- როგორც ყველას, ჩვენც, უფროსებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობთ ხოლმე, შვებულება გვჭირდება და ასე
არდადეგების დროს ბავშვებს თანატოლებთან თამაშისთვის აუცილებლად უნდა მივცეთ ბევრი დრო. იმიტომ, რომ ეს მათთვის მრავალფეროვნებაა. ხშირად ესმით ხოლმე მშობლების წუწუნი: "არაფრის გაკეთება აღარ გინდა, სულ გაზარმაცდი, მთელი დღე ბავშვებთან ხარ" და ასე შემდეგ. ეს არასწორია. უნდა მივცეთ თამაშის შესაძლებლობა იმიტომ, რომ ამ ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანი თანატოლებთან ურთიერთობა, მეგობრების შეძენაა. მშობელი ხშირად მხოლოდ ბავშვისგან მოითხოვს რაღაც ინფორმაციის მიღებას. ბავშვები კი ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და აინტერესებთ, რა ხდება მშობლის ცხოვრებაში. ძალიან კარგი იქნება ამბების მოყოლა. ასევე, კარგი იქნება, თუ მშობელი და შვილი რაიმე ერთ ნაწარმოებს აირჩევს, წასაკითხად გარკვეული დრო ექნებათ და შემდეგ გაარჩევენ პერსონაჟებს, რა მოეწონათ და რა - არა. ერთად მოიფიქრებენ ახალ თამაშებს. ბავშვებს საინტერესო აქტივობების მოფიქრება არ უჭირთ ხოლმე. ხშირად მშობელს არ აქვს დრო, რომ ჩაერთოს.
მარი ჯოხარიძემ ასევე განმარტა, რამდენად მნიშვნელოვანია შვილისთვის მშობლის გამოცდილების გაზიარება იმისათვის, რომ ერთმანეთთან კავშირი და კომუნიკაცია არ დაკარგონ:
- როგორც უკვე აღვნიშნე, ბავშვები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან. მაშინ წყდება ხოლმე კავშირი, როცა მშობლებისგან ისმენენ: "ახლა არა... ახლა ძალიან დაღლილი ვარ, მოდი, სხვა დროს..." შესაბამისად, მერე უკვე აღარც სვამენ მსგავს შეკითხვებს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა მშობლის ინტერესი ნახოს. მშობელმა მხოლოდ ის კი არ უნდა ჰკითხოს: "რა ქენი, როგორ ითამაშე?" თავადაც მოუყვეს ამბები, თავად როგორ თამაშობდა, გაავლოს პარალელები. ძალიან მნიშვნელოვანია, რა მოლოდინები აქვთ. ხშირად მშობლები ბავშვების მიმართ ძალიან მომთხოვნები არიან და ეს კიდევ აფერხებს მათ შორის კავშირს. ზომიერება ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია.
ფსიქოლოგმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება, რომ წიგნის წაკითხვის, მეცადინეობის დაძალება კარგ შედეგს არ მოგვცემს:
- კითხვაც და ნებისმიერი სხვა აქტივობა, რასაც ბავშვს ვთავაზობთ, რაიმე სასიამოვნოსთან უნდა ასოცირდებოდეს. ამისთვის საუკეთესო საშუალება მაგალითის მიცემაა. ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ მშობელი თავად არ კითხულობს და ბავშვს აძალებს, რომ დაჯდეს და წაიკითხოს. თან, არც ითვალისწინებს ხოლმე ბავშვის ინტერესებს და რაღაც წიგნს პირდაპირ მიაწვდის ხოლმე. სკოლაშიც აძლევენ საზაფხულო არდადეგებისთვის გარკვეულ სიას, რაც, შესაძლოა ბავშვს არ აინტერესებდეს. რატომ უნდა წაიკითხოს ის, რაც არ აინტერესებს? ხომ ჯობს, რომ გავითვალისწინოთ ბავშვის ინტერესები და მოვაძებნინოთ. თუნდაც, ერთად წავიდეთ ბიბლიოთეკაში, წიგნის მაღაზიაში. შეიძლება მეგობრებს ვკითხოთ, გამოვიყენოთ ნაცნობები, ახლობლები და მოვიძიოთ რაღაც წიგნები. აუცილებელი არ არის, რომ შევიძინოთ. თავად ბავშვი იყოს ამ პროცესში ჩართული და ეს ახლის ძიების თავგადასავალი იყოს. მაგალითის მიცემა კი საუკეთესოა, როცა ხედავს, რომ მშობელი სიამოვნებით კითხულობს, თუნდაც ეს ნახევარი საათი იყოს.