უფროსების მოდური ტენდენციები ბავშვთა ტანსაცმლისა და ფეხსმაცმლის წარმოებაზეც აისახება. დიდებთან მიმსგავსებული სამოსი და ფეხსაცმელი საკმაოდ გავრცელებულია პატარებში. მათ შორის, ძალიან პოპულარულია ე.წ. "ბალეტკები" - ბრტყელძირიანი, უქუსლო ფეხსაცმელი. ზაფხულში მისი მოხმარება იზრდება. ზოგიერთი ბავშვი თითქმის მთელ ზაფხულს ასეთ ფეხსაცმელში ატარებს, რაც ორთოპედების შეშფოთებას იწვევს.
ორთოპედები ბალეტკებს საშიშ ფეხსაცმელთა რეიტინგში პირველ ადგილს ანიჭებენ.
მისი ბრტყელი ძირი ვერ უზრუნველყოფს მიწაზე დარტყმისას ტერფის ამორტიზებას. ეს იმას ნიშნავს, რომ სიარულისას გადადგმული ყოველი ნაბიჯი ხერხემლისთვის მიკროტრავმაა.
არამყარი ზედაპირის გამო ტერფის კუნთები სათანადოდ გამაგრებული არ არის და ამიტომ მუდმივი ზეწოლის ქვეშაა. ეს კი სხვადასხვა დარღვევას იწვევს.
შესაბამისად, მთელი სხეულის სიმძიმე ტერფებზე არასწორადაა განაწილებული, რასაც ტკივილი და დეფორმაცია მოჰყვება.
ამ ყველაფერს კიდევ ერთი პრობლემა ემატება - ბალეტკებს არც თასმა აქვს, არც სამაგრი რეზინა და პრაქტიკულად, ფეხით კი არა, პატრონს თითებით "უჭირავს". ამის გამო ფეხის თითები მუდმივად დაჭიმულია. შედეგი - თითებისა და სახსრების დეფორმაცია, თითის კოჟრები და მუხლების ტკივილი. დროთა განმავლობაში ასეთი პრობლემატური ფეხის თითების პატრონს ნორმალური ფეხსაცმლის მორგებაც უჭირს.
დაიმახსოვრეთ, ბავშვის ფეხსაცმელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს 1-2-3 სანტიმეტრის სიმაღლის ქუსლი, რათა ფეხის მდებარეობა და სიარულის პროცესი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისთვის ტრავმის მომტანი არ იყოს.
არ ჩააცვათ ბავშვებს და-ძმის და ახლობლების გამონაცვალი ფეხსაცმელი - ორთოპედების რჩევები მშობლებს
სჭირდება თუ არა ყველა ბავშვს ორთოპედიული ფეხსაცმელი და სუპინატორი?