ყაზანში მომხდარმა ტრაგედიამ და ბოლო დროს მომხდარმა არაერთმა მსგავსმა ტრაგიკულმა ფაქტმა, ბევრი დააფიქრა სასკოლო უსაფრთხოების საკითხზე, რომელიც გადასახედია და დამატებით ზომებს მოითხოვს.
სკოლებში სროლის ფაქტები უცხოური მედიიდან ხშირად გვესმის. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები იმდენად გახშირდა, რომ ახალი ტერმინი „სქულშუთინგიც“ დამკვიდრდა.
ვერტერის სინდრომის თანახმად, სკოლაში სროლას განმეორებითი ეფექტიც ახასიათებს. ანუ მომხდარ ტრაგედიას მალევე მოჰყვება ხოლმე მსგავსი შემთხვევა. ამიტომ აშშ-ში შეიმუშავეს წესები და რეკომენდაციები, რომლებიც ასეთი ინციდენტების დროს უნდა შესრულდეს. ეს რჩევები განკუთვნილია როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე სკოლის თანამშრომლებისთვის. ამერიკელი მოსწავლეები ხშირად გადიან სპეციალურ ტრენინგებსაც. ვიმედოვნებთ, ასეთი თავდასხმები ჩვენთან არასოდეს მოხდება, თუმცა ჯობია, ყველაფრისთვის მზად ვიყოთ.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ სასკოლო სივრცეში სროლა ატყდა?
გაიქეცი
მაშველები, სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლები თუ სკოლის ფსიქოლოგები, ყველანი ერთხმად მოგვიწოდებენ - თუ გაქცევის საშუალებაა, გაიქეცით. აზრი არ აქვს შეიარაღებული მოძალადისთვის ჭკუის დარიგებას, რომ იარაღი დააგდოს ან არ ისროლოს, ამიტომ მის გონზე მოყვანას ნუ შეეცდებით. მას ერთადერთი მიზანი აქვს, ვინმესთვის სროლა და სიკვდილი, ამიტომ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობა შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ. ამიტომ უკანმოუხედავად უნდა გაიქცეთ და ვინც ყოყმანობს, ისიც უნდა გაიყოლოთ.
დაიმალე
თუ გაქცევის საშუალება არაა, უნდა დაიმალოთ ოთახში, კაბინეტში, რომლის კარის ჩაკეტვა და ბლოკირება შეიძლება. მაგალითად, კართან ბარიკადებივით უნდა დააწყოთ მერხები, სკამები, კარადა... გამორთეთ ტელეფონი, არ იყვიროთ და საშველად არავის მოუხმოთ, სანამ მოძალადე იქვე ტრიალებს. ჩუმად იჯექით.
იმოქმედე
ეს უკიდურესი ზომაა და მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა სცადოთ, თუ არც გაქცევის და არც დამალვის დრო აღარ გაქვთ. ცეცხლმაქრი, წიგნის თარო, გლობუსი თუ კომპუტერი შეგიძლიათ თავდასხმისთვის გამოიყენოთ, თუ მოძალადე იარაღს ტენის, შემთხვევით ძირს დაუვარდა ან რამეზე გადაიტანა ყურადღება.
რა თქმა უნდა, ყველანაირად უნდა ეცადოთ, რომ პირველი და მეორე ხერხი გამოიყენოთ და საქმე აქამდე არ მივიდეს.