სიკვდილის რომანტიზება, დეპრესია, შავი ფერისადმი სიყვარული - ქართველ თინეიჯერებში პოპულარული სუბკულტურა, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალეს
ემო ახალგაზრდული სუბკულტურაა, რომელიც ამავე სახელწოდების მუსიკალური სტილის თაყვანისცემის საფუძველზე ჩამოყალიბდა. მის წარმომადგენლებს კი უწოდებენ ემო-ახალგაზრდას, ან კიდევ განსახვავებენ სქესის მიხედვით: ემო-ბიჭი, ემო-გოგონა.
სუბკულტურა საბოლოოდ ჩამოყალიბდა და პოპულარობის პიკს მიაღწია 2000-იან წლებში, თუმცა დიდების ხანა ხანმოკლე აღმოჩნდა. 2010 წლის დასაწყისში ემოს სტილი საბოლოოდ გადავიდა მოდიდან და ბევრმა ძველმა თაყვანისმცემელმა საერთოდ დაკარგა მის მიმართ ინტერესი. ამაში გადამწყვეტი როლი ნეგატიურმა დამოკიდებულებამ იქონია მათი სტილის მიმართ, როგორც სხვა ბევრი სუბკულტურიდან, ასევე საზოგადოების მხრიდან.
ბევრგან გადავიდა ემო მოდიდან, თუმცა ფაქტია, ჩვენი ქვეყნის თინეიჯერების ნაწილში კვლავაც აქტუალურია, ამიტომაც ვწერთ მასზე, რომ უკეთ გავერკვათ მშობლები, რა არის ეს.
ემოს ხშირად გოთურ სუბკულტურას ადარებენ, რაც, ჩვეულებრივ, პროტესტს იწვევს ხოლმე როგორც გოთებში, ისე ემოს წარმომადგენლებში. თუმცა, არის გარკვეული ნათესაური კავშირი ამ ორ სუბკულტურას შორის. ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, რომ ემოებს თვითმკლვლელობისკენ უფრო მაღალი მიდრეკილება აქვთ, ვიდრე გოთებს. გრეჰემ მარტინი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ავსტრალიური ჟურნალის რედაქტორი ამბობს:
"ემოებს საკუთარი თავი სძულთ, გოთებს კი - ყველა. თუკი ეს სიძულვილი საკუთარი თავის მიმართ მართალია, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ უფრო აქვთ თვითდაზიანების რისკიც და სურვილიც, ვიდრე გოთებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ჯგუფში თვითგანადგურებისკენ მიმართული საქციელი ხშირია."
მიუხედავად საერთო თვისებებისა, მაგალითად, სიკვდილის რომანტიზება, დეპრესია, შავი ფერისადმი სიყვარული, მაჩიზმისადმი სიძულვილი და საერთო ფესვები, ემოსა და გოთურ სუბკულტურას შორის ბევრი განსხვავებაა.
ბიჭებს ხშირად გახვრეტილი აქვთ ყური ან კიდევ სახისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე აქვთ პირსინგი. როგორც გოგონებს, ასევე ბიჭებს შეუძლიათ, რომ საკუთარი კანის ფერის ტუჩსაცხი გამოიყენონ. თვალები მუქად და სქლად აქვთ შეღებილი ფანქრით ან მელნით. ფრჩხილებზე კი შავი ლაქი უსვიათ. ატარებენ ჩანთას სხვადასხვა სიმბოლური ინიციალით.
ემოები ძირითადად კედის სტილის ფეხსაცმელს ატარებენ. რაც შეეხება ტანსაცმელს, აცვიათ თხელი, ტანზე მორგებული მაისური, წვრილი შავი ან ლურჯი ფერის ჯინსი, შესაძლოა ხვრელებით ან ლაქებით. ატარებენ შავ ან ვარდისფერ ქამარს, ასევე ჩამოკიდებულ ჯაჭვებს, სხვადასხვა სიმბოლოთი. კისერზე კუბოკრული შარფი, ხელზე კი ზოლიანი, გადაჭრილი წინდები აქვთ წამოცმული.
2012 წლის მარტში სულ მცირე 70 ემო გაიტაცეს, აწამეს და მოკლეს ბაღდადსა და ერაყის სხვა ქალაქებში.