ჩვილების მშობლებს ბევრჯერ გამოუცდიათ, რომ პატარებს სრულიად უმიზეზოდ შეუძლიათ გამწარებულებმა იტირონ და მეორე წუთს ისე მშვიდად დაიძინონ, თითქოს არაფერი მომხდარა. მშობლები ამაზე ღელავენ, ბავშვი სხვადასხვა სპეციალისტთან მიჰყავთ, რომლებიც ეუბნებიან, რომ პატარა ჯანმრთელია.
რა არის ის „გაუგებარი“ მიზეზები, რის გამოც პატარები ნამდვილ „კონცერტებს“ გვიწყობენ და რა მოვიმოქმედოთ ამ დროს.
„ჩემი შვილი 2 თვისაა, ისე ძალიან ტირის, სახეზე სულ წითლდება, „ბჟირდება“. ასე ხდება ყოველ დღე არა, მაგრამ ყოველ მეორე დღეს მაინც. ყველაზე ხშირად საღამოობით ტირის, თითქმის ერთსა და იმავე დროს. ზოგჯერ დილითაც. რა გამოკვლევები უნდა ჩავუტარო, რისი ბრალი შეიძლება იყოს ასეთი ტირილი“ - წერს ერთ-ერთი დედა.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ 2 თვის ბავშვს ტირილის მიზეზების ძალიან ფართო სპექტრი აქვს და პედიატრებს გამომძიებლებივით უამრავი შეკითხვის დასმა უწევთ ზუსტი მიზეზის დასადგენად.
თუ ბავშვს დღის განმავლობაში ნორმალურად სძინავს, ჭამს, სეირნობისას მშვიდაა, საღამოს კი ბოლო ხმაზე გაჰკივის და ისტერიულად ტირის, ამის ყველაზე ხშირი მიზეზი კოლიკაა. ერთი, რასაც ყველა პედიატრი დაგიდასტურებთ, არის ის, რომ რა ძლიაერადაც არ უნდა ტიროდეს ბავშვი, კოლიკა მას საფრთხეს არც მოცემულ მომენტში უქმნის და არც მომავალში შეუქმნის. კოლიკიანი და ამ პრობლემის გარეშე გაზრდილი ბავშვები აბსოლურატურად ერთნაირად ვითარდებიან. (სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვით მშობელთა ნერვულ სისტემაზე).
შეგვიძლია მეორე მაგალითი განვიხილოთ: ბავშვი ტირის მხოლოდ გარკვეული მანიპულაციების დროს. აცმევ - ტირის, ხდი - ტირის, ხელში აყვანისას ჩუმდება, ეტლში უკვე ჩაცმულს თუ ჩასვამთ, ამ დროსაც ჩუმადაა. ეს ნიშნავს, რომ ბავშვს ინდივიდუალური დისკომფორტი აქვს ჩაცმა-გახდის მიმართ. ზოგიერთი ბავშვი ბანაობას ვერ იტანს, ზოგი მუცელზე წოლას, ზოგი პირიქით, ზურგზე წოლისას ღიზიანდება, ზოგს სუნიც კი აღიზიანებს და ასე შემდეგ. ჩამონათვალი შეიძლება უსასრულო იყოს. პატარები ამ დროს უკვე ინდივიდუალობას გამოხატავენ და ეს სამკურნალო ან შემაშფოთებელი ნამდვილად არ არის.
რამდენად საშიშია ბავშვის ჩაბჟირება და იწვევს თუ არა მომავალში ეპილეფსიურ გულყრებს - ნანა ტატიშვილის განმარტება