რა შემთხვევაში ვერ მიიღებს ქონებიდან წილს შვილი ან მეუღლე და აქვს თუ არა მნიშვნელობა, გოგოა მემკვიდრე თუ ბიჭი? - განმარტავს იურისტი
რა შემთხვევაში ვერ მიიღებს ქონებიდან წილს შვილი ან მეუღლე და აქვს თუ არა მნიშვნელობა, გოგოა მემკვიდრე თუ ბიჭი? - განმარტავს იურისტი


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ნიკა მაღედანი, გვიყვება, რა პრინციპით ნაწილდება მშობლების ქონება შვილებზე, რა შემთხვევაში არ აქვთ წილის მოთხოვნის უფლება და რა დროს იცნობა პირი უღირს მემკვიდრედ:

mshoblebi

- მშობლის სიცოცხლეში ქონების განაწილება მის ნებაზეა დამოკიდებული და არანაირი ვალდებულება არ აქვს, წილი შვილებს გადასცეს. ადამიანს სიცოცხლეში ქონებაზე საკუთრების უფლება აქვს და თავისი სურვილის შესაბამისად განკარგავს. რაც შეეხება გარდაცვალებას, თუ გარდაცვლ პირს საკუთრებაში აქვს ქონება, ის მემკვიდრეობით ნაწილდება. მემკვიდრეობის განაწილება შეიძლება მოხდეს ორი საფუძვლით - ანდერძით და კანონით. თუ ანდერძი არ
არსებობს, ასეთ შემთხვევაში, ყურადღება კანონით მემკვიდრეების რიგითობას ექცევა. კანონით, პირველი რიგის მემკვიდრეები არიან გარდაცვლილი პირის მშობლები, მეუღლე და შვილები. აქიდან გამომდინარე, ქონება ყველა მათგანზე თანაბრად ნაწილდება.

- თუ მშობელი მხოლოდ ერთ შვილს უტოვებს საკუთარ ქონებას, სამართლებრივად არსებობს ბერკეტი, რომ სხვა შვილებმაც მოითხოვონ წილი?

- როდესაც პირი ანდერძით მხოლოდ ერთ შვილს უტოვებს ქონებას, ასეთ შემთხვევაში დანარჩენ შვილებს შეუძლიათ გამოიყენონ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება. პირველი რიგის მემკვიდრეებს, რომლებიც, როგორც ვთქვი, არიან მეუღლე, მშობლები და შვილები, უფლება აქვთ მოითხოვონ მემკვიდრეობიდან სავალდებულო წილი. სავალდებულო წილი კი არის იმ წილის ნახევარი, რომელიც მათ კანონით მემკვიდრეობის შემთხვევაში ეკუთვნოდათ. პირობითად, თუ გარდაცვლილს ორი შვილი ჰყავს და ანდერძით მხოლოდ ერთს
უტოვებს ქონებას, მეორე შვილს უფლება აქვს, მისთვის კანონით მემკვიდრეობით გათვალისწინებული წილის ნახევარი მოითხოვოს.

- საქართველოში ხშირად მშობლების სახლი და სხვა ქონება ბიჭ შვილებს რჩებათ, სამართლებრივად ეს სწორია? ქონების განაწილებისას აქვს მნიშვნელობა, შვილი ბიჭი იქნება თუ გოგო?

- თუ პირი სიცოცხლის პერიოდში ანაწილებს საკუთარ ქონებას ჩუქებით, ასეთ შემთხვევაში, უფლება აქვს, ვისაც უნდა, იმას აჩუქოს თავისი წილი. გარდაცვალების შემდეგ, როდესაც შვილებს შორის მემკვიდრეობის განაწილება ხდება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სქესს.

- უძრავი ქონების, მაგალითად, სახლის შემთხვევაში როგორ ხდება განაწილება?

- შვილები თანამესაკუთრეებად დარეგისტრირდებიან. კანონით მემკვიდრეობის დროს ყველა შვილს სახლზე თანაბარი უფლება ექნება და მათი ნებაა, როგორ განკარგავენ ამ ქონებას. უნდათ, დაიტოვებენ საერთო საკუთრებაში, გაააჩუქებენ ერთმანეთში ან თანხის სანაცვლოდ დათმობენ, ეს შეთანხმების საგანია. თუ ვერ თანხმდებიან, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა თანასაკუთრების სასამართლოს გზით გამიჯვნას მიმართონ. ორი ტიპის გამიჯვნა არსებობს. ერთია ნატურით გამიჯვნა. თუ შესაძლებელია, სახლი ისე დაიყოს, რომ რამდენიმე თანაბარი ზომის იზოლირებული საცხოვრებელი შეიქმნას, რომლებსაც ერთმანეთთან კავშირი არ ექნებათ, შეუძლიათ, ასე გამიჯნონ და ცალ-ცალკე საკუთრებად დაარეგისტრირონ. ხოლო, თუ ესეც ვერ ხერხდება, ასეთ შემთხვევაში თანამესაკუთრეთა ინიციატივით უნდა მომზადდეს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ნატურით ქონების გაყოფა შეუძლებელია, სახლი იყიდება და თანხა თანამესაკუთრეებს შორის თანაბრად იყოფა.

- თუ მშობლები განქორწინებულები არიან, შვილს ორივე მხარეს შეუძლია მოსთხოვოს ქონების წილი?

- განქორწინება მემკვიდრეობას ხელს არ უშლის. პირი ერთი მშობლის მემკვიდრეცაა და მეორისაც. შესაბამისად, ორივეს ქონებაზე ექნება მემკვიდრეობის მიღების უფლება. თუ სიცოცხლეში მშობელი ერთ შვილს ჩუქნის საკუთარ ქონებას, სხვებს წილის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ.

- მამის ან დედის ქონების წილი თანაბრად ნაწილდება სხვადასხვა ქორწინებიდან შვილებზე?

- სხვადასხვა ქორწინებიდან შვილები ერთი ტიპის მემკვიდრეები არიან. არა მარტო სხვადასხვა ქორწინებიდან, არამედ ნაშვილები პირიც გათანაბრებულია ბიოლოგიურ შვილთან, მემკვიდრეობის თვალსაზრისით.

- ზოგადად, რისი მოთხოვნის უფლება აქვთ ან არ აქვთ შვილებს მშობლების ქონებიდან?

- გარდაცვალების მომენტში პირის სრულ ქონებაზე შვილებს აქვთ მემკვიდრეობის მიღების უფლება, თავიანთი წილის ფარგლებში. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ პირველი რიგის მემკვიდრეები არიან ასევე პირის მეუღლე და მშობლები. შესაბამისად, ქონება მათზეც თანაბრად ნაწილდება.

- როდესაც ნათესავი ქონებას უტოვებს სხვა ადამიანს და არა პირდაპირ ნათესავს ან შვილს, რა უფლებები აქვს ამ დროს უშუალო ნათესავს, შვილს?

- ამ შემთხვევაშიც იგივე პრინციპი ვრცელდება. როგორც აღვნიშნე, სავალდებულო წილი მხოლოდ გარდაცვლილის შვილებზე, მეუღლესა და მშობლებზე ვრცელდება და მხოლოდ მათ აქვთ მოთხოვნის უფლება. ხოლო, თუ პირი სიცოცხლეში გააჩუქებს თავის ქონებას სხვაზე, წილს ვეღარ მოითხოვენ.
გარდა ამისა, არსებობს უღირსი მემკვიდრის ცნება. ამის დადგენა სასამართლოს კომპეტენციაა და ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება. არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას. ან კიდევ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და სხვა ამორალური დანაშაული მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ. თუ ეს გარემოებები სასამართლოზე დადასტურდება, პირი შეიძლება მიჩნეული იყოს უღირს მემკვიდრედ, რაც მას მემკვიდრეობის უფლებას საერთოდ ართმევს. გარდა ამისა, შესაძლოა ადამიანმა თავის სიცოცხლეშივე მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს შვილზე, მეუღლეზე ან მშობლებზე სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლების ჩამორთმევა, თუმცა ესეც სასამართლომ, შესაბამისი არგუმენტების გათვალისწინებით, უნდა დაადგინოს.

თამარ იაკობაშვილი

44491
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
რუსუდანი
11
გარდაიცვალენ ჩემი დედამთილი და მამამთილი.ყავთ 5 შვილი.ყველას თავისი ცხოვრება და ოჯახები აქვთ.კომლში ანუ ოჯახში ვწერივართ მისი შვილი მე და ბავშვები.გადავა თუ არა ოჯახი ჩემს მეუღლეზეა ავტომატურად თუ რაიმე პროცედურებია საჭირო
13:47 / 24-09-2021
მსგავსი სიახლეები