საქართველოში უკვე მილიონზე მეტი აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებული ადამიანები ე.წ. კოვიდპასპორტის აღებას ჩქარობენ, რადგან შესაძლებელია გარკვეული რეგულაციების შემთხვევაში, აცრის სტატუსს მნიშვნელობა ჰქონდეს. ბევრ მოქალაქეს საზღვრის კვეთის გამო სჭირდება. როგორ უნდა აიღოთ ე.წ. კოვიდპასპორტი, უფრო სწორად კი კოვიდბარათი?
კოვიდ-ბარათებზე მუშაობა საქართველომ სულ ახლახან დაასულა და მისი მიღება უკვე შეუძლიათ ვაქცინირებულ პირებს. განსაკუთრებული სიხშირით მას ის ადამიანები ითხოვენ, რომლებიც საზღვარგარეთ მიემგზავრებიან.
მოქალაქეებს, რომლებიც სრულად, ორი დოზით ვაქცინირებული არიან, ვაქცინაციის დამადასტურებელი კოვიდ-ბარათების აღება იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლიათ. კოვიდ-ბარათების გაცემა საქართველოს მთავრობამ 18 აგვისტოს დაიწყო.
კოვიდ-ბარათის მიღება საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ყველა ფილიალშია შესაძლებელი.
კოვიდ-ბარათზე პირის სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაციაა დატანილი, ასევე აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემები, რომელიც იუსტიციის სახლის შტამპით მოწმდება.
კოვიდ-ბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა. დოკუმენტს ლოდინი არ სჭირდება, განცხადების წარდგენისთანავე უფასოდ მიიღებთ და მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე გაიცემა.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს კოვიდ-ბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად, აპოსტილი/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, აღნიშნული სერვისის მიღებას ისინი აგრეთვე იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ.
ევროკავშირთან სახელმწიფო უკვე მუშაობს, რომ ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ბაზაში უახლოეს პერიოდში აისახოს, რაც მოქალაქეებს გაუმარტივებს მოგზაურობას, როგორც ბიზნესის, ისე ტურისტული კუთხით.
შეგიძლიათ თქვენი კოვიდბარათის ონლაინვერსიაც იქონიოთ სმარტფონებში. ამისათვის მეორე აცრის შემდეგ თქვენი მონაცემები უნდა შეიყვანოთ საიტზე covidpass.moh.gov.ge.
დაგჭირდებათ თუ არა კოვიდბარათი საქართველოში?
როგორც სამთავრობო ცხელ ხაზზე განმარტეს, ჯერ-ჯერობით სახელმწოფოს მხრიდან კოვიდბარათის წარდგენის ოფიციალური ვალდებულება ქვეყნის ტერიტორიაზე არ მოქმედებს, თუმცა სხვადასხვა კერძო დაწესებულებების განაწესით ან გარკვეული ღონისძიებების ორგანიზატორთა ინიციატივით, შესაძლებელია კოვიდბარათის წარდგენა საჭირო იყოს.