თუკი ბავშვი სახლს ასუფთავებს, საკუთარ ნივთებს აწესრიგებს, ცდილობს, საკვები მოამზადოს ან ნარჩენები გადაყაროს, მაშინ ის პასუხისმგებლობას, დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღებას სწავლობს.
ავსტრალიის ლა ტროუბის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, რომელთა სტატია ჟურნალში Australian Occupational Therapy დაიბეჭდა, 5-დან 13 წლამდე ასაკის ორასზე მეტი ბავშვის მშობლები გამოკითხეს. მკვლევარებს აინტერესებდათ, ჰქონდათ თუ არა ბავშვებს რაიმე რეგულარული სამუშაო სახლის საოჯახო საქმეებში. ასევე რამდენად განვითარებული იყო მათი ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, რომლებსაც აღმასრულებელ ფუნქციებს უწოდებენ - პასუხისმგებლობა, ნებისყოფა, ფოკუსირების უნარი, გადაწყვეტილებების მიღება, ქცევის რეგულირება, მოქმედებების დაგეგმვა, ამოცანების გადაწყვეტა და ინსტრუქციების დამახსოვრება.
აღმოჩნდა, რომ ბავშვებში, რომლებსაც ყოველდღიური რუტინა აქვთ, საკუთარი თავისთვის ან ოჯახის წევრებისთვის საუზმეს ამზადებენ, სახლს ასუფთავებენ, მიაქვთ ნაგავი გადასაყრელად, იატაკს წმენდენ, აღმასრულებელი ფუნქციები ბევრად უკეთ არის განვითარებული, ვიდრე იმ ბავშვებში, რომლებიც სახლში არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებენ და მშობლები უმზადებენ საუზმესაც და უწესრიგებენ ნივთებს.
როგორც მრავალი კვლევა აჩვენებს, აღმასრულებელი ფუნქციები ადამიანის ცხოვრების განვითარებაში დიდ როლს თამაშობს. რაც უფრო კარგად განვითარდება ეს ფუნქციები, მით მეტია შანსი იმისა, რომ ბავშვმა სკოლაში კარგად ისწავლოს, მიიღოს უმაღლესი განათლება, მოიწყოს წარმატებული კარიერა და ცხოვრება.