ნალი, ბროწეული და წითელი სანთელი - როგორ უნდა გამოიყენოთ ეს ნივთები ახალი წლის ღამეს ბარაქისა და კეთილდღეობის მოსაზიდად - ფენ შუის სპეციალისტის რჩევები - მშობლები

ნალი, ბროწეული და წითელი სანთელი - როგორ უნდა გამოიყენოთ ეს ნივთები ახალი წლის ღამეს ბარაქისა და კეთილდღეობის მოსაზიდად - ფენ შუის სპეციალისტის რჩევები

2020-12-11 12:47:33+04:00

ფენ შუის სპეციალისტი თიკა ქოქაშვილი მსოფლიოში ცნობილი გრანდ-მასტერების ლილიან ტუს და რაიმონდ ლოს მოსწავლეა. ფლობს სხვადასხვა ეზოთერიულ ცოდნას, თუმცა მისი ძირითადი მიმართულება ფენ შუია. ფენ შუის მიხედვით, სად დავდგათ ნაძვის ხე, რა ფერებით მოვრთათ და რა ნივთები უნდა ვიქონიოთ 2021 წელს სახლში, თიკამ ამ და სხვა საინტერესო საკითხზე შინ-ის მკითხველს რჩევები გაუზიარა.

- როგორ შეაფასებდით გასულ 2020 წელს და რა მოლოდინი გაქვთ ახალი 2021 წლისგან?

- საკმაოდ რთული იყო ვირთხის წელი. ძალიან გაუჭირდა მოსახლეობას, დანაკარგები გააქტიურდა, მაგრამ როგორც იყო ნათქვამი, ვინც იშრომებდა, გადარჩებოდა. მხოლოდ და მხოლოდ შრომას მოჰქონდა კეთილდღეობა. ჯერჯერობით ისევ ვირთხის წელია და კვლავ ასე გრძელდება. ჩინური კალენდრით 2021 წელი თებერვლის თვეში დადგება, აქედან გამომდინარე, ჯერ ისევ 2020 წლის ციკლში ვართ და ისევ მოქმედებს ეს რთული ენერგია, რომელსაც ძალიან მალე გავუშვებთ.

მეტალის ხარის წელი, რომელიც ახლა მოდის, არის უკეთესი წელი, ვიდრე 2020 იყო. ვირთხა გაიქცევა და ამ ყველაფერს დაასრულებს ხარი. რეალურად ვირთხა და ხარი ერთად არიან წარმოდგენილი აღმოსავლურ ასტროლოგიაში, ისინი არიან ერთმანეთის საიდუმლო მეგობრები. ვინც იმოქმედებს, მას ექნება კარგი შედეგი. ხარს უყვარს სიმართლე, არის სამართლიანი და ტრადიციების მოყვარული. ვინც იშრომებს, იმოქმედებს, ხარი დაეხმარება მათ. წელს არის ტალანტების წარმოჩენის პერიოდი. ხარი არის მშრომელი, მეგობრული, მზრუნველი, ჭკვიანი, მომთმენი. საკმაოდ კარგი კავშირი აქვს კოსმოსთან. ასევე ძალიან განვითარებადი იქნება კომპიუტერული და ციფრული სამყარო.

ჩვენ ვანაწილებთ როგორც დიდ მეტალს და პატარა მეტალს. წელს არის პატარა მეტალის წელი და პატარა მეტალი შეიძლება იყოს ტყვიაში, ლურსმანში, პატარა დანაში, ამიტომ, ყველაფრის მიუხედავად, მას მაინც გააჩნია თავისი სახიფათო მომენტები. ერთადერთი რაც არის, ცეცხლის სტიქია აკლია ამ წელს და არის რეკომენდაცია, რომ წითელი ფერი აუცილებლად გამოვიყენოთ სახლში. იყავით ამ წელს მშრომელი, გულახდილი და უცილებლად გაგიმართლებთ. აუცილებელია, რომ ოპტიმისტურად შეხვდეთ 2021 წელს. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.

mshoblebi

- საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო. რას ურჩევთ ადამაინებს, ნაძვის ხის მორთვისას რას მიაქციონ ყურადღება, სად განათავსონ ხე და როგორ გააფორმონ, რომ ამან კეთილდღეობა მოიტანოს?

- ნაძვის ხე არ არის ფენშუის სიმბოლო, მაგრამ მას აქვს ისეთი აქტივაციები, რომელიც შეიძლება სასიკეთოდ გავანაწილოთ ჩვენს სახლში და მოვიზიდოთ დადებითი ენერგიები. ფენშუის მიხედვით სახლის ყველა სექტორს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ყველა სექტორი ააქტიურებს რაღაცას. ამიტომ არის რამდენიმე სექტორი, რომლის განათების შედეგადაც, ან საჭირო ფერების და ელემენტების გააქტიურების შედეგად მოვიზიდავთ დადებით ენერგიას. მაგალითად, ნაძვის ხის დადგმა სექტორების მიხედვით, რაც კომპასის მიმართულებით უნდა ნახოთ. სახლის ცენტრიდან უნდა გაანაწილოთ, რომელ მხარეს შეგიძლიათ დადგათ ნაძვის ხე. დეკემბრის თვეში ასეთი სექტორები არის სამხრეთ-აღმოსავლეთი, სამხრეთ-დასავლეთი, დასავლეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი. ხოლო იანვრის თვეში ასეთი სექტორები არის დასავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი. რომ არ ატაროთ ნაძვის ხე აქეთ-იქით, მე გავუწევდი რეკომენდაციას დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ სექტორებს.

სამხრეთ-აღმოსავლეთი არის ბარაქის სექტორი, აქ იდგმევა ხის სტიქიის, ანუ მწვანე, ყავისფერი, იასამნისფერი ყვავილებით, ბეჟი ფერებით მორთული ნაძვის ხე. სამხრეთ-დასავლეთი არის სიყვარულის სექტორი და არის სტიქია მიწა. აქ ცეცხლოვანი ფერები დაშვებულია და შეგიძლიათ მოსართავად გამოიყენოთ წითელი ბურთები, ყავისფერი მოსართავები, ბეჟი და თეთრი ფერები. ცეცხლის სტიქიაში ასევე შედის ყვითელი, სტაფილოსფერი, იასამნისფერი.

დასავლეთ სექტორი, რომელიც დეკემბერშიც და იანვარშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, არის ძალიან კარგი, მეტალის სექტორი. შეგიძლიათ დადგათ, ვერცხლისფერი, თეთრი ნაძვის ხე. აქ შეგიძლიათ სხვადასვა ფერის სათამაშოების გამოყენება.

რაც ვთქვი სამხრეთ-დასავლეთზე, ზუსტად იგივეს ვიტყვი ჩრდილო-აღმოსავლეთზე, რადგან ერთი და იგივე სტიქიაა.

ნაძვის ხის განათება შეგიძლიათ მხოლოდ დასავლეთ სექტორში, ჩრდილო-აღმოსავლეთ სექტორში და ჩრდილო-დასავლეთ სექტორში. თუ ნაძვის ხეს არ დადგამთ ამ სექტორში, შეგიძლიათ უბრალოდ განათებით, გირლანდებით გააფორმოთ, რომელიც ძალიან კარგად გაააქტიურებს თქვენს სახლს და მოიზიდავს პოზიტივს.

ჩრდილო-დასავლეთ სექტორი არის დამხმარე ძალა და აქ გააქტიურდება დამხმარე ადამიანების საქმეებში წარმატება. ხოლო დასავლეთ სექტორი არის შემოქმედება, წარმატება და ის ბავშვების სექტორადაც ითვლება. ძალიან კარგია ეს სექტორი, გაძლიერდება ფინანსური კეთილდღეობა. ასევე ჩრდილო-დასავლეთიდან და დასავლეთიდან აქტიურდება ფინანსები. ჩრდილო აღმოსავლეთი არის, სიბრძნე, განვითარება, სწავლის სექტორი. აქაც ისეთი ვარსკვლავები აქტიურდება, როგორიც არის ფულადი შემოდინება, კარიერული წარმატებ, კეთილდღეობა.

- საშობაო სუფრის შესახებ რას გვეტყვით, რა ნივთებით, ფერებით, დეკორაციით, კერძებით გააფორმონ სუფრა?

- ფენ შუის მიხედვით, საშობაო სუფრაზე წელს აუცილებელია ხარის ფიგურის ქონა. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ ხარის საიდუმლო მეგობარია ვირთხა და ვირთხის ფიგურის ქონა არის ძალიან კარგი. სუფრაზე უნდა დომინირებდეს ოქროსფერი, ვერცხლისფერი, თეთრი ფერები. აღნიშნული ფერების სანთლები დაალაგეთ მაგიდაზე. ამასთან, აუცილებლად ერთი მაინც დაამატეთ წითელი სანთელი. ფენ შუის მიხედვით, სუფრაზე ვდებთ მანდარინის ტოტებს, ბროწეულს, ატამს, რომელიც არის ბარაქის ნიშანი. სუფრაზე ძალიან კარგია წითელი დეკორაციები. ასევე წელს ძალიან კარგი იქნება თუ სახლში გექნებათ ნალების ფიგურები. შეგიძლიათ ჯერ ნაძვის ხეზე დაკიდოთ და შემდეგ განათავსოთ შემოსასვლელში.

კერძები ძირითადად იქნება სხვადასხვა სახეობის სალათები, ბოსტნეული, წითელი ღვინო. საერთოდ ძალიან კარგია სუფრაზე იქონიოთ სხვადასხვა სახეობის ხილი.

შეგიძლიათ ჩაიცვათ ვერცხლისფერი, ოქროსფერი, წითელი ბრჭყვიალა სამოსი. ამასთან წითელი ფინანსების ფერად ითვლება და ზუსტადაც 2021 წელს ბარაქის საფულეები იქნება წითელი ფერის.

- ფენ შუის მიხედვით, წელს რომელი ნივთია აუცილებელი, რომ სახლში გქვონდეს და სად უნდა განვათავსოთ ის?

- ეს არის ხარის ფიგურა. ფენ შუის ნივთებიდან თვითონ ეს ხარის ფიგურა შემდეგ მთელი წელი უნდა განათავსოთ დასავლეთ სექტორში. ზოგადად ხარის სექტორი არის ჩრდილო აღმოსავლეთით, აქაც შეგიძლიათ განათავსოთ და ასევე დასავლეთ სექტორშიც. ასევე, როგორც გითხარით, მნიშვნელოვანია, რომ წელს სახლში იქონიოთ ნალი.