ბავშვს რომ სკოლაში კორონავირუსი არ გადაედოს - ექიმის რჩევა მშობლებსა და მასწავლებლებს
ბავშვს რომ სკოლაში კორონავირუსი არ გადაედოს - ექიმის რჩევა მშობლებსა და მასწავლებლებს


სკოლაში სასწავლო პროცესის აღდგენას ყველა დიდხანს ელოდა. თუმცა ასევე ყველა გრძნობს, რომ განსხვავებული წესებით მოუწევთ სასკოლო სცხოვრებაში ჩართვა. განსაკუთრებით ეს კვებას ეხება. ბავშვებს სკოლაში წახემსება აუცილებლად სჭირდებათ, ან დროს კი ინფექციის გავრცელების რისკი ძალიან მაღალია. როგორ უნდა იკვებოს ბავშვი სკოლაში უსაფრთხოდ, რა გავატანოთ სახლიდან და რა პირობები უნდა იყოს კლასში, რომ წახემსების პროცესმა ბავშვებს რისკი არ შეუქმნას. ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" მასწავლებლებსა და მშობლებს საჭირო რჩევებს აძლევს.
ქალბატონი მარი პირველ რიგში პედაგოგებს მოუწოდებს,
ცოტა ხნით გადადონ ყავის ერთად დალევის, ერთად წახემსების ტრადიცია. „როცა ჩვენი კოლეგები, ექიმები, ექთნები მორიგეობისას ერთად მიირთმევდნენ, დაინფიცირების ძალიან მაღალი პროცენტი მივიღეთ. ნუ გავიმეორებთ იგივეს სკოლებშიც“ - ამბობს მარი მალაზონია და დეტალურად გვირჩევს, რა წესებით უნდა მიმდინარეობდეს წასახემსებელი შესვენება სკოლაში.


როგორი უნდა იყოს წასახემსებელი შესვენება

„როცა ბავშვებს ვაძლევთ წახემსების საშუალებას, ეს ჯობია გააკეთოთ კლასში და არა რაიმე დიდ საერთო სივრცეში. წახემსებამდე გაანიავეთ ოთახი, ჭამის დროს ბავშვები ერთმანეთის პირისპირ არ უნდა ისხდნენ, მათ შორის უნდა იყოს დისტანცია და უნდა ისხდნენ ერთმანეთისკენ ზურგით ან მიმდევრობით. როცა ერთდროულად იხსნიან ნიღაბს და ჭამას იწყებენ, არ უნდა იყოს ერთმანეთში გადალაპარაკება.
ვინც შესვენების დასრულებამდე დაამთავრებს კვებას, ისევ უნდა გაიკეთოს ნიღაბი და ასე გააგრძელოს
საუბარი. ძალიან რთულია ამის შესრულება და სტრესის წინაშე ვაყენებთ ბავშვებს, მაგრამ ეს არის საერთაშორისო რეკომენდაციების ნაკრები, რომლის შესრულებაც აუცილებელია. წახემსების შემდეგ ოთახი კვლავ უნდა განიავდეს“ - ამბობს მარი მალაზონია. მშობლებს კი სთხოვს, ერთჯერადი კონტეინერები გამოიყენონ, რომელსაც ბავშვი კვების მერე გადააგდებს.


ერთჯერადი კონტეინერები

„მშობლებს ვთხოვ, გამოიყენეთ ერთჯერადი კონტეინერები (ლანჩბოქსები), რომლებსაც დანაყოფები აქვს და საკვების ერთმანეთისგან გამიჯვნაა შესაძლებელი. ასე ხელით შეხების ზედაპირი მცირდება. ერთჯერადი უნდა იყოს ჩანგალიც, კოვზიც, რომ ბავშვმა გამოიყენების შემდეგ გადააგდოს.
mshoblebi
თუ კონტეინერი ძვირად გეჩვენებათ, ერთჯერად პოლიეთილინის პარკებში ჩააწყვეთ საკვები ცალ-ცალკე ულუფებად ან ხელსახოცში გაახვიეთ. გაატანეთ მყარი შეკრული პროდუქტები, რასთანაც ნაკლები ჩხირკედელაობა დასჭირდებათ.
გააფრთხილეთ ბავშვი, რომ კვების წინ აუცილებლად დაიმუშაოს ხელები. თუ ხელის დაბანის საშუალება არაა, ნაკლებჰიგიენურ ადგილზე შესვლას, ჯობია სპირტის შემცველი ხსნარი დაისხას და ამის შემდეგ მოკიდოს პროდუქტებს ხელი“ - ამბობს ქალბატონი მარი და კონკრეტულ პროდუქტებსაც ასახელებს, რომლებიც მოხერხებულიცაა და არც ჯანსაღი კვების პრინციპებს დაარღვევს.

რა გავატანოთ ბავშვს სკოლაში

„ჯანსაღი თეფშის პრინციპი რომ შევინარჩუნოთ, გირჩევდით, აიღეთ მაწონი, ჩაყარეთ ცოტა შვრია, დაამატეთ ნებისმიერი სეზონური ხილი და გაატანეთ კარგად თავდახურული კონტეინერით. ბავშვი მას ერთჯერადი კოვზით მიირთმევს და გადააგდებს.
იგივე პროდუდუქტები შეგიძლიათ შეურიოთ ხაჭოს, ასევე სხვადასხვა ჩირი, ნიგოზი, თხილი. შეგიძლიათ გაატანოთ ბანანი, ვაშლი, ჩურჩხელა, მოტკბო ტყლაპი, მოხარშული კვერცხი, ყველი და პური. არ არის აუცილებელი, დახარჯოთ ბევრი ფული, დახარჯეთ დრო მათ მომზადებასა და შეფუთვაზე.
არ გაატანოთ კრემიანი, ზედმეტად ტკბილი საკვები. არ არის საჭირო კანფეტები, რათა ერთმანეთისთვის გაზიარება არ მოუნდეთ. ვიცით, რომ ნივთების და საკვების გაზიარება რისკია.
რაც შეეხება წყალს, ჯობია გაატანოთ ბოთლი, რომელსაც საწოვარას მსგავსი თავი აქვს, მას სპორტსმენები ხშირად იყენებენ.“
mshoblebi
3504
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები