მწვანილის რეცხვისას, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით ხილულ დაბინძურებას და ძირში არსებული მიწის ნარჩენებისგან ბოლომდე ვათავსუფლებთ. თუმცა არსებობს უხილავი, ქიმიური დაბინძურება, რომელიც ასევე მწვანილისა და სალათის ფოთლების ძირებში ყველაზე დიდი რაოდენობითაა - მის შესახებ ექიმი ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია გადაცემაში „პირადი ექიმი“ საუბრობს.
მისი რჩევით, მწვანილის და სალათის ფოთლის რეცხვისას მაქსიმალურად უნდა გაშალოთ ფოთოლი და ძირები დიდი ხნის განმავლობაში გამდინარე წყლის ჭავლს მიუშვიროთ.
პარაზიტოლოგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ირმა კოკაიას თქმით კი სწორედ მწვანილის ძირებშია ყველაზე ხშირად ჭიის კვერცხების ლოკალიზაციის ადგილი.
„საერთოდ, მწვანილებს ჰელმინთების გადატანაში არსებითად წამყვანი მნიშვნელობა აქვს, ეს კვერცხები მიკროსკოპულია, ყველაზე დიდი კონცენტრაციით სწორედ ქვედა ნაწილში ლოკალიზდებიან. განსაკუთრებით კი იმ მწვანილში, რომელსაც სალათის ფოთლის სტრუქტურა აქვს. პრასი, სალათის ფურცელი, მწვანე ხახვი. ეს მწვანილები სათითაოდ, ღერებად უნდა დაიშალოს და ისე გაირეცხოს. რადგან მიწასთან ასოცირებული ჰელმინთების გადაცემაში დიდი როლი მიუძღვით“, - ამბობს ირმა კოკაია.