ზაფხულში ბავშვი ყველაზე მეტ დროს თამაშში და აქტიურობაში ატარებს. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. შეგახსენებთ რამდენიმე სახიფათო გასართობს, რომლებიც მშობლებს ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩება.
მფრინავი პულტიანი სათამაშოები
პულტით მართვად თვითმფრინავებსა და ვეტთმფრენებს ბევრი წვეტიანი, მახვილი დეტალები აქვთ, რომლებიც ფრენის დროს ბავშვს შეიძლება, თვალში ან თავში მოხვდეს.
სათამაშო პისტოლეტები
სათამაშო პისტოლეტები, რომლებიც მეტალის ან პლასტმასის ტყვიებს ისვრის, ორგანიზაცია World Against Toys Causing Harm-მა ყველაზე საშიში სათამაშოების ჩამონათვალში შეიყვანა. მათგან ხშირია თვალის ტრავმები, რომლებიც ბევრჯერ დასრულებულა მხედველობის დაკარგვით.
პატარა გასაბერი აუზები
თუ ბავშვი წყალში სახით ჩავარდა, ის საშველად ვერავის უხმობს, ვერც ტირილის ხმას გაიგებთ და ვერც იყვირებს. სულ მცირე სიმაღლის წყალი საკმარისია ამ დროს დასახრჩობად. 90 წამი საკმარისია, რომ ტვინს ჟანგბადის მიწოდება შეუწყდეს და შეუქცევადი პროცესები დაიწყოს. ამიტომ ყველაზე პატარა აუზიც კი საშიშია, თუ მას წყლიან უყურადღებოდ დატოვებთ ან შიგნით მოჭყუმპალავე ბავშვს თვალს მოაცილებთ.
ცურვის სამკლავურები
როცა ბავშვს წყალში გასაბერი სამკლავურები უკეთია, მშობელი მშვიდადაა და ყურადღებას ადუნებს. სინამდვილეში ეს სამკლავურები ადვილად ცურდება ხელებზე და შეიძლება მოძვრეს ბავშვს.
წყლის პისტოლეტები
ზოგიერთ ასეთ პისტოლეტს ისეთი ძლიერი ჭავლი აქვს, მისი სახის არეში მოხვედრა ნამდვილად ზიანს მიაყენებს პატარას.
ბატუტი
ბატუტი საკმაოდ ტრავმირებადი სათამაშოა. ის ხშირად ხდება მოტეხილობების, ტვინის შერყევის, ზურგისა და კისრის ტრავმის მიზეზი.
მზე
პლაჟზე ან ეზოში გამოსულ პატარებს ჩრდილში დიდიხანს ვერ გააჩერებ. ისინი, უფროსებისგან განსხვავებით, არ უფრთხიან მზეს. ამიტომ ყოველთვის გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები, ქუდები. ხშირად დაალევინეთ წყალი და აკონტროლეთ, რომ დიდხანს არ დარჩნენ მზეზე.
გაურეცხავი ხილი
სოფელში საკუთარი ხელით დაკრეფილ ხილსა და კენკრას რატომღაც უმრავლესობა სუფთად მიიჩნევს. ბავშვმაც შეიძლება სადმე მოწყვიტოს და მიირთვას. ეს კი ხშირად ინტოქსიკაციით მთავრდება.
მწერები
შხამიანი მწერები, განსაკუთრებით ფუტკარი და კრაზანა, თიტქმის ყველანაირ გარემოში გვხვდება. ისინი წამიერად ჩნდებიან და შეიძლება უკბინონ პატარას. მისგან გამოწვეული ტკივილის გარდა ალერგიული რეაქციაც საშიშია. ამიტომ გააფრთხილეთ, თუ ფუტკარს დაინახავს, მოშორებით ითამაშოს, თქვენ კი წინასწარ მომარაგებული უნდა გქონდეთ ანტიჰისტამინური და შესაბამისი მალამო.