კორონავირუსის პანდემიამ ერთი აქამდე არც თუ ისე ნაცნობი ნივთის საჭიროება გააჩინა. ეს პულსოქსიმეტრია. ხელსაწყო, რომელიც პულსთან ერთად სისხლში ჟანგბადის შემცველობასაც ზომავს და ამით დროულ სიგნალს იძლევა, თუ ფილტვებში სახიფათო პროცესები იწყება. სისხლში ჟანგბადის დონე 95% და მეტი უნდა იყოს. როცა ეს მაჩვენებელი კლებულობს, საყურადღებოა და არამარტო კორონავირუსის დროს.
ბევრი ახსნა არ სჭირდება იმ ფაქტს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, პულსოქსიმეტრი ზუსტად ზომავდეს ამ პარამეტრს, შესაბამისად, თუ ამ ხელსაწყოს შეძენას გადაწყვეტთ, პირველ რიგში უნდა იცოდეთ, როგორ შეარჩიოთ სანდო მოდელი და როგორ მოიხმაროთ, რომ სწორი ციფრები მიიღოთ.
კონსტრუქცია: დააკვირდით, რომ ციფრები მკაფიოდ ისახებოდეს, არ ციმციმებდეს და არ ირეოდეს ერთმანეთში.
კორპუსი: პულსოქსიმეტრზე უნდა იყოს აღნიშვნა, რომ დავარდნის მიმართ მდგრადია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მალე გამოვიდეს მწყობრიდან.
მონაცემების სისწორე: აუცილებლად გატესტეთ პულსოქსიმეტრი ჯანმრთელ ადამიანზე და სასურველია, თავადაც გაზომილი გქონდეთ მაშინ, როცა არაფერი გაწუხებთ.
მიაქციეთ ყურადღება აღნიშვნებს - %SpO2 ამ მაჩვენებლის გასწვრივ ციფრი ჟანგბადის შემცველობას აღნიშნავს, ხოლო PR bpm-ის გაწვრივ ანთებული ციფრი პულსის მაჩვენებელია.
ფრჩხილებზე ლაქი, მითუმეტეს, მუქი ფერის, ცვლის მაჩვენებელს. მითუმეტეს, შილაკი და სხვა დამატებითი ფენები. ლაქი ან სრულიად უფერო და გამჭვირვალე უნდა იყოს, ან საერთოდ უნდა მოიცილოთ. გრძელი ფრჩხილი თითის მოწყობილობაში სწორად მოთავსებაში ხელს შეგიშლით. იარა, ხალი, ხორცმეტი და წანაზარდები თითზე ასევე ცვლიან პარამეტრებს.
ჩვეულებრივ, ადამიანები საჩვენებელ თითს ათავსებენ აპარატში, ასე უფრო მოხერხებულია, თუმცა რომელ თითზე გაიზომავთ, დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ერთ-ერთი კვლევა ამტკიცებს, რომ ყველზე ზუსტ მაჩვენებელს დომინანტი ხელის არათითი იძლევა. ეს ნიშნავს, რომ თუ ცაცია ხართ, მაცხენა ხელის არათითზე უნდა გაიზომოთ, თუ მემარჯვენე - მარჯვენა არათითზე.
გაზომვის წინ გაითბეთ ხელები - ცივ ხელებში სისხლის მიმოქცევა ნაკლებია და შეიძლება სატურაციის ცრუ დაბალი მაჩვენებელი მიიღოთ.
ჟანგბადის შემცველობა სისხლში დღის განმავლობაში ცვალებადია, ამიტომ რეკომენდებულია დღეში რამდენჯერმე გაზომვა. კოვიდის დროს ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა საჭიროების შემთხვევაში ექიმისთვის პასუხი მზად გქონდეთ.
პულსოქსიმეტრის მთავარი უპირატესობა ისაა, მანამ გამოავლინოს პრობლემა, სანამ თქვენ მას სუნთქვის გაძნელებით იგრძნობთ.
პულსოქსიმეტრის სხვადასხვა სახეობები არსებობს, თუმცა ექიმები თითზე გასაზომ მოდელს გირჩევენ. მართალია, ტელეფონის ზოგიერთ მოდელსაც აქვს ამ პარამეტრის საზომი, თუმცა ის სრულიად სხვა პრინციპით მუშაობს და მისი სისწორე მხოლოდ 75%-ია.