დიასახლისები ზამთრისთვის მარაგის შექმნის მიზნით ხშირად ამზადებენ სხვადასხვა კონსერვსა თუ მურაბას. თუმცა, დაკონსერვებული პროდუქტის მიღებისას განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. ასევე, ბევრი ადამიანი თვლის, რომ გირჩის მურაბა იმუნიტეტის ასამაღლებლად კარგი საშუალებაა და ამ მიზნით მიირთმევენ. სინამდვილეში აქვს თუ არა გირჩის მურაბას ეს ეფექტი და რა უნდა გაითვალისწინოთ კონსერვების გამოყენებისას, ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს:
- ჩვენს ტრადიციულ პროდუქტთა შორის გირჩის მურაბა არასდროს განიხილებოდა ხოლმე. არც კი მინახავს რაიმე მტკიცებულება და მაღალი სანდოობით ჩატარებული კვლევა, სადაც დადადტურებულია, რომ გირჩის მურაბა რაიმე ნიშნით აუმჯობესებს ადამიანის იმუნურ სისტემას და, მით უფრო, სუნთქვის უკმარისობას. როგორც წესი, ასეთი ხმამაღალი განაცხადისთვის ძალიან სერიოზული საბუთი, სარწმუნო არგუმენტი უნდა გვქონდეს. ასეთი არგუმენტი არ გვაქვს, ამიტომ, მე, როგორც კვების სპეციალისტი, ვერაფრით დავეთანხმები იმას, რომ გირჩის მურაბა შეიძლება ამ მიზნით გამოვიყენოთ. რაც შეეხება მარაგებს, ვისარგებლებ შემთხვევით და გეტყვით, რომ ნებისმიერ მარაგს, ვიდრე გამოვიყენებთ, შეფასება სჭირდება. არაერთხელ გვითქვამს, რამდენად საყურადღებოა დაკონსერვებული პროდუქტის მოხმარება. მინდა ვთხოვო დიასახლისებს, თუ თქვენ შინ მომზადებული კონსერვები გაქვთ და გადაწყვიტეთ ოჯახისთვის სადილში გამოიყენოთ ან რაიმე საკვებთან ერთად ჩართოთ რაციონში, ქილის გახსნისას, მას შემდეგ, რაც ხუფს მოხსნით, არ დააგემოვნოთ. თუ პროდუქტი რისკისშემცველია, პირველი სამიზნე თქვენ აღმოჩნდებით. უკეთესია ასეთი პროდუქტები არ გავაკეთოთ, მაგრამ თუ გავაკეთებთ, მაშინ თერმულად დავამუშაოთ. ვიდრე გამოვიყენებთ 10-15 წუთი უნდა წამოდუღდეს, რომ უსაფრთხო გახდეს.
ხანგრძლივი შენახვისთვის პლასტმასის გამოყენებას არ მივესალმები. მინა, თიხა, კერამიკა ბევრად უფრო უსაფრთხო საშუალებაა, ვიდრე პლასტმასი. არასდროს შევინახოთ მარაგი პლასტმასში. როდესაც კონსერვს ობის შრე აქვს, ძალიან ხშირად დიასახლისები ობს მოხსნიან და პროდუქტს ჩვეულებრივ მოიხმარენ. როდესაც ობის სოკოს კოლონიებს ვუყურებთ, ეს მისი ხილული ნაწილია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სოკო, თავისი სპორებით, ფენის ქვეშ არ არის. ერთი შეხედვით, სუფთა ზედაპირს რომ ვხედავთ, დიდი ალბათობით, ისევ სოკოა. ამიტომ, უმჯობესია შეველიოთ ასეთ პროდუქტს, ვიდრე გამოვიყენოთ. ძალიან ძლიერი ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს. გარდა ამისა, ასეთი პროდუქტების სისტემატური გამოყენება ორგანიზმის ჯანმრთელობაზე სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს. ვისაც ნიგოზი, თხილი ან ჩურჩხელა არასწორად ჰქონდა შენახული, ოდნავ სიმძაღე ან ობის გემო შეჰყვება, მაინც მიირთმევენ ხოლმე. არ დავეთანხმები ასეთ არჩევანს იმიტომ, რომ ასეთი პროდუქტები სახიფათოა, განსაკუთრებით ჩვენი ღვიძლისთვის. ხოლო, რაც შეეხება გადადუღებას, გადადუღება სოკოს ვერ ერევა. როგორც წესი, სოკო თავს გადაირჩენს ხოლმე, ამიტომ, არ მიმაჩნია გამოსავლად პლასტმასის ჭურჭელში დაობებული პროდუქტის ჯერ გადადუღება და შემდეგ გამოყენება.