი თვალები და განსხვავებული ხმის ტემბრი არ მოსწონს. თანამედროვე ანიმესაც ბევრი ადამიანი აკრიტიკებს ისევე, როგორც თანამედროვე მუსიკას, თამაშებსა და ტელესერიალებს.
თავად იაპონიაში კი ანიმესა და მანგას პერსონაჟების გარეგნობა არ მოსწონთ, რადგან ხშირად მათ ევროპული გარეგნობა და აღნაგობა აქვთ. მაგალითად, ქერა თმითა და ღია ფერის თვალებით, დიდი სიმაღლითა და თხელი ცხვირით. იაპონელები კი თვლიან, რომ ამით ერთგვარი სტერეოტიპი იქმნება, რომ კანის თეთრი ფერი და ჩამოთვლილი მახასიათებლები განსაზღვრავს სილამაზეს იმ ფონზე, რომ ძალიან ბევრი იაპონელი ებრძვის საკუთარ თავში გარეგნობასთან დაკავშირებულ კომპლექსებს და მიმართავს უამრავ ქირურგიულ თუ კოსმეტიკურ საშუალებას მის დასაფარად.
mshoblebi
მანგა ძალიან ბევრი ანიმეს საფუძველია. ამბობენ, რომ განვითარებით ანიმე ცოტა ჩამორჩება მანგას. მანგა რამდენიმე წლით ადრე დაიბადა და ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა იაპონიაში.
მანგა - იაპონური კომიქსია. ის იმ ფორმით, როგორიც დღესაა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა და დასავლეთის ტრადიციებზე დიდი გავლენა მოახდინა. მანგას ფესვები ადრეულ იაპონურ ხელოვნებაში იძებნება.
იაპონიაში მანგას ყველა ასაკის ადამიანი კითხულობს. მას აღიარებენ, როგორც ვიზუალური ხელოვნების ნიმუშსა და ლიტერატურულ მიმდინარეობას. აქიდან გამომდინარე, მანგას მრავალფეროვანი თემები აქვს: სათავგადასავლო, რომანტიკა, სპორტი, ისტორია, იუმორი, ფანტასტიკა, ეროტიკა, ბიზნესი და სხვა.
mshoblebi
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანიმე-სერიალი, რომელიც ჩვენს ქვეყანაშიც საკმაოდ პოპულარულია, გახლავთ "ნარუტო". ნარუტოს ფანებს საქართველოში პატარებს შორისაც ბევრი მოიძებნება და სხვათა შორის, ზრდასრულებს შორისაც. 

ნარუტო მასასი კისიმოტოს ბრწყინვალე მანგაა, რომელიც მოუსვენარი, ხმაურიანი თინეიჯერი ნინძას ნარუტო უძუმაკის შესახებ გვიამბობს. ნარუტო ოცნებობს, რომ საყოველთაო აღიარებას მიაღწიოს და ჰოკაგე, ანუ თავისი სოფლის მეთაური და უძლიერესი ნინძა გახდეს. მანგა 1999 წელს გამოიცა და მის საფუძველზე ორი ანიმე-სერიალია შექმნილი. ნარუტოს სერიები გამოგონილ სამყაროში ვითარდება, სოციალურ-პოლიტიკური სტრუქტურით ის ფეოდალურ იაპონიას მოგვაგონებს. მასში მცირე სახელმწიფოები მოქმედებენ და დამოუკიდებელ ერთეულებად ყალიბდებიან.

ნარუტო მასასი კისიმოტოს პირველი ყველაზე სერიოზული ნამუშევარია. მას ძალიან დიდი კომერციული წარმატება აქვს როგორც იაპონიაში, ასევე მთელ მსოფლიოში. მილიონობით ეგზემპლარი იყიდება და იაპონიაშიც გაყიდვების კუთხით ლიდერობას არ კარგავს.

mshoblebi

ფსიქოლოგის კომენტარი

თემაზე კომენტარი ვთხოვეთ ფსიქოლოგ ანა ცირიკიძეს:

- ანიმე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმდინარეობაა ბავშვებსა და ზრდასრულებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათ პოპულარობას, ალბათ, განაპირობებს ტრადიციული ანიმაციური ფილმებისგან განსხვავებული სიუჟეტი (თუნდაც, დისნეის შემოქმედება ავიღოთ შესადარებლად),  პერსონაჟთა ასაკი, შინაარსი, გრაფიკა, პერსონაჟთა კულტურა, რომელიც მსგავსია ზოგადად თინეიჯერთა კულტურისა (ჩაცმის, ვარცხნილობის, ქცევის, საუბრის კულტურა).
პირადად მე, ძალიან მიყვარს ანიმეები, ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან ვუყურებ... არის როგორც მოკლემეტრაჟიანი ანიმეები, ასევე ერთი სრული ფილმის ხანგრძლივობის და ასევე, ანიმე სერიალები.
რომ გითხრათ, ძალიან ბევრი ანიმე ვიცი, არ იქნება მართალი, მაგრამ რაც მინახავს, ჩემი საყვარელი ანიმეა "ნარუტო", რომელიც არის სერიალი და რომელიც არის ყველაზე პოპულარული მთელ მსოფლიოში. კონკრეტულად ეს ანიმე, ვფიქრობ, კარგია ადამიანის ადამიანურად ფორმირებისთვის. პერსონაჟთა მრავალფეროვნება, ეს იქნება გარეგნულად თუ შინაგანი ბუნებით, მსგავსია რეალური საზოგადოების წევრების მრავალფეროვნებისა, ამიტომ თითოეულმა ადამიანმა მარტივად შეიძლება იპოვოს თავისი თავი ამ ანიმეში. მშობლები ცოტა შფოთავენ, მათი შვილები რომ უყურებენ იმავე "ნარუტოს ", მაგრამ, ჩემი აზრით, მათთვის ეს კარგი მასწავლებელია. ნარუტოში ნაჩვენებია სწავლის საჭიროება, თუ არ ისწავლი, ვერ შეძლებ გახდე ძლიერი და მიაღწიო სასურველს, ნაჩვენებია თუ როგორი პატივისცემა და მეგობრობაა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის... ამ ანიმეში ვხედავთ, თუ რა ძალა აქვს შეუპოვრობას, პრინციპულობას და ბრძოლას, რომ შეიძლება დიდხანს არ გამოგდიოდეს რაღაც, შეცდომებს უშვებდე, ფლავდებოდე, მაგრამ ბევრი თავდაუზოგავი შრომის შედეგად აუცილებლად ყველაფერი გამოგივა... ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, მთავარი ხაზია მეგობრობა - მეგობრობის ძალა, მათთვის თავგანწირვა და მეგობრული დამოკიდებულებით აგრესიის ჩახშობა. ვხედავთ, პერსონაჟებს მძიმე წარსული ტრავმებით და მათი გადალახვის გზებს და მათგან გათავისუფლებით მინიჭებულ სიხარულს.ერთი სიტყვით, ეს ანიმე გვეხმარება დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებაზე, გავაანალიზოთ ბევრი რამე და მოვახდინოთ ახალი ქცევების ფორმირება, რომლებიც დაგვეხმარება გადავჭრათ აწმყოს პრობლემები და გავხდეთ უკეთესნი. ზოგადად, ანიმეების დიდი ნაწილი მიმართულია ზემოთ ჩამოთვლილი შინაარსებისკენ, თუმცა ნარუტო მაგალითად იმიტომ მოვიყვანე, რომ მასში ყველაფერია გაერთიანებული.
გარდა ანიმეების დადებითი მხარისა, არსებობს საფრთხეებ, რომლებთანაც მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ.
პირველ რიგში, ვფიქრობ, თუნდაც "ნარუტო" მაშინ გახდება საზიანო, თუკი ბავშვი მას უკონტროლოდ უყურებს და ათენებს ღამეებს, რის შედეგადაც აგვიანებს სკოლაში, არ მეცადინეობს, რადგან ყურებას ამჯობინებს. შეიძლება იმდენად დამოკიდებული გახდეს მასზე ბავშვი, რომ ჰიგიენის ნორმების დაცვა,  ბუნებრივი და კვების მოთხოვნილების დაკმაყოფილებაც უგულებელყოფილი იყოს, ბავშვი ვეღარ გრძნობდეს შიმშილის გრძნობას, თუნდაც...
ეს პრობლემა უშუალოდ ანიმეს არ ეხება, იგი უფრო დაკავშირებულია ზოგადად გაჯეტებთან ურთიერთობასთან და მათთან გატარებულ დროსთან.
კონკრეტულად ეს მიმდინარეობა კი საფრთხის შემცველი მაშინაა, თუკი ბავშვი არასწორად ირჩევს ჟანრს. ანიმეც დაყოფილია ჟანრებად და ბევრი მათგანი სრულებით არ არის საბავშვო. ზოგიერთი ანიმე ხრიკს აწყობს, თითქოს სიუჟეტი საბავშვოა, ჯანსაღია და უცებ გადაინაცვლებს სექსუალურ სცენებში. ბევრ მშობელს ჰგონია, რომ ანიმე რადგან ანიმაციური ფილმის მიმდინარეობაა, ეროტიული ჟანრისგან თავისთავად შორსაა, თუმცა ეს არის მცდარი შეხედულება. ეროტიკული ჟანრის ანიმეები ამ კუთხით სრულად განსხვავებულია რეალობისგან. მოზარდებმა კი, შეიძლება მისგან ისწავლონ ბევრი რამე არასწორად და თავიანთ თავში არსებულ კითხვებს, რაც ეხება სექსუალურ განათლებას, ამ ანიმეების საშუალებით უპასუხონ. რაც ძალიან დაუმახინჯებს ბავშვს რეალობის აღქმას.
ამიტომ, ვფიქრობ, პირველ რიგში, კარგი იქნება მშობლები დაეხმარონ შვილებს სწორად შეარჩიონ ანიმე ასაკის შესაბამისად, არ შეიცავდეს იგი სექსუალურ ელემენტებს.
მეორე საფრთხე ანიმეებისგან, არის ბევრი აგრესიული ელემენტი. მათი ყურებით ბავშვმა მარტივად შეიძლება გადმოიღოს აგრესიული პერსონაჟის მოდელი და მსგავსი ქცევა ჩათვალოს ნორმად... ამ შემთხვევაშიც, იგივე რჩევას მივცემდი მშობლებს, გააკონტროლონ რას უყურებენ მათი შვილები, ერთად აარჩიონ, ჰკითხონ ხოლმე აზრი შვილებს კონკრეტულ ანიმესთან დაკავშირებით, თუ რომელი პერსონაჟი მოსწონს ყველაზე მეტად და რატომ... მსგავსი ურთიერთობა (როდესაც მშობელი შედის შვილის სამყაროში) ზრდის ურთიერთნდობას, რის შედეგადაც ბავშვისთვის მშობელი ხდება მისაბაძი მოდელი, ავტორიტეტი და ადამიანი, რომელსაც თამამად შეუძლია ენდოს და დაუჯეროს.

1754
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები