სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება ვიდეოები, სადაც მშობლები მცირეწლოვან შვილებს მანქანის საჭესთან სვამენ და მათთან ერთად ატარებენ, ან დამოუკიდებლად აძლევენ მართვის უფლებას. ხშირად მსგავსი ტიპის ვიდეოები ვირუსულად ვრცელდება, უამრავი გამოხმაურება და გაზიარება აქვს. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ეს შესანიშნავი საშუალებაა, ბავშვი პატარა ასაკიდანვე დამოუკიდებლად მიეჩვიოს მანქანის მართვას და კარგ მძღოლად ჩამოყალიბდეს. ნაწილი კი სრულად იაზრებს საფრთხეს და მშობლებს აკრიტიკებენ. ცოტა ხნის წინ მსგავსი ვიდეო გავრცელდა ტიკ-ტოკზე, სადაც მამა მცირეწლოვან შვილთან ერთად მოყინულ გზაზე მართავს მანქანს. ფაქტს ერთ-ერთი მომხმარებელი გამოეხმაურა და სოციალურ სამსახურსაც მიმართა. რა საფრთხეს უქმნის ბავშვებს ავტომობილის წინა სავარძელზე და მით უმეტეს, საჭესთან ჯდომა, ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your car seat-ის წარმომადგენელი
ლანა გიორგიძე გვესაუბრება:
- საქართველოში კანონით 12 წლამდე ბავშვის მანქანის წინა სავარძელზე დასმა აკრძალულია და ჯარიმაცაა გათვალისწინებული. თუმცა, ამის მიუხედავად, ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი მშობელი უსაფრთხოების წესებს არღვევს და ბავშვებს სვამენ როგორ წინა სავარძელზე, ასევე მძღოლის კალთაში, საჭესთან. ხშირად სურთ, რომ მათმა შვილმა მანქანის მართვა სწრაფად ისწავლოს. თუმცა, ის, რომ ბავშვი საჭესთან ზის, არაა არც საამაყო და არც სამხიარულო. მსგავსი ფაქტების პოპულარიზებას არც მედიამ უნდა შეუწყოს ხელი. ერთ-ერთ გადაცემაში 7 წლის ბავშვი საჭესთან იჯდა და დიდი ოვაციებით შეხვდნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ეს მშობლის პასუხისმგებლობაა და თითოეული ადამიანი უნდა იზიარებდეს საფრთხეს. ბავშვის წინა სავარძელზე დასმა არ შეიძლება, ავტომობილში მისთვის ყველაზე უსაფრთხო უკანა სავარძელია. თუ წინა სავარძელზე დაჯდება, მისთვის ეს შეუსაბამოა იმიტომ, რომ 12 წლამდე ბავშვმა ღვედი რომ გაიკეთოს, ის თავთან, კისერთან გაივლის და შეიძლება დაახრჩოს. ასევე, პრობლემას წარმოადგენს უსაფრთხოების ბალიში, ე.წ. აირბაგი, რომელიც იმისთვის გამოიყენება 1987 წლიდან, რომ მგზავრი გადაარჩინოს და უსაფრთხოების ღვედთან ერთად დაიცვას. მაგრამ, თუ მცირეწლოვანი ბავშვი წინა სავარძელზე ზის, აირბაგმა გახსნის შემთხვევაში შესაძლოა გაგუდოს. ხშირად ამბობენ, მშობლები, რომ გამორთავენ აირბაგს და ისე დასვამენ. რატომ უნდა ჩავაგდოთ ჩვენი შვილი საფრთხეში? უსაფრთხოების ბალიში ხომ იმისთვისაა შექმნილი, რომ მგზავრი დაიცვას, თავი არ დაარტყას და საქარე მინიდან ძლიერი შეჯახების დროს არ გავარდეს. რაც შეეხება საჭესთან დაჯდომას, პრობლემაა ის, რომ ბავშვი მისთვის შეუსაბამო პირობებშია და არ აქვს უსაფრთხო გარემო. შესაძლოა, თავი დაარტყას საჭეს, საქარე მინას. ამას მშობელი ხშირად გაუზრებლად აკეთებს. ბევრი შემთხვევაა, როდესაც დედები ანონიმურად გვწერენ, რომ მამები ბავშვებს საჭესთან სვამენ, რაც მათ არ მოსწონთ და გვეკითხებიან, რისი გაკეთება შეუძლიათ ამ დროს. რა თქმა უნდა, ვეუბნებით, რომ ჯერ დაელაპარაკონ მამას და თუ მასთან საუბარი არ გაჭრის, შემდეგ სოციალურ სამსახურსა და პოლიციას მიმართონ და აუცილებლად ჩართონ ამ საქმეში. არ შეიძლება, რომელიმე ერთმა მშობელმა შვილი საფრთხეში ჩააგდოს და მეორე ამას მშვიდად უყურებდეს. როგორც აღვნიშნე, ბავშვი 12 წლამდე აუცილებად უკანა სავარძელში უნდა იჯდეს და ისიც მისთვის სწორად შერჩეულ სამგზავრო სავარძელში.
ლანა გიორგიძე სამწუხარო ფაქტებსაც იხსენებს, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევებს ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა:
- შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სტატისტიკა, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ბავშვების დაშავების ან გარდაცვალების შესახებ წერია. მაგრამ, არსადაა ინფორმაცია იმის შესახებ, მათგან რამდენი იჯდა საჭესთან, რამდენი წინა სავარძელზე და რამდენი - სპეციალურ სავარძელში. არ გვაქვს კანონი, რომელიც სამგზავრო სავარძელს მოითხოვს და შესაძლოა ამიტომაც არ აღწერენ, მაგრამ, სამაგიეროდ, გვაქვს კანონი, რომელიც წინა სავარძელზე 12 წლამდე ასაკის ბავშვის დაჯდომას კრძალავს. ამიტომ, აუცილებელია, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღრიცხავდეს იმას, შემთხვევებიდან რამდენი ბავშვი იჯდა საჭესთან და რამდენი მათგანი აღმოჩნდა საშიშ პირობებში. არაერთი სამწუხარო ფაქტი გვაქვს. მაგალითად, ტყვიავში იყო შემთხვევა, როცა 12 წლის ბავშვი მამამ საჭესთან დასვა და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბავშვი გარდაიცვალა. შეუსაბამო პირობებში მგზავრობის შემთხვევებიც გვაქვს. მაგალითად, დედა შვილს ძუძუს აწოვებდა და ბავშვი დაიღუპა. დედას რომ სცოდნოდა, რომ არ შეიძლება მოძრავ ავტომობილში ბავშვის ძუძუთი კვება, ის ამას არ გააკეთებდა და ზოგადადაც, მშობელი სრულად რომ იაზრებდეს არსებულ საფრთხეს, დარწმუნებული ვარ, არც ერთი მათგანი მოისურვებდა ბავშვის საჭესთან დასმას.
ქობულეთში მოხდა ერთ-ერთი შემთხვევა, ბავშვი მძღოლის გვერდით იჯდა, მოკლე მანძილზე გადაადგილდებოდნენ და მშობელი ფიქრობდა, რომ სოფლის გზაზე არ იყო პრობლემა. ნაგვის ურნას შეეჯახნენ, ე.წ. აირბაგი გაიხსნა და ბავშვი გაიგუდა.
ამიტომ, არც ერთი მშობელი არ უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ეს მას არ დაემართება. ყველას ემუქრება საფრთხე, განურჩევლად იმისა, ვის როგორი ავტომობილი ჰყავს და ვინ როგორი მძღოლია. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ავტომობილი არ არის ერთადერთი გზაზე. გარდა ამისა, ავტომობილების ძალიან დიდი ნაწილი 20 წელზე მეტისაა, ხშირად გაუმართავი და საფრთხეს ქმნის. გასათვალისწინებელია მეტეოროლოგიური პირობები, გარემო, რომელიც დამატებით საფრთხეს წარმოადგენს. არ აქვს სოფლისა და ქალაქის გზას მნიშვნელობა. ყველგან აუცილებელია უსაფრთხოების დაცვა და განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან 2021 წლის ჩათვლით ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, 0-დან 16 წლამდე 101 ბავშვი დაიღუპა და 5000-ზე მეტი დაშავდა. 2020 წელს 0-16 წლამდე 17 მოზარდი გარდაიცვალა, ხოლო დაშავდა - 465. 2019 წელს 16 წლამდე 19 მოზარდი დაიღუპა, მათ შორის 16 მგზავრი, ხოლო - 3 ქვეითი, დაშავდა 853 მოზარდი. 2018 წელს კი 21 0-16 წლამდე მოზარდი დაიღუპა, დაშავდა - 1012, 2017 წელს კი - 23 მოზარდი დაიღუპა, დაშავდა - 955.
2022 წელი სულ ახლახანს დაიწყო და ორი ბავშვი დაიღუპა - 3 თვის ბავშვი რუსთავში და სამი წლის ბავშვი სამტრედიაში.
თამარ იაკობაშვილი