ეკონომია ისევ ბავშვის უზრუნველსაყოფად არის საჭირო ამბობენ, ფულს ბედნიერება არ მოაქვსო, მაგრამ ფაქტია, რომ უფულოდ არც ბედნიერება მოდის. სწორედ ასეთი რეალობის წინაშე დგანან ახალგაზრდა მშობლები, რადგან ბავშვის გაჩენა ოჯახური ბიუჯეტის სერიოზულ ხარჯებსა და საკმაოდ მკაცრ შეზღუდვებს მოითხოვს.
როგორც წესი, ახალგაზრდა წყვილები მწირი შემოსავლით ცხოვრობენ. არადა, რა ძნელია, უფულომ ათვალიერო ვიტრინებში გამოფენილი ბავშვის ნაირნაირი ტაბნსაცმელი, სათამაშო თუ მოსავლელი საშუალება. ამის გამო ფული ხშირად არარაციონალურად იხარჯება, არადა ეკონომია ისევ ბავშვის უზრუნველსაყოფად არის საჭირო.
საწოლი და ეტლი
არ არის აუცილებელი, მოდურ საბავშვო ეტლსა და საწოლში მთელი თვის შემოსავალი გადაიხადოთ. იხელმძღვანელეთ პრინციპით - მყარი და ეკოლოგიურად სუფთა. უმჯობესია ტრანსფორმირებადი მოდელები, ე.წ. ორი ერთში შეარჩიოთ (ეტლი რომ საწოლად გარდაიქმნება, ან ეტლი მანეჟად, ან მანეჟი საწოლად). არც მაღაზიაში შეძენაა აუცილებელი. მეორადი მოწყობილობებიც შესანიშნავ მდგომარეობაშია და რაც მთავარია, ბევრად იაფი ღირს. ჩვილები ხომ არაფერს აზიანებენ, შესაბამისად, მათი ნივთები რამდენიმე თაობას ყოფნის.
სამოსი
არ არის საჭირო ყველა სამოსის შეძენა, რაც თვალში მოგივათ და გულს აგიჩუყებთ - ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან და შეიძლება ორჯერ ჩაცმაც ვერ მოასწროთ. გასასეირნებლად 2-3 წყვილი თბილი და ამდენივე გრილი სამოსიც კმარა.
ნურც ძვირფას სარეცხ საშუალებებს მიეძალებით, საბავშვო და სარეცხის საპონი ყველაზე უვნებელი და საიმედო საშუალებებია.
პამპერსები
რაც შეეხება პამპერსებს, 5-6 თვიდან ეცადეთ, რომ მხოლოდ ღამით და სეირნობისას ჩააცვათ. შეიძინეთ 5 ცალი წყალგაუმტარი ტრუსი და მასში ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული საფენები ჩაუფინეთ. ასე უფრო ადვილად მიეჩვევა ღამის ქოთანს. თუ ზაფხულია, არც 2-3- თვის ჩვილებისთვისაა რეკომენდებული 24-საათის განმავლობაში პამპერსით ყოფნა. დღისით ეცადეთ, რომ ნატურალური ქსოვილი საფენები ახმაროთ. ბავშვიც უფრო გრილად იქენება და თქვენც პამპერსებში დაზოგილ ფულს ისევ პატარას მოახმართ.
სათამაშოები
ბევრი ფუმფულა სათამაშო საჭირო არაა - მაინც მტვრის ბუდე და მიკრობების წყაროა. თან გაითვალისწინეთ, როცა ბავშვს ჭარბად აქვს სათამაშოები, თანაც იმ ასაკში, რომ ჯერ ვერ იყენებს მათ, სათამაშოსადმი გულგრილი ხდება, მოგვიანებით კი აღარ უფრთხილდება მათ.
სათამაშოები შეგიძლიათ შეკეროთ, მოქსოვოთ. ახალშობილებს კი საერთოდ არ სჭირდებათ ისინი. ხელში სხვადასხვა ზომის ბურთები, კუბები დააკავებინეთ. რაც უფრო მრავალფეროვანია ფორმა, მით სასარგებლოა მისთვის.
თუ ძუძუთი კვებავთ, ნუ იჩქარებთ ხელოვნურ კვებაზე გადასვლას. დედის რძე შეუცვლელია ბავშვისთვის. მასზე უფრო დიდ სიამოვნებას თქვენს შვილს ვერანაირი სათამაშოთი ვერ მიანიჭებთ.
დედის სითბო და სიყვარული ბავშვისთვის ძვირად ღირებული ნივთების ყიდვაში კი არ გამოიხატება, არამედ ზრუნვასა და სიყვარულში. დაზოგეთ ფული დროებით და ნაკლებად პრაქტიკულ ნივთებზე და უფრო საჭირო მიმართულება მიეცით. ასეთები კი ახალგაზრდა ოჯახს საკმაოდ ბევრი აქვს.