სპეციალისტები განმარტავენ, რასთან უნდა იყვნენ მცირე ასაკის ბავშვების მშობლები განსაკუთრებით ფრთხილად, რომ ხიფათი თავიდან აირიდონ:
გაღებული ფანჯარა
რა არის ამაში საშიში? ზაფხულში ძალიან ხშირია ბავშვების სიმაღლიდან გადავარდნა და დაზიანებების მიღება, ზოგ შემთხვევაში კი - ლეტალური გამოსავალი. მწერების ბადეები ფანჯრებზე ბარიერის ილუზიას ქმნის. მაგრამ, თუკი ბავშვი ამ თხელ ბადეს მთელი ძალით მიეყრდნობა, სულაც არაა დაცული და შესაძლოა, გადავარდეს. ძალიან ხშირად ასეთი შემთხვევები ფატალურად სრულდება ან კიდევ სერიოზულ დაზიანებებს იღებენ. გაღებული ფანჯარა, რა თქმა უნდა, მცირე ასაკის ბავშვებისთვის უფრო საფრთხილოა, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, გაუფრთხილებლობით სიმაღლიდან შესაძლოა 7, 9 და 12 წლის ბავშვებიც კი გადავარდნენ.
რა უნდა გავაკეთოთ?დააყენეთ დამჭერები, რომლებიც ფანჯრების სრულად გახსნის შესაძლებლობას არ იძლევა, მაგრამ შენობის ვენტილაცია თავისუფლადაა შესაძლებელი. ასეთი საკეტები უნდა იყოს ყველა ბინაში, სადაც ბავშვები არიან.
კიდევ მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ:
- ბავშვს შეუძლია ფანჯრიდან გადავარდნა, თუ ის 12,5 სმ-ზე მეტადაა ღია.
- ბავშვებს უნდა ასწავლოთ ფანჯრებიდან მოშორებით თამაში.
- ბავშვი ყოველთვის უნდა იყოს მეთვალყურეობის ქვეშ.
- არ ენდოთ მხოლოდ ბადეებს, ისინი ფანჯრიდან გადმოვარდნას ხელს ვერ შეუშლიან.
ცხელი ჩაი ან ცხელი წვნიანი
რა არის ამაში საშიში? ბავშვებში, განსაკუთრებით კი მცირეწლოვან ასაკში, ძალიან ხშირი დაზიანება დამწვრობაა. 2-3 წლის ასაკი არის ის პერიოდი, როდესაც ბავშვები აქტიურდებიან, დამოუკიდებლად მოძრაობენ, შეუძლიათ მისწვდნენ ზედაპირებს, საგნებს და სურვილი, რომ რაღაც ახალი აღმოაჩინონ, ძალიან დიდია. ამ დროს შესაძლოა მოულოდნელად ხელი ჩასჭიდონ ჭიქას, რომელშიც მდუღარე წყალია ჩაისთვის, ყავისთვის ან კიდევ ცხელი წვნიანია და გადმოაყირაონ. შედეგად კი შესაძლოა მნიშვნელოვანი დამწვრობა მიიღონ. შეიძლება წარმოიქმნას ნაწიბურებიც და დიდი ხნის განმავლობაში ბავშვმა თავი არაკომფორტულად იგრძნოს.
რა უნდა გავაკეთოთ?მნიშვნელოვანია, მშობლებმა დაიმახსოვრონ, რომ ცხელი საგნები, ჩაიდნები, თავსახურები, ბავშვებისთვის მიმზიდველად გამოიყურება. ამიტომ, ისინი ზედაპირიდან რაც შეიძლება შორს უნდა ინახებოდეს, რომ ბავშვი ადვილად ვერ მისწვდეს.
გაუმყარებელი კარადები და ტექნიკა
რა არის ამაში საშიში? ექვსი თვიდან ბავშვს შეუძლია, ავეჯს ან საყოფაცხოვრებო ტექნიკას მიეყრდნოს და გადააბრუნოს. ამ პერიოდში ის აქტიურად იწყებს მოძრაობას, ყველაფერს ეხება და დაკვირვებას სწავლობს. ახლა, საბედნიეროდ, ტელევიზორი აღარ არის ისეთი მძიმე, როგორიც ადრე იყო, მაგრამ ტრავმები მაინც შეიძლება მოხდეს.
რა უნდა გავაკეთოთ?კედლებზე მიამაგრეთ მძიმე ავეჯი და ტექნიკა. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ საჭიროა აღჭურვილობა მაქსიმალურად შორს დააყენოთ, რომ ბავშვი ვერ მისწვდეს.
დენის წყაროები
რა არის საშიში? ბავშვები ხანდახან ინტერესის გამო ეხებიან დენის წყაროებს, დენცქვიტას და თუ ის ღია მდგომარეობაშია და არაფერი ფარავს, შესაძლოა საგნები შეახონ ან კიდევ თითი შეყონ და შედეგად მნიშვნელოვანი დაზიანება მიიღონ.
რა უნდა გავაკეთოთ?
ეცადეთ დენის წყაროები დაცული იყოს ისე, რომ ბავშვმა ხელის შეხება ვერ შეძლოს, ან კიდევ განათავსეთ ისეთ ადგილზე, რომელზეც მისთვის მიუწვდომელი იქნება. გამოიყენეთ სპეციალური საფარები. ნუ გამოიყენებთ ოთახებში კაბელიან გადამყვანებს, რადგან მცირე ასაკის ბავშვმა შესაძლოა დააზიანოს და საკუთარ თავსაც საფრთხე შეუქმნას.
ყველაზე საშიში ოთახი სამზარეულოა
რატომ არის საშიში? დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად შესაძლოა სამზარეულოში ვართ. არსებობს უამრავი ბასრი საგანი, მრავალფეროვანი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც შეიძლება საშიში იყოს ბავშვისთვის.
რა უნდა გავაკეთოთ? არ დატოვოთ პატარა ბავშვები სამზარეულოში უფროსების მეთვალყურეობის გარეშე. შეინახეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ბასრი საგნები ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ სამზარეულოს, არამედ სხვა ოთახების უსაფრთხოებასაც.
საყოფაცხოვრებო ქიმიკატები, საწმენდი და სარეცხი საშუალებები
რატომ არის საშიში? ფერადი ეტიკეტები, სხვადასხვა ფერის სითხე ბავშვებს იზიდავს. შეიძლება იფიქროს, რომ ბოთლში რაღაც ტკბილია, სინამდვილეში კი სარეცხი საშუალებაა. თუკი ის დალევას შეეცდება, შესაძლოა ძალიან სერიოზული დაზიანება მიიღოს.
რა უნდა გავაკეთოთ?საყოფაცხოვრებო ქიმიკატები უნდა ინახებოდეს ბავშვებისგან რაც შეიძლება შორს, სასურველია, სპეციალურ ადგილას, რომელსაც ვერ გააღებს ან ვერ მისწვდება.
წამლების ყუთი
რატომ არის საშიში? ხშირად სხვადასხვა ფერის აბები, ტაბლეტები ბავშვებისთვის მიმზიდველია. ასევე, სამკურნალო სიროფები მათთვის შესაძლოა ტკბილეულთან ასოცირდებოდეს და თამაშის დროს დალიონ. ამან შეიძლება ტრაგედია გამოიწვიოს.
რა უნდა გავაკეთოთ? მედიკამენტები ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას უნდა ინახებოდეს. ასევე, აუცილებელია კონკრეტულ სათავსოს, ყუთს ჩაკეტვის ფუნქცია ჰქონდეს, რომ ბავშვმა ვერ გახსნას.
ელემენტები, მაგნიტები, მონეტები და სხვა წვრილმანები
რა არის ამაში საშიში? პატარა ნივთები, როგორებიცაა ელემენტები, მაგნიტები, პატარა მონეტები, სათამაშოს ნაწილები, ბავშვს შეუძლია გადაყლაპოს ან ცხვირში ჩაიდოს და შეისუნთქოს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში უცხო სხეულები არც ისე საშიშია, რადგან ისინი ბუნებრივად შეიძლება გამოვიდეს ორგანიზმიდან. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ფრთხილად უნდა ვიყოთ. მაგრამ, სასუნთქ გზებში უცხო სხეულმა შესაძლოა ბავშვის დახრჩობა გამოიწვიოს.
რა უნდა გავაკეთოთ? დამალეთ ყველა პატარა ნივთი. მით უმეტეს იმ ასაკში, როცა ბავშვი ყველაფერს პირში იდებს.
როგორ დავეხმაროთ, თუ ბავშვს რამე გადასცდა?
სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ ბავშვი უცხო სხეულს შეისუნთქავს, პირველი ნიშნები, რითაც შეიძლება ამოიცნოთ, არის ის, რომ გაუძნელდება სუნთქვა, დაეწყება ხველა, ტირილი და ღებინება.
- პირველ რიგში, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
- არ დააწვინოთ, იჯდეს ან იდგეს. ფაქტია, რომ როდესაც სხეულის პოზიცია იცვლება, უცხო საგანს შეუძლია გადაადგილება და სასუნთქი გზების მთლიანად გადაკეტვა.
- თუ ბავშვს სუნთქვა უჭირს, შეგიძლიათ ხელოვნური სუნთქვა გამოიყენოთ და პარალელურად, ექიმს დაელოდოთ.
იხილეთ კიდევ რჩევები ამ თემაზე:
თუ ბავშვს რამე გადასცდა - დაიმახსოვრეთ ქმედებები, რომ ბავშვი არ დაიხრჩოს