შვილის ხასიათი და მისი მოთხოვნები მშობლებზე უკეთ არავინ იცის. ასტროლოგიური ნიშანი ბავშვს ინტერესებსა და გართობის სფეროსაც განსაზღვრავს. უამრავი სათამაშოდან პატარამ შეიძლება ერთი კონკრეტული აირჩიოს და მის გარეშე დაძინებაც კი ვერ შეძლოს. თუ თქვენი შვილის ასტროლოგიური ნიშანი იცით, ჩვენ დაგეხმარებით იმ სათამაშოების და გასართობების მიგნებაში,რაც მას მოეწონება.
ვერძი
მოუსვენარი ბავშვია, იზიდავს სპორტული აქტივობები. ყველაფერი - სახტუნაო, მაგიდის ჰოკეი, ბურთი, ტირი და მაგნიტური დარტსი - აინტერესებს. თამაშის დროს, სხვა ბავშვებთან ძალების მოსინჯვის, გამარჯვების სურვილი აქვს. ახასიათებს ტრაბახიც. საჩუქრებად უყიდეთ ველოსიპედი, თვითგორია, კონსტრუქტორი (რთული ჯობია, ვერძს ერთფეროვნება მალე ბეზრდება), სპორტული ინვენტარი, ბადმინტონი, პინგპონგი, რათა განუვითარდეს წყვილში თამაშის უნარი. ამასთან, სათამაშო უნდა იყოს ფერადი.
კურო
მოსწონს საკუთარი ხელით რაღაცის შექმნა. მოეწონება პოლიმერული თიხა, პლასტილინი, ნებისმიერი სხვა მასალა, რისგანაც ძერწვა, ფორმის მიცემა შეიძლება. პატარას მოეწონება ქვიშაში თამაში და სხვადასხვა ფორმის "პასკის" გაკეთება. უყიდეთ ხელსაქმის საბავშვო ინსტრუმენტები; საქსოვ-საკერავ-საქარგავი, სამშენებლო, საოჯახო ნაკრებები.
ტყუპი
ყველაზე ცნობისმოყვარე ბავშვია. ყველაფერი აინტერესებს, მაგრამ ინტერესიც მალევე ეკარგება. მოსწონთ კვლევა, ექსპერიმენტების ჩატარება, უყიდეთ საბავშვო ბიოლოგიური, ქიმიური, მკვლევრების ინსტრუმენტები. თუ მასთან ერთად მოგიწიათ თამაშმა, დაეხმარეთ, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს, რადგან თავად ტყუპ ბავშვს მოთმინება არ ჰყოფნის. იგი ინტელექტუალია, უყიდეთ სათამაშოები, რაც ლოგიკას განუვითარებს. აგრეთვე, სიბეჯითეს ასწავლის და დიდი ხნით გაართობს: გასაფერადებელი, საინტერესო წიგნები ცხოველთა და მცენარეთა სამყაროზე.
კირჩხიბი
შეიძლება მთელი ბავშვობა ერთი სათამაშოთი ითამაშოს. მოეწონება ცხოველის გამოსახულებიანი რბილი სათამაშო. ახალი რომც უყიდოთ, ძველს მაინც ვერ შეელევა. კირჩხიბი ბავშვი მეოცნებეა, უყვარს ზღაპრული სამყარო, არსებები და შეიძლება ხშირად მოგთხოვოთ მითებისა და ზღაპრების წაკითხვა. ბავშვობიდანვე ინტერესდება ოჯახის ისტორიით, ეროვნური ტრადიციებით, კერძებით, სამოსით.
ლომი
მას უნდა დაანახოთ, რა შედეგს მიაღწევს, თუ მოგებული დარჩება და ამ შემთხვევაში დაინტერესდება. თუ საქმე სპორტს ეხება, დამოუკიდებელ და არა გუნდურ თამაშს ანიჭებს უპირატესობას. მას ასევე აინტერესებს ხელოვნება, შემოქმედება. ის გააკეთებს, შექმნის, თუ შეაქებთ; თუ გარშემო მყოფების აღფრთოვანებას დაიმსახურებს. საჩუქარი უნდა იყოს დაკავშირებული მის ჰობისთან, იმ სფეროსთან, რაშიც საუკეთესოა. უყიდეთ ლოგიკური თავსატეხების კრებული, სახატავი ან საძერწი საშუალებები და რა თქმა უნდა, მოდური სამოსი. დაინტერესდება წიგნებით, რომლებშიც მამაც გმირებზეა მოთხრობილი. მოეწონებათ სამხედრო ტექნიკა, რაინდები.
ქალწული
საუკეთესო მებაღე, ლანდშაფტის დიზაინერი და მშენებელი შეიძლება მისგან დადგეს. მათი საუკეთესო სათამაშო კონსტრუქტორია. აგრეთვე მოეწონებათ რადიომიმღებით მართული სათამაშოები. უკვე მოზრდილები კარგად გაერკვევიან ინსტრუმენტებში. შეიძლება თოჯინებს ვარცხნილობები გაუკეთონ, სამოსი შეუკერონ. ქალწული ბავშვი
რეალისტი და პრაქტიკულია, უყვარს მაქსიმალურად "ადამიანური" თოჯინა, მანქანის მოდელი. გეტყვით, რომ ფულს არ გადაგაყრევინებთ იმაში, რაც არ გამოადგება.
სასწორი ბავშვობიდან ჰარმონიული და ესთეტიკურია. ნუ უყიდით სათამაშოს, რომელიც არაბუნებრივ ხმას გამოსცემს. დაამშვიდებს კარგი ხმის აუდიო-ზღაპრები. საჩუქარი აუცილებლად ლამაზად შეფუთული უნდა იყოს. თავად საჩუქარი დეტალებისა და აქსესუარებისგან უნდა შედგებოდეს. მოეწონებათ სამაგიდო თამაშები და ფაზლი. სიამოვნებით ააწყობენ სასახლეების, გემებისა და სამხედრო ტექნიკის მაკეტებს. ახასიათებთ დღიურების წერა, მისი ლამაზი ნახატებით, ჟურნალებიდან ამოჭრილი ფოტოებით, გაფორმება. ბისერებით სამკაულების კეთება, ქარგვა.
მორიელი
უყვართ სამყაროს შეცნობა: რა რისგან შედგება, როგორ მუშაობს... მოეწონებათ ექიმის (ანატომიური) ნაკრები, საბავშვო ინსტრუმენტები/ხელსაწყოები, კონსტრუქტორები. უყვართ გუნდური თამაშები. აინტერესებთ ზღვა და მასთან დაკავშირებული ნივთები, ისტორიები. წიგნები უნდა იყოს სათავგადასავლო, დეტექტიურ-მისტიკური ჟანრის.
მშვილდოსანი
ლამაზი რვეულები და ბლოკნოტები უყვართ. მიუხედავად იმისა, რომ შინ შეიძლება ძვირფასი სათამაშოები ჰქონდეს, შეიძლება მთელი დღე გასაბერი ბურთით ითამაშოს. მას მოეწონება ინტერაქტიული გასართობი: უნდა მოძრაობდეს, ხმას გამოსცემდეს, გადაიქცეოდეს. მოეწონება მისთვის პატივცემული ადამიანის მიერ დამზადებული ხის მანქანა, სახლი, ნაჭრისგან შეკერილი თოჯინა.
თხის რქა ხარისხს ბავშვობიდანვე აფასებს, მოეწონება ძვირფასი საწერკალამი, საფულე. ხელსაქმიდან - საქარგავი ან გამოსაწვავი ნაკრები. აგრეთვე, - კულინარის ან მშენებლის. მან უნდა იცოდეს, რას რისთვის აკეთებს. საჩუქარმა სარგებელი უნდა მიუტანოს. უყვარს დიდების ნივთებით თამაში. სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, თხის რქა პატარაობიდანვე სერიოზული და ინტერესიანი, იცის კონკრეტულად რა უნდა და რა უნდა მოგთხოვოთ, მისი გასართობი მის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს.
მერწყული
უსაზღვო ფანტაზია აქვს, მისი ასაკის გათვალისწინებით ნებისმიერი საჩუქარი გაახარებს: კონსტრუქტორი, საფრენი აპარატები, ფრანიც კი, სამყაროს შემეცნებითი წიგნები (ავიაციაზე, ოკეანეზე, რობოტებზე). მოსწონთ ტრანსფორმერი სათამაშოები. კარგად ერთობიან სხვა ბავშვებთან ერთად აქვთ გუნდურობის შეგრძნება და ხშირად გამარჯვებაზე კი არა, მონაწილეობაზე არიან ორიენტირებულნი.
თევზები
თავიანთი ჯადოსნური სამყარო აქვთ, სადაც ყველა კეთილი და ლამაზია. მოეწონებათ ზღაპრული არსებები, საყვარელი მულტფილმის სათამაშოები. სიამოვნებით უსმენენ ზღაპრებს გმირებსა და მონსტრებზე. წიგნები უნდა იყოს ფენტეზის ჟანრში. სათამაშოები - რბილი, ხელშესახებად სასიამოვნო. თევზებზე განსაკუთრებით მოქმედებს მუსიკა და ან ინსტრუმენტი უყიდეთ, ან მუსიკაზე შეიყვანეთ. აგრეთვე მოეწონება საბავშვო თეატრი თავისი დეკორაციებით.