პირველ შვილზე დაშვებული შეცდომები, რომლებსაც მომდევნო შვილებზე აღარ იმეორებენ
პირველ შვილზე დაშვებული შეცდომები, რომლებსაც მომდევნო შვილებზე აღარ იმეორებენ
პირველი შვილის გაჩენის შემდეგ დედა, როგორც წესი, ზედმიწევნით ფრთხილი და დაძაბულია. ცდილობს, ყველაფერში სპეციალისტების რჩევებს მიჰყვეს და შეცდომა არ დაუშვას. მეორე შვილის აღზრდა უფვრო ადვილია იმ თვალსაზრისით, რომ დედას უკვე აქვს გარკვეული ცოდნა და გამოცდილება. ემოციურადაც უფრო ძლიერია და იოლად არ ვარდება სასოწარკვეთილებაში. 
რა არის ის შეცდომები, რომლებსაც დედები პირველი შვილის აღზრდისას ძალიან ხშირად უშვებენ, ხოლო მეორე და მეტი შვილის შემდეგ მათ უმრავლესობას თითქმის არასდროს იმეორებენ.

ყველაფერი „მე თვითონ“

დედას საქმე არასოდეს გამოელევა. ბავშვს კვებავს ძუძუთი, ასეირნებს, უვლის პატარას, სახლს და
ოჯახს. ეს დაუსრულებელი ციკლია. ამის შედეგია გადაღლილი დედა და მტირალა ბავშვი. შვილი ემოციურად მიჯაჭვულია დედას, განსაკუთრებით, ადრეულ ასაკში. ქალის მცდელობები, ყველფერს თავად გაუმკლავდეს, საბოლოოდ გადაქანცავს მას და სტრესულ სიტუაციაში ამყოფებს. ეს მდგომარეობა კი აუცილებლად აისახება ბავშვის განწყობასა და ჭირვეულობაზე.
ამიტომ დედამ ყოველთვის უნდა შემოინახოს რესურსი, რათა ყველა საქმე ერთად არ დაატყდეს თავს. გადახედეთ, რისი გადადება ან გადანაწილება შეგიძლიათ. რაღაც საქმეები კი ოჯახის წევრებს დაავალოთ ან საერთოდ შეუსრულებელი უნდა დატოვოთ. ორი და მეტი შვილის დედა უფრო მკაცრად მიჰყვება პრიორიტეტებს და მეორეხარისხოვან პრობლემებზე აღარ ღელავს.

პანიკური შიში, ბავშვი ავად არ გახდეს


ბევრ დედას ისე ეშინია ბავშვის ავად გახდომის, რომ ყოველ დაცემინებაზე, ცხვირში სისველეზე პანიკა ეწყება და წამლით
ხელში საშველად გარბის. სამწუხაროდ, რისიც გვეშინია, ხშირად ის ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ამიტომ მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ დედებს გაცნობიერებული აქვთ, რომ ზედმეტი პანიკა უაზრობაა და უფრო მშვიდი განწყობით ხვდებიან სეზონურ ვირუსებს.
mshoblebi

ვუნდერკინდის აღზრდის სურვილი

ბავშვი ეს-ეს არის დაიბადა და დედას უკვე მზად აქვს მისი განვითარების გეგმა. ერთი სული აქვს, როდის გაივლის, როდის დაილაპარაკებს, როდის ისწავლის ციფრებსა და ასოებს და როდის მიიყვანს ინგლისურზე. მეორე ბავშვის შემთხვევაში კი უკვე იცის, რომ თავის დროზე ბავშვი ყველაფერს მოასწრებს და საჩქარო არაფერია. გადატვირთული ბავშვი უფრო მეტს კარგავს, ვიდრე იძენს. ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ და დროულად უნდა მოხდეს.
მაგალითად, თავისუფალი, უბრალო თამაში მომავალში კრეატიულობასა და დამოუკიდებლობას უწყობს ხელს. ბავშვს უნდა მისცეთ საშუალება, თავად იპოვოს გასართობი. თუ ყველაფერს თქვენ სთავაზობთ, მასში ინიციატივასა და კრეატიულობას აფერხებთ.

შედარება სხვა ბავშვებთან

მეზობლის ბავშვმა უფრო ადრე გაიარა, მეგობრის ძმისშვილი უკვე ლაპარაკობს, ვიღაცას უკეთესი მადა აქვს, ვიღაც უკვე ცურვაზე მიუყვანიათ - ეს ფიქრები გამოუცდელ დედებს მოსვენებას არ აძლევს. სინამდვილეში ხომ ამ შედარებებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. წამოიზრდებიან და ნახავთ, რომ ყველა თავისებური, უნიკალური და განვითარებულია. თქვენი შვილის ინდივიდუალურობა ყველაზე მნიშვნელოვანია და მეორე შვილის გაჩენის შემდეგ ეს საკითხები, როგორც წესი, აღარ გაღელვებთ.

ეჭვი, რომ ბავშვს საკმარის დროს ვერ უთმობთ

მეორე შვილის გაჩენის შემდეგ უკვე ზუსტად იცით, რომ იდეალური დედა ვერ იქნებით. აღარ ცდილობთ სუპერგმირობას და ბავშვის ცხოვრებით ცხოვრებას. ჩვილბავშვიანმა დედამაც არ უნდა დაივიწყოს საკუთარი თავი, უნდა გამონახოს დრო საკუთარი ინტერესებითვის, თუნდაც 15 წუთი. ბავშვი რომ ჰარმონიულ გარემოში გაიზარდოს, დედის დადებითი განწყობა აუცილებელია.

შიში, რომ ანდო ბავშვი სხვას

პირველი შვილის ბებიასთან დატოვებაც კი მოსვენებას გიკარგავთ. რომ იტიროს? რომ ვერ აჭამოს? ის რომ მეტად შეუყვარდეს? - მოუსვენრობა და ცუდი ფიქრები ბავშვზეც აისახება. ამიტომ მოდუნდით და დატკბით იმით, რომ გაქვთ საშუალება, ბავშვი კიდევ ერთ მოსიყვარულე ადამიანს ჩააბაროთ.

3116
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები