"მათ საკუთარი თავი სძულთ... ამ ჯგუფში თვითგანადგურებისკენ მიმართული საქციელი ხშირია" - ვინ არიან ემოები - მშობლები

"მათ საკუთარი თავი სძულთ... ამ ჯგუფში თვითგანადგურებისკენ მიმართული საქციელი ხშირია" - ვინ არიან ემოები

2021-09-30 17:44:33+04:00

სიკვდილის რომანტიზება, დეპრესია, შავი ფერისადმი სიყვარული - ქართველ თინეიჯერებში პოპულარული სუბკულტურა, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალეს

ემო ახალგაზრდული სუბკულტურაა, რომელიც ამავე სახელწოდების მუსიკალური სტილის თაყვანისცემის საფუძველზე ჩამოყალიბდა. მის წარმომადგენლებს კი უწოდებენ ემო-ახალგაზრდას, ან კიდევ განსახვავებენ სქესის მიხედვით: ემო-ბიჭი, ემო-გოგონა.

სუბკულტურა საბოლოოდ ჩამოყალიბდა და პოპულარობის პიკს მიაღწია 2000-იან წლებში, თუმცა დიდების ხანა ხანმოკლე აღმოჩნდა. 2010 წლის დასაწყისში ემოს სტილი საბოლოოდ გადავიდა მოდიდან და ბევრმა ძველმა თაყვანისმცემელმა საერთოდ დაკარგა მის მიმართ ინტერესი. ამაში გადამწყვეტი როლი ნეგატიურმა დამოკიდებულებამ იქონია მათი სტილის მიმართ, როგორც სხვა ბევრი სუბკულტურიდან, ასევე საზოგადოების მხრიდან.

ბევრგან გადავიდა ემო მოდიდან, თუმცა ფაქტია, ჩვენი ქვეყნის თინეიჯერების ნაწილში კვლავაც აქტუალურია, ამიტომაც ვწერთ მასზე, რომ უკეთ გავერკვათ მშობლები, რა არის ეს.

mshoblebi

მსოფლმხედველობა

მიუხედავად იმისა, რომ ემოს ძირი გაჩნდა და განვითარდა პანკ-როკის ქვესახეობად, მათი ღირეულებები და ორიენტაცია სრულიად განსხვავებულია. კლასიკური პანკებისგან განსხვავებით, ემო რომანტიზმსა და ამაღლებულ სიყვარულზე აკეთებს აქცენტს. ის უფრო მეტად პირად გაოცდილებას აღიარებს, ვიდრე სოციალურ ურთიერთობებს. ემო-კულტურა მოკლებულია ჰარდროკისთვის, მისი პირდაპირი "წინაპრისთვის" დამახასიათებელ აგრესიულ მექანიზმს.

ემოს ხშირად გოთურ სუბკულტურას ადარებენ, რაც, ჩვეულებრივ, პროტესტს იწვევს ხოლმე როგორც გოთებში, ისე ემოს წარმომადგენლებში. თუმცა, არის გარკვეული ნათესაური კავშირი ამ ორ სუბკულტურას შორის. ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, რომ ემოებს თვითმკლვლელობისკენ უფრო მაღალი მიდრეკილება აქვთ, ვიდრე გოთებს. გრეჰემ მარტინი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ავსტრალიური ჟურნალის რედაქტორი ამბობს:

"ემოებს საკუთარი თავი სძულთ, გოთებს კი - ყველა. თუკი ეს სიძულვილი საკუთარი თავის მიმართ მართალია, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ უფრო აქვთ თვითდაზიანების რისკიც და სურვილიც, ვიდრე გოთებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ჯგუფში თვითგანადგურებისკენ მიმართული საქციელი ხშირია."

მიუხედავად საერთო თვისებებისა, მაგალითად, სიკვდილის რომანტიზება, დეპრესია, შავი ფერისადმი სიყვარული, მაჩიზმისადმი სიძულვილი და საერთო ფესვები, ემოსა და გოთურ სუბკულტურას შორის ბევრი განსხვავებაა.

ემოს იმიჯი

ტრადიციულად ემოს სუბკულტურის მიმდევრები ატარებენ დიდ წინამოს ("ჩოლკას"), რომელიც ცხვირამდე სწვდებათ და ცალ თვალს ფარავს. უკან მოკლედ აქვთ თმა აჭრილი ან გრძლად აქვთ გაშვებული. უხეში, სწორი, შავი თმაა მათთვის დამახასიათებელი. გოგონებს შესაძლოა ბავშვური, მხიარული ვარცხნილობა ჰქონდეთ, მაგალითად "ორი კიკინი" ან კიდევ ეკეთოთ ფერადი თმის სამაგრები. ისინი ვარცხნილობის გასამყარებლად ძალიან დიდი რაოდენობის თმის ლაკს იყენებენ.

ბიჭებს ხშირად გახვრეტილი აქვთ ყური ან კიდევ სახისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე აქვთ პირსინგი. როგორც გოგონებს, ასევე ბიჭებს შეუძლიათ, რომ საკუთარი კანის ფერის ტუჩსაცხი გამოიყენონ. თვალები მუქად და სქლად აქვთ შეღებილი ფანქრით ან მელნით. ფრჩხილებზე კი შავი ლაქი უსვიათ. ატარებენ ჩანთას სხვადასხვა სიმბოლური ინიციალით.

ტანსაცმელი

ისინი ძირითადად ორი ფერის ტანსაცმელს ატარებენ, ეს ფერებია შავი და ვარდისფერი. თუმცა, შესაძლოა სხვა კომბინაციაც მისაღები იყოს. ტანსაცმელზე გამოსახულია სპეციალური სიმბოლური ნიშნები. ფერები შეიძლება გამოწვეული იყოს დეპრესიით, უბედურების განცდით. მეორე მხრივ კი, ბედნიერი მომენტების გამოწვევაა.

ემოები ძირითადად კედის სტილის ფეხსაცმელს ატარებენ. რაც შეეხება ტანსაცმელს, აცვიათ თხელი, ტანზე მორგებული მაისური, წვრილი შავი ან ლურჯი ფერის ჯინსი, შესაძლოა ხვრელებით ან ლაქებით. ატარებენ შავ ან ვარდისფერ ქამარს, ასევე ჩამოკიდებულ ჯაჭვებს, სხვადასხვა სიმბოლოთი. კისერზე კუბოკრული შარფი, ხელზე კი ზოლიანი, გადაჭრილი წინდები აქვთ წამოცმული.

ატრიბუტიკა

ხშირად ატარებენ ჩანთას, რომელიც დაფარულია ლაქებით. აქვთ ნათელი ან შავი ფერის სათვალე, ფართო ჩარჩოთი. უკეთიათ სხვადასხვა ფერის სამაჯური ხელებზე, წვეტიანი, უხეში აქსესუარები, ასევე ფერადი ყელსაბამები. მათთვის ერთგვარი თილისმაა დათვის ფორმის რბილი სათამაშოები. შეუძლიათ, წაიყვანონ სასეირნოდ, გაკვეთილზე ან კიდევ დაიძინონ მასთან ერთად.

სიმბოლიკა

ვარდისფერი გული, შუაზე გახეთქილი ან კიდევ ნაპრალიანი. ვარდისფერი ან შავი პისტოლეტი, ან ორი ერთმანეთზე გადაჯვარედინებული პისტოლეტი წარწერით "ბანგ-ბანგ" (გასროლის ხმა). მაისურები მულტფილმის გმირებით, მაგალითად მიკი მაუსი.

mshoblebi

კრიტიკა და სკანდალები

ემო-სუბკულტურას გამოჩენისთანავე შეხვდა უამრავი კრიტიკა და სკანდალი. კერძოდ, მოწინააღმდეგეები თვლიდნენ, რომ ეს სუბკულტურა ახალგაზრდებსა და მოზარდებს დეპრესიისა და ვიქტიმიზაციისკენ მოუწოდებდა და თვითმკვლელობას ახალისებდა. მეტიც, სახელმწიფოს დონეზე განხილვაც კი იყო, რომ ეს მიმდინარეობა საშიშად ეღიარებინათ, თუმცა, ბევრი საზოგადო მოღვაწე და ხელოვანი მსგავს განცხადებებს ირონიით ხვდებოდა.

დევნა

2010 წელს სომხეთში ემოების წინააღმდეგ კამპანია დაიწყო, კერძოდ, სუბკულტურის მიმდევარ ახალგაზრდებს ქუჩაში აკავებდნენ. ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ ემო ქვეყანაში უცხოური ძალების გავლენით გავრცელდა და აზიანებდა ახალგაზრდების ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებას. ასევე, უბიძგებდა თვითმკვლელობისკენ.

2012 წლის მარტში სულ მცირე 70 ემო გაიტაცეს, აწამეს და მოკლეს ბაღდადსა და ერაყის სხვა ქალაქებში.