რჩევები, რომლებიც ვაჟს აუცილებლად უნდა მისცეთ
რჩევები, რომლებიც ვაჟს აუცილებლად უნდა მისცეთ
ბავშვის აღზრდა მარტივი ამოცანა არ არის. მიდგომები კი ინდივიდუალურია და ყველა მშობელი თავად წყვეტს. თუმცა არის ასევე რჩევები, რომლებსაც ფსიქოლოგები და გამოცდილი მშობლები გვაძლევენ ხოლმე და იმასაც გვეუბნებიან, რომ ხანდახან ის, რასაც ქალიშვილს ურჩევთ, შესაძლოა ვაჟის შემთხვევაში არ გამოგადგეთ.
გთავაზობთ რჩევებს, რაც ბიჭების აღზრდის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა და ის, რაც მთელი ცხოვრება გამოადგებათ.
რჩევები, რაც ვაჟს უნდა მისცეთ:

1. საკუთარ თავზე აიღე პასუხისმგებლობა შენს ცხოვრებაზე

გამძლეობით შეგიძლია სხვადასხვა სირთულეს გაუმკლავდე. ცხოვრებაში კი ხშირად გიწევს გამოწვევები მიიღო და მათ გადაჭრაზე
იფიქრო. არავის დააბრალო, პასუხი მხოლოდ საკუთარ თავს მოსთხოვე, მაგრამ მაშინ, როცა დახმარება გჭირდება, თხოვნის არ უნდა შეგეშინდეს.

2. მამაცი და გაბედული იყავი

მაშინაც კი, როცა შინაგანად ძალიან შეშინებული ხარ, ისე მოიქეცი, თითქოს ყველაფერი რიგზეა. თუ რამის გეშინია, წარმოიდგინე, რომ ყველაზე ცუდი უკვე მოხდა. გამოდის, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა და ამის შემდეგ ცხოვრებას შიშის გარეშე შეძლებ.

3. თუ გინდა, რამეს მიაღწიო, იმუშავე, არ იზარმაცო

ის ადამიანები იმარჯვებენ, რომლებიც წარუმატებლობის შემდეგ ისევ აგრძელებენ ბრძოლას და
არ ნებდებიან. უსაქმურები კი ვერასდროს ვერაფერს მოიგებენ. თუ შენს ცხოვრებაში ყველაფერი ისე არაა, როგორც შენ გინდა და ამის გამო უკმაყოფილო ხარ, შეცვალე ის, რაც არ მოგწონს.

4. იყავი კონკურენტუნარიანი

ჯანსაღი კონკურენცია დიდი სიძლიერეა, თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ სხვები შენზე არც უკეთესები არიან და არც უარესები. შური უნდა მოიშორო. მაგრამ, თუ ეს გრძნობა მაინც შენთან დარჩება, ყურადღება მიაქციე. ეს სიგნალია, რომ თავადაც მიაღწიო იმას, რისიც გშურდა.

mshoblebi

5. შეინარჩუნე შინაგანი სიმშვიდე

როდესაც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდები, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სიმშვიდე არ დაკარგო. ყოველთვის არსებობს გამოსავალი, მთავარია მშვიდად იყო. დაიმახსოვრე: მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა ხდება, არამედ ის, თუ როგორ რეაგირებ მასზე.

6. ნუ შეგეშინდება შეცდომების დაშვების

იცი, ვინ არ უშვებს არასდროს შეცდომას? მართალია, ის, ვინც არაფერს აკეთებს. ამიტომ, დაფიქრდი, როდესაც შეცდომას უშვებ, ზედმეტად ხომ არ ხარ ორიენტირებული წარმატებაზე ან საკმარისად არ ცდილობ?

7. კეთილგანწყობა შეინარჩუნე

როდესაც შენს ცხოვრებაში ცუდი დღეები იქნება, შეეცადე, უკეთესად მოექცე სამყაროს, ვიდრე ის შენ გექცევა. რაც არ უნდა მოხდეს, წინ ღიმილით იარე და ყოველდღე გააკეთე რამე კარგი.

8. შეადგინე გეგმა

ოცნება მხოლოდ პირველი ნაბიჯია. მათ განსახორციელებლად კი აუცილებელია ნაბიჯები, გეგმა, რომლის მიხედვითაც დასახულ მიზანს მიაღწევ. ყურადღება მიაქციე თითოეულ ნაბიჯს და ნუ გაგიცრუვდება იმედი, თუ რამე გეგმის მიხედვით არ მიდის. ყოველთვის შეგიძლია ტაქტიკის შეცვლა.

9. ნუ იქნები ზედმეტად თვითკრიტიკული

თუ დანაშაულს ჩაიდენ, აღიარე და გამოსწორებაზე იფიქრე, მაგრამ დიდხანს ნუ ინანებ და თვითკრიტიკას ნუ დაუთმობ ზედმეტ დროს. ნუ იქნები ზედმეტად სერიოზული, საკუთარ თავზე იცინე და დაინახე, რომ ზოგჯერ რაღაცები იმაზე მარტივია, ვიდრე შენ გგონია.

10. მუდმივად განაგრძე სწავლა და განვითარება

რამდენი წლისაც არ უნდა იყო, სწავლა არასდროს შეწყვიტო. ტვინის აქტიური მუშაობა სიბერეშიც კი შეინარჩუნე, რადგან სამყარო მუდმივად იცვლება და ახალ ცოდნასა და უნარებს მოითხოვს. თუ ადამიანი განვითარებას შეწყვეტს, განწირულია. არ შეგეშინდეს არცოდნის, მაგრამ ის რაც არ იცი, მალევე ისწავლე.

mshoblebi

11. თუ ვინმეს წაქცეულს ნახავ, დაეხმარე

იყავი ადამიანი, რომელსაც სხვების დახმარების უნარი შესწევს. ავტობუსში ადგილის დათმობა, ბებოსთვის გზაზე გადასასვლელად დახმარება ან კიდევ სურსათით სავსე მძიმე ჩანთების წაღება, მიუსაფარი ცხოველებისა გამოკვება რთული არ არის.

12. იზრუნე საკუთარ ჯანმრთელობაზე

აუცილებელია საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, საჭიროების შემთხვევაში, ექიმს უნდა მიმართო, კარგად უნდა იკვებო, საჭირო დროით გეძინოს, ივარჯიშო და იყო ფიზიკურად აქტიური. გახსოვდეს, მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია.

13. გახსოვდეს, შენი ბედნიერება შენსავე ხელშია

ყველაფერი, რაც ბედნიერებისთვის გჭირდება, შენს ხელთაა. სხვა შენს ნაცვლად ვერავინ გააკეთებს ამას.

14. გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელე როგორც გონებით, ასევე გულით

ძალიან მნიშვნელოვანი ამბები სწრაფად არ გადაწყვიტო, განსაკუთრებით საღამოს. უკეთესია, კარგად გამოიძინო, დაფიქრდე და დილით მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. შენს გულს მოუსმინე, რადგან ხშირად ის უფრო მნიშვნელოვან რჩევასა და სიგნალს გაძლევს, ვიდრე ირგვლივ მყოფი ადამიანები.

15. იცოდე, რომ ტირილი ნორმალური რამ არის

კი, შენ კაცი ხარ, მაგრამ კეთილი, მგრძნობიარე და სამართლიანი. ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც გინდა და დროდადრო რაღაცებს დაკარგავ. თუ ჩათვლი, რომ ტირილით შვებას იგრძნობ, იტირე და დაიცალე დარდისგან.

16. საუკეთესო ბოდიში სიტყვები კი არა, ქმედებაა

მხოლოდ რეალურად გადადგმულ ნაბიჯს შეუძლია აჩვენოს ადამიანს, რომ შეცდომას მიხვდი და მის გამოსწორებას ცდილობ.

mshoblebi

17. გახსოვდეს შენი ოჯახი

ოჯახი - ყველაზე ახლობელი და მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, რომლებიც შენთან ერთად გაიზიარებენ სიხარულს და რთულ დროს გვერდით დაგიდგებიან. ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში ეყვარები, ამიტომ ნუ დაკარგავ ამ ადამიანებს.

18. იყავი ის, ვინც ხარ

უნიკალური ადამიანი ხარ, ისევე, როგორც ყველა, ვინც ამ პლანეტაზე ცხოვრობს. დედამიწაზე საკუთარი კვალის დატოვება შეგიძლია. თუ ნამდვილად გაქვს ნიჭი, განავითარე. არასდროს იმოქმედო ბრბოს წესებით. საკუთარი ხედვა უნდა გქონდეს.

19. ყველა შენი სიტყვა ნამდვილი უნდა იყოს

ფრთხილად შეარჩიე თითოეული სიტყვა. ეცადე, სიმართლე ილაპარაკო და დანაპირები შეასრულო. ძალიან კარგი იქნება, თუ შენს ყველა სიტყვაზე პასუხისმგებლობას აიღებ.

20. პატიება შეგეძლოს, მათ შორის, საკუთარი თავისაც

წყენას ნუ დატოვებ, ის გაგანადგურებს. რაც უფრო მალე მოიშორებ, უკეთესია. ნურც საკუთარ თავზე გაბრაზდები უმიზეზოდ, რადგან ადამიანი, რომელიც პირველ რიგში უნდა გიყვარდეს, თავად ხარ.

ეს რჩევები არც აბსურდულია და არც არაპრაქტიკული. პირიქით, ცხოვრებისეულია და ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ზრდასრული ადამიანი ამბობს, ბავშვობაში მათ რომ ეს სიტყვები მოესმინათ, სხვანაირები იქნებოდნენ.

2571
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
მაია
0
ეს არა მარტო ბიჭებისთის, ყველასთვის კარგი რჩევებია
08:17 / 16-02-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი