2019 წელს ნიუ-იორკში ოფიციალურად აკრძალეს ბავშვის საწოლებში რბილი ბალიშები გვერდებში. ასეთი რბილი გვერდების საფრთხეზე რა ხანია ცნობილია - ბავშვი შეიძლება ძილში ცხვირით ან პირით მიედოს რბილ ბალიჩებს და გაიგუდოს.
კიდევ რა ფარული საფრთხეები ელოდება ბავშვს სახლში? ყველასთვის კარგად ცნობილი შტეფსელების, წვეტიანი საგნებისა და სხვათა გარდა.
სკამი აბაზანისთვის - სპეციალური სავარძელი ბანაობისთვის ქმნის განცდას, რომ ბავშვი უსაფრთხოდაა. თუმცა ცნობილია ბევრი შემთხვევამ, როცა ბავშვი გადმოცურებულა სკამიდან წყალში და დამხრჩვალა. იგივე ეხება სპეციალურ რგოლებს ბანაობისა და ცურვისთვის. არასდროს დატოვოთ ბავშვი აბაზანაში უმეთვალყურეოდ, სულ გვერდით იყავით ბავშვთან.
გამოსაცვლელი მაგიდა - ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვები ვარდებიან ამგვარი მაგიდებიდან, იმ ასაკშიც კი, როცა დამოუკიდებლად ვერ ტრიალდებიან. შეიძლება, უსაფრთხოებისთვის იყიდოთ მაგიდა, რომელსაც მოაჯირები აქვს ან სპეციალური ღვედები მოჰყვება, რომლებიც ბავშვის ტანს აფიქსირებს, სანამ უცვლით. თუმცა ყველაზე საიმედოა, დაიჭიროთ ბავშვი ცალი ხელით, როცა მეორეთი უცვლით და რა თქმა უნდა, არ დატოვოთ მარტო ამ მაგიდაზე, წამითაც კი.
ჟალუზები ჯაჭვზე ან სადენებზე - ბავშვი შემთხვევით შეიძლება აიხლართოს ამ სადენებში და ყოფილა მოგუდვის შემთხვევა. ამიტომ ეცადეთ, როცა ბავშვი უკვე სწავლობს ხოხვას და სიარულს, მისთვის მისაწვდომ მანძილზე არ იყოს ეს სადენები.
ნებისმიერი მძიმე ნივთი საწოლის ან გამოსაცვლელი მაგიდის თავზე - იქნება ეს კედლის ჩარჩო თუ ნახატი, კერამიკული ფიგურა და ა.შ. ყველაფერი პოტენციურად საფრთხეს წარმოადგენს პატარისთვის.
არაგონივრულად განაწილებული ავეჯი - დააკვირდით, რომ ფანჯრებთან არ იდგეს სავარძლები, მაგიდები, სკამები, ყველაფერი, რაზეც შეიძლება აძვრეს ბავშვი და აღმოჩნდეს ფანჯარასთან.
ავეჯი აუცილებლად კარგად დაამაგრეთ და დააფიქსირეთ, იქნება ეს სტელაჟები, კომოდები, კარადები თუ ტელევიზორის სამაგრი, რომ ახალფეხადგმული ან მხოხავი ბავშვისთვის საფრთხედ არ იქცეს.
სამზარეულოს ქურა - არასდროს დატოვოთ მასთან ბავშვი მარტო და არ დატოვოთ მასზე ცხელი ჭურჭელი ისე, რომ კიდეზე იყოს, ხელმისაწვდომად. ეცადეთ, ყველაფერი ცხელი და ჩამოსავარდნი უფრო შორეულ კამფორებზე მოათავსოთ. არ დართოთ ბავშვს ნება, გახსნას ღუმელი - ერთხელ თუ გააკეთებს, მერე აუცილებლად ეცდება უთქვენოდაც.
ჭურჭლის სარეცხი მანქანა - ყველა ბასრი ნივთი ძირში დადეთ, ხოლო სარეცხი საშუალებები ისე დაალაგეთ, რომ ბავშვი არ მისწვდეს. ჭურჭლის სარეცხი მანქანაც შეგიძლიათ ჩაკეტოთ, როცა არ იყენებთ.
ჩანთები - ნებისმიერი ჩანთა, რომელშიც არის კოსმეტიკა ან ბასრი საგნები, მოათავსეთ ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას. ასევე - სტუმრის ჩანთა, რომელშიც არ იცით, რა შეიძლება იდოს - წამლები, მონეტები, მაკრატელი და ა.შ.