"საბედნიეროდ, დროზე მივასწარით..." - 8 თვის ბავშვმა შემთხვევით ოთახის მცენარე შეჭამა და შხამიანი აღმოჩნდა - ტოქსიკოლოგის კომენტარი
"საბედნიეროდ, დროზე მივასწარით..." - 8 თვის ბავშვმა შემთხვევით ოთახის მცენარე შეჭამა და შხამიანი აღმოჩნდა - ტოქსიკოლოგის კომენტარი
ალბათ ბევრისთვის ნაცნობი სიტუაციაა, შედიხართ დიდ სუპერმარკეტში, ან ყვავილების მაღაზიაში, ირჩევთ ძალიან ლამაზ ყვავილს, მცენარეს და სახლში განსაკუთრებულ ადგილას ათავსებთ, რომ მისი სილამაზით დატკბეთ. თუმცა ალბათ არც გიფიქრიათ, რომ თუ სათანადო წესებს არ დაიცავთ და სიფრთხილეს არ გამოიჩენთ, შესაძლოა ეს ყვავილი ზიანის მომტანი იყოს თქვენი ან თქვენი პატარას ჯანმრთელობისთვის. მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა ჩვენი მკითხველი, რომელმაც საკუთარი ამბავი გაგვიზიარა.

„ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში შევიძინე ულამაზესი ყვავილი პუანსეტია, იგივე შობის ვარსკვლავი. სახლში მყავს რვა თვის პატარა. ერთ დღესაც ოთახში არსებული ბარიკადი გაარღვია და
სახლის იმ ნაწილში აღმოჩნდა, სადაც მცენარეებია. როცა ოთახში შევედი, უკვე ფოთლები მოეგლიჯა. ნაწილს ღეჭავდა და ნაწილი ხელში ეჭირა. რატომღაც საშიშად არ მიმიჩნევია. წყლით გამოვურეცხე პირი და ხელები დავბანე. მაგრამ რაღაცამ არ მომასვენა... 10 წუთში მივწერე ერთ-ერთ კომპენტენტურ ადამიანს, რომელსაც ძირფესვიანად აქვს შესწავლილი თითქმის ყველა მცენარის ჯგუფი. მითხრა, რომ ეს ყვავილი ეკუთვნოდა რძიანებრთა ოჯახს, შეიცავდა მომწამვლელ ნივთიერებს და მისი პირში მოხვედრა საშიში იყო ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ბევრს აღარ გავაგრძელებ, ასე აღმოვჩნდით იაშვილის კლინიკაში, ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში, სადაც ბავშვს შესაბამისი კვლევა და მკურნალობის კურსი ჩაუტარდა. საბედნიეროდ, დროზე მივასწარით და პრობლემა ყოველგვარი გართულების გარეშე მოგვარდა. მაგრამ ხომ შეიძლებოდა,  სავალალო შედეგამდე მივსულიყავით? მაინტერესებს, როცა მაღაზია ყიდის მცენარეს, ყვავილს, უნდა ეწეროს თუ
არა ყვავილს, რომ რაიმე საფრთხის შემცველია? ყველა ხომ არ ვართ ამ საკითხში გათვითცნობიერებული, ყველა ხომ არ ვიცნობთ თითოეულ მცენარეს?“.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენმა შვილმა შხამიანი მცენარე შეჭამა, რა პირველადი დახმარება უნდა აღმოუჩინოთ მას და რა სიმპტომები ახასიათებს მცენარით ინტოქსიკაციას, ამის შესახებ იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო ექიმი ტოქსიკოლოგი ლია სამხარაძე საუბრობს.

- ბიოლოგირუი შხამები არის მცენარეული და ცხოველური. ბიოლოგური შხამებით მოწამვლას, როგორც წესი, ახასიათებს სეზონურობა. ძირითადად მცენარეების ყვავილობის პერიოდში ხდება ეს - გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით. ზამთარში ნაკლებია მცენარით ინტოქსიკაციის შემთხვევები. საქართველოში ძირითადად გავრცელებულია ატროპინის ჯგუფის, ალკალოიდების შემცველი მცენარეები, რომელიც იწვევს ინტოქსიკაციას. ეს არის ლენცოფა, შმაგა, ძაღლყურძენა და სხვა. ამ მცენარეების ყველა ნაწილი არის მომწამვლელი, ეს იქნება თესლი, ნაყოფი, ფოთოლი, თუ ღერო. ძალიან ხშირია ძაღლყურძენათი მოწამვლის შემთხვევები. ბევრს კენკრა გონია და მიირთმევს.
ჩვენთან მრავლად არის ოლეანდრი, რომელიც თითქმის ყველა ქალაქში გვხვდება. ეს არის საკმაოდ შხამიანი მცენარე, თუმცა ეს მაშინ თუ მას საკვებად გამოვიყენებთ.

- რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს მცენარით ინტოქსიკაციას?

- საკმაოდ გამოხატული ნიშნები ახასიათებს. ეს არის კანის შეწითლება, სიმშრალე. ხდება გუგების გაფართოება, რის შედეგადაც იბინდება მხედველობა, პაციენტს ეცვლება ცნობიერება, ეწყება აღგზნება, ჰალუცინაციები, ჰგონია, რომ თაგვი ან სხვა ცხოველი დარბის, ხდება აგრესიული გარშემო მყოფების მიმართ, უმძაფრდება წყურვილის შეგრძნება, პირის სიმშრალე, ხშირ შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნებოდეს ცხელებაც.

- რა პირველადი დახმარება უნდა აღმოუჩინოს მშობელმა შვილს, თუ მან მომწამვლელი მცენარე შეჭამა?

- აუცილებელია სასწრაფოდ გადაიყვანით საავადმყოფოში, ამ დროს ყველა წუთი მნიშვნელოვანია. პირველი საათების განმავლობაში მშობელი ვერ შეძლებს კუჭის ამორეცხვას. ამიტომ საავადმყოფოში მიყვანამდე შესაძლოა მშობელმა გამოიწვიოს გულის არევა, შემდგომ აქტივირებული ნახშირით ენტეროფცია, რომ შეიწოვოს ეს შხამები. უნდა მოხდეს დეკონტამინაცია, ანუ ამ ნივთიერებისგან ორგანიზმის გაუვნებელყოფა. და კიდევ ვიმეორებ, დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ უახლოეს საავადმყოფოში.

- რა შემთხვევაში შეიძლება მოყვეს ინტოქსიკაციას სერიოზული გართულება და როდის შეიძლება დასრულდეს ის ფატალურად?

- ნებისმიერი ჩამოთვლილი მცენარეების დიდი რაოდენობით გამოყენება ძალიან სახიფათოა და შესაძლოა გამოიწვიოს ფატალური შედეგი. ასევე, თუ დროულად არ მიმართავთ სამედიცინო დაწესებულებას და დროულად არ მოხდება სამედიცინო ჩარევა, შედეგი იქნება ფატალური. გარკვეული პერიოდის წინ, რამდენიმე მწყემსი მოიწამლა ძაღლყურძენათი. ორ მათგანთან მოხდა დროული ჩარევა და ისინი გამოჯანმრთელდნენ. ორთან კი ფატალური შედეგი დადგა, რადგან დაგვიანებით მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას. უკვე დაწყებული იყო ჰალუცინაციები, გულყრები, რაც შემდეგ გადადის კომატუზურ მდგომარეობაში.


ინფორმაციისთვის, გვინდა შემოგთავაზოთ საქართველოში გავრცელებული იმ მცენარეების ჩამონათვალი, რომელიც ინტოაქსიკაციას იწვევს:

  • ოლეანდრა - ოლეანდრის არა მარტო ქორფა ნაყოფია საშიში, არამედ მისი გამხმარი ფოთლები და ტოტებიც კი. ოლეანდრის წვენი თვალში მოხვედრის შემთხვევაში ძალიან ადვილად აბრმავებს ადამიანს. მოქმედებს ერთდროულად ნერვიულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი.
  • კროკუსი - ის ერთ-ერთი შხამიანი მცენარეა იმ ყვავილთაგან, რომელთაც ხშირად აწყდებიან ადამიანები. მისი შხამიანი ნივთიერება მომაკვდინებელია, მიუხედავად ამისა სწორად დოზირების შემთხვევაში, გამოიყენება მედიცინაში. სხვა შხამებისაგან განსხვავებით მას არ აქვს შხამსაწინააღმდეგო პრეპარატი. კროკუსით მოწამვლა იწვევს წნევის ვარდნას და შემდეგ გულის გაჩერებას.
  • ლანდიში - მისი დიდი ოდენობით ორგანიზმში მოხვედრა იწვევს საყლაპავის ტკივილს, ღებინებას და დიარეას.
  • ადენიუმი - ძველი აფრიკის ტომები ადენიუმს ისრის წვერის მოსაწამლად იყენებდნენ. თუ მის შეძენას გადაწყვეტთ იზოლირებულ ადგილას უნდა განათავსოთ, რომ ბავშვი არ მიწვდეს. მასთან კონტაქტის დროს უნდა გამოიყენოთ ხელთათმანი და შემდეგ კარგად დაიბანოთ ხელი.
  • ანთურიუმი - ყვავილის წვენი შეიცავს ოქსალატებს. წვენის კანზე მოხვედრამ შესაძლოა გამოიწვიოს სიწითლე, ან ალერგიული რეაქცია. ხოლო მისი პირის ღრუში მოხვედრა იწვავს ხორხის შეშუპებას და პირის ღრუს წვას. მცენარესთან მუშაობისას გამოიჩინეთ სიფრთხილე.
  • დიფენბახია - მისი შხამიანი წვენი საკმაოდ სახიფათოა. მისი რძის მაგვარი სითხის ადამიანის კანზე მოხვედრა ძლიერ გაღიზიანებას იწვევს. ის განსაკუთრებით სახიფათოა თვალის ლორწოვანი გარსისთვის და პირის ღრუსთვის. ის სიბრმავეს და ენის გასიებას იწვევს, ამასთან, ადამიანს დროებით მეტყველების უნარსაც აკარგვინებს. დიფენბახია განსაკუთრებით სახიფათოა შინაური ცხოველებისთვის და პატარა ბავშვებისთვის, რომლებმაც შესაძლოა მისი ფოთოლი პირში ჩაიდონ და დაღეჭონ. ორგანიზმში მოხვედრილი მცენარის წვენი ხახის გასიებას, სუნთქვის შეკავებას და გაგუდვას იწვევს.
  • სუმბული - ყველაზე სახიფათო მისი ბოლქვები და წვენია. სუმბულის ერთ ბოლქვსაც შეუძლია სერიოზული პრობლემა შეუქმნას გულ-სისხლძარღვთა სისტემას და თირკმელებს.
  • ინგლისური სურო - მცენარის ღერო შხამიანია. თუ ის ადამიანის ორგანიზმში მოხვდება, ადამიანებს ეწყებათ ჰალუცინაციები, კრუნჩხვები, ციება, რამაც შეიძლება სიკვდილიც კი გამოიწვიოს.
  • სანსევიერია - მცენარის წვენი ტოქსიკურია, ამიტომ უნდა მოარიდოთ ბავშვებს. მისი წვენი ბავშვის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, გამოიწვევს ყელის ტკივილს, დიდი რაოდენობით ნერწყვის გამოყოფას და ღებინებას.
  • სპატიფილიუმი - პირის ღრუში მისმა მოხვედრამ შესაძლოა სიკვდილიანობაც კი გამოიწვიოს, ამიტომ სპატიფილიუმი მოარიდეთ პატარა ბავშვებს და შინაურ ცხოველებს, ხოლო თუ მისთვის დაზიანებული ფოთლების მოჭრას გადაწყვეტთ, რეზინის ხელთათმანები გაიკეთეთ.
  • ამარილისი - მისი წვენი შეიცავს ალკალოიდურ ნივთიერებებს. მოწამვლა ხდება ყვავილის ბოლქვის პირის ღრუში მოხვედრის შემდეგ. შესაძლოა მოწამლულ ადამიანს დაეწყოს კრუნჩხვები და ჰალუცინაციები.
  • პუანსეტია, იგივე შობის ვარსკვლავი - ყვავილი შეიცავს რძიან წვენს, რომელიც ტოქსიკურია და მისი ლორწოვან გარსში მოხვედრა იწვევს ქავილს და სიწითლეს.
ნუ შეუქმნით საფრთხეს თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობას. კარგად გაეცანით მცენარეს, სანამ მის სახლში მიტანას გადაწყვეტთ და როდესაც სახლში პატარა გყავთ, აუცილებლად დაიცავით სიფრთხილის ზომები, რომ მცენარე არ იყოს ბავშვისთვის მისაწვდომი.
მერი ბლიაძე


3268
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ფატი
16
ჯერ თქვენი თავი დაადანაშაულეთ და შემდეგ სხვას მოსდეთ შარი.8 თვის ბავშვს თვალი რომ არ უნდა მოაშოროთ ,ამას რა ცოდნა უნდა.
15:07 / 14-10-2020
ვარდო
0
შესანიშნავი სტატიაა. ამ შხამიან მცენარეებს აღწერის გვერდით ფოტოებიც რომ დებოდა მეტი ინფორმირებულობისთვის, მართლაც სრულყოფილი სტატია გამოცხვებოდა!
14:33 / 14-10-2020
მსგავსი სიახლეები