კვების გავრცელებული პრინციპი - ცოტ-ცოტა და მალ-მალე, ბავშვებისთვის არ გამოდგება. უკრაინელი პედიატრი ევგენი კომარსოვსკი განმარტავს, თუ რა სარგებლობა მოაქვს ბავშვის ორგანიზმისთვის შიმშილის გრძნობას.
„ხშირად გაიგონებთ მოწოდებას: „ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად მიირთვით“. ბევრს ჰგონია, რომ სწორედ ესაა ჯანსაღი კვების მოდელი და ცდილობენ, ბავშვიც მიაჩვიონ მას. სინამდვილეში ეს მათთვისაა, ვისაც წონაში დაკლება სურს, რათა მოშიებულმა ორგანიზმმა ერთ ჭამაზე არ მიიღოს კალორიების დღიური ნორმა. სამაგიეროდ, ეს პრინციპი არ გამოდგება ბავშვებისთვის“ - ამბობს ცნობილი პედიატრი. მისი თქმით, წლინახევრის ბავშვის მშობლებმა მიმართეს კონსულტაციისთვის. აღმოჩნდა, რომ მათი შვილი დღეში სამჯერ ჭამს საკმაოდ დიდ პორციებს. მშობლები კმაყოფილები არიან, რადგან ბავშვიც კმაყოფილია და კარგად ძინავს. სამაგიეროდ, ბებია ტეხს განგაშს: ახალგაზრდა მშობლებს უჩიჩინებს, რომ ბავშვს მალ-მალე და ცოტ-ცოტა უნდა აჭამონ. ზეწოლა იმდენად ძლიერი იყო, რომ მშობლები შეშფოთდნენ და გასტროენტეროლოგს მიაკითხეს. ექიმმაც ურჩიათ, რომ დღეში ბავშვისთვის 5-ჯერ მაინც ეჭმიათ.
„პორციების შემცირება და კვებათა შორის ინტერვალების გაზრდა ვცადეთ, მაგრამ ამან მთელი რეჟიმი დაარღვია, ბავშვის განწყობაც შეიცვალა და ძილიც“ - აღნიშნეს მშობლებმა ევგენი კომაროვსკისთან ვიზიტისას. პედიატრმა კი სხვა გასტროენტეროლოგის პოვნა და ბავშვის კვების წინანდელი წესის დაბრუნება ურჩია.
„თუ კუჭი სავსეა, ბავშვს მადა არ აქვს და ჭამაზე უარს ამბობს. მას კი აიძულებენ“ - წერს ევგენი კომაროსვსკი და ყველა მშობელს ურჩევს, ბავშვი საათობრივ კვებას მიაჩვიოს.
„საუზმე სკოლაში/ბაღში წასვლის წინ, სადილი სკოლის შემდეგ, ვახშამი კი დაძინებამდე უნდა მიიღოს. ძალიან სასარგებლოა, როცა ბავშვი რეალურ შიმშილის გრძნობას განიცდის და ამბობს: „მშია“, დედა კი პასუხობს, „ცოტა მოითმინე, მალე იქნება“.
შიმშილი, რომელსაც კუჭის წვენის სიჭარბითაა გამოწვეული, ძალიან აქვეითებს ნაწლავური ინფექციების რისკს. მარილმჟავას ყველაფრის გადამუშავება და გაუვნებელყოფა შეუძლია. საჭმლის მონელება რომ ბავშვს ყოველთვის წესრიგში ჰქონდეს, ეცადეთ კვებასთან დაკავშირებული ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავოთ“ - წერს ევგენი კომაროსვსკი.