ილონ მასკის დედამ, წარმატებულმა ბიზნესმენმა და ცნობილმა მოდელმა, სამი შვილი მარტო გაზარდა, როცა ქმარს გაშორდა და ოჯახი სამხრეთ აფრიკიდან კანადაში წაიყვანა. მეი ბევრს მუშაობდა, ამიტომაც ბავშვები დამოუკიდებლად იზრდებოდნენ. სამივე შვილი წარმატებულია, რასაკვირველია, ყველაზე დიდ წარმატებას ილონმა მიაღწია, რომელიც ლიდერია მსოფლიო მილიარდერთა სიაში.
საინტერესოა, როგორ მოახერხა მეი მასკმა მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის აღზრდა:
სრული დამოუკიდებლობა
მეის მშობლები დილიდან საღამომდე თავიანთი სამედიცინო კლინიკის წარმატებით განვითარებისთვის მუშაობდნენ. ისინი ქიროპრაქტიკით იყვნენ დაკავებულნი. Business Insider India-სთვის მიცემულ ინტერვიუში მეი იხსენებს, რომ ბავშვებს, ფაქტობრივად, დღეში ორჯერ - დილის 6 საათზე და გვიან ღამით, სადილზე ნახულობდა. 31 წლის, მარტოხელა დედა მთელი დღე და ღამე მუშაობდა და ამავდროულად, ნუტრიციოლოგიაში წარმატების მიღწევას ცდილობდა.
"სახლიდან ვმუშაობდი, ჩემი საძინებელი ოფისად ვაქციე. ბავშვებმა კი კარგად იცოდნენ, რომ ჩუმად უნდა ყოფილიყვნენ, ხელი არ შეეშალათ და საშინაო დავალებები დამოუკიდებლად შესრულებინათ. არასოდეს ვამოწმებდი ილონის დავალებებს და არც მისი და-ძმისგან ვიბარებდი გაკვეთილებს. ეს მათ ადრეული ასაკიდანვე დამოუკიდებლობის შეგრძნებას აძლევდა", - იხსენებს მეი მასკი. ილონი Rolling Stone-თან ინტერვიუში ადასტურებს, რომ დედამ მას სრული თავისუფლება მისცა: "მთელი დღე ვკითხულობდი, ვაშენებდი რაკეტებს და ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოგონებას ვცდილობდი".
ცოტა სიმკაცრე არ ვნებს
ბიზნეს გამოცემასთან საუბარში მეი ამბობს, რომ მკაცრი დედა იყო და ამას არ ნანობს. ის ამტკიცებს და ადრეც ასე ფიქრობდა, რომ ბავშვები უნდა იყვნენ თავაზიანები, დამჯერები და ყოველთვის პატიოსანი გზით იცხოვრონ. ასევე, გამონაკლისის გარეშე, ყველას სიკეთით მოეპყრონ და, თუ შესაძლებელია, სხვებს დაეხმარონ.
"მე მათ ეს ჩემი მაგალითით ვასწავლე: ნუტრიციოლოგად მუშაობა მუდმივი დახმარებაა ხალხისთვის", - ამბობს მეი.
არანაირი ფუფუნება
მეი მასკი იხსენებს, რომ მისი შვილები ძირითადად არაქისის კარაქიან ბუტერბროდებს ჭამდნენ და იმისათვის, რომ სახლში ქათმის ხორცი ჰქონოდათ, მთელი კვირა უნდა ემუშავა. "თუ ბავშვები განებივრებულები არ არიან, ისინი ნებისმიერ პირობებში გადარჩენას სწავლობენ", - დაწერა მან საკუთარ წიგბში "ქალი ისახავს მიზანს". მეი დარწმუნებულია, რომ მისი სამივე შვილი სწორედ ამის გამო მოეწყო უნივერსიტეტში უპრობლემოდ და არც არაკომფორტულ გარემოზე ჰქონიათ პრეტენზია. როგორც ცნობილია, ისინი საერთო საცხოვრებელში, სივიწროვესა და ცუდ პირობებში ცხოვრობდნენ.
გამოავლინეთ ბავშვში ნიჭი
მეი დარწმუნებულია, რომ მისი შვილები უკვე ბავშვობაში ავლენდნენ იმ საქმისადმი მიდრეკილებას, რომელშიც შემდგომში ძალიან წარმატებულები გახდნენ. მასკი ამბობს, რომ შვილებს მუდმივად ამხნევებდა და სტიმულს აძლევდა.
"ხშირად მეკითხებიან, როგორ გავზარდე ასეთი წარმატებული ბავშვები. პასუხი მარტივია: მე მათ ნებას ვაძლევდი, თავიანთ ოცნებებს მიჰყოლოდნენ", - ამბობს მეი მასკი. ილონი ბევრ წიგნს კითხულობდა, განსაკუთრებით ენციკლოპედიებს. 12 წლის ასაკში დედამ მას პირველი კომპიუტერი უყიდა, ბიჭმა კი დამოუკიდებლად კომპიუტერული თამაში BLASTAR შექმნა. მეიმ ეს თამაში რამდენიმე მეგობარს აჩვენა, რომლებიც პროგრამირებას სწავლობდნენ და ისინი გაოცებულები იყვნენ. 12 წლის ასაკში ილონ მასკმა დედის დახმარებით საკუთარი თამაში 500 დოლარად გაყიდა.
მუშაობა ბავშვობიდან
მეი CNBC-თან საუბარში იხსენებს, რომ ის მშობლებს 8 წლის ასაკიდან ეხმარებოდა, 12 წლის ასაკში კი მამის კლინიკაში სრულ განაკვეთზე მუშაობდა. მასკი მუდმივად ცდილობდა, შვილებიც ჩაერთო საქმეში. ილონი დედას ტექსტების აკრეფაში ეხმარებოდა, ხოლო მისი და ტოსკა წერილებს პასუხობდა: "ეს მათ დაეხმარა, რომ გაეგოთ, რის ხარჯზე ცხოვრობს ჩვენი ოჯახი მოკრძალებულად, რის ხარჯზე გვაქვს პურის ნაჭერი და მეორადი ტანსაცმელი. ბავშვები გაიზარდნენ იმის გაგებით, რომ მიზნების მისაღწევად ბევრი უნდა იმუშაონ", - ამბობს მეი მასკი.
მოექეცით ბავშვებს, როგორც თანასწორ ადამიანებს
"მათ არასდროს ვეპყრობოდი, როგორც უმწეო ბავშვებს და არც ზედმეტად ვიცავდი. დიეტოლოგად მუშაობისას საკმაოდ ბევრი მშობელი ვნახე, რომლებიც შვილებს თავისუფლად ერთი ნაბიჯის გადადგმის უფლებასაც არ აძლევდნენ და ამით უდიდეს სტრესს ანიჭებდნენ", - იხსენებს მეი.
Vanity Fair-თან ინტერვიუში მეი აღიარებს, რომ ილონი მისი სამი შვილიდან ყველაზე რთული და მეამბოხე იყო, დილის ხუთ საათამდე კითხულობდა, სკოლაში ბავშვებთან მეგობრობაზე უარს ამბობდა. დედამ კი მას უფება მისცა, ყოფილიყო ის, ვინც თავად სურდა.
ნუ აარიდებთ პასუხისმგებლობებს
მეი მასკი დარწმუნებულია, რომ ბავშვების ადრეული ასაკიდანვე პასუხისმგებლობებისგან დაცვა საჭირო არ არის.
"ილონს და კიმბალს ბიზნესის შესწავლა სურდათ, ილონს ასევე ფიზიკის სწავლაც უნდოდა. ტოსკას რეჟისურა აინტერესებდა. მე მათ ვერანაირად ვერ ვეხმარებოდი, ამიტომ თვითონ აიღეს სტიპენდია, იპოვეს საცხოვრებელი და გამოიტანეს სესხები. მათ უბრალოდ იცოდნენ, რომ სხვა გზა არ იყო", - იხენებს მეი მასკი.
მაგალითის ჩვენება
მეი მასკი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ბავშვებს მისით ეამაყათ, მაგრამ პირველ რიგში აჩვენა, როგორ უნდა ყოფილიყო ჰარმონიაში საკუთარ თავთან. მეი ცნობილი ნუტრიციოლოგი გახდა, გახსნა საკუთარი სამოდელო სკოლა და ტორონტოს უნივერსიტეტში ასწავლიდა. 69 წლის ასაკში გახდა ყველაზე ხანდაზმული ქალი მოდელი, რომელიც პრიალა ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა. გასაკვირი არ არის, რომ ილონი დედასთან ერთად წითელ ხალიჩაზე რეგულარულად ჩნდება და მისით ძალიან ამაყობს.
"მეი მხოლოდ დედაჩემი არ არის. ის არის ქალი, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ!" - ამბობს ილონ მასკი.
როდესაც სპეციალისტები მეი მასკის ისტორიას, შთამაგონებელ ფრაზებს ისმენენ, კიდევ ერთხელ მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, რომ ნებისმიერი ოცნების ასრულება თავად მასზეა დამოკიდებული. ეს იქნება სადმე მოგზაურობა თუ ძვირად ღირებული შენაძენი. მშობლები კი მას ამ გზის პოვნაში უნდა დაეხმარონ. აუცილებელია ნდობისა და მხარდაჭერის ჩამოყალიბება, კრიტიკული აზროვნების განვითარება, შვილებთან ერთად ფილმებისა და წიგნების განხილვა. იმისათვის, რომ ბავშვი ლიდერად გაიზარდოს, უნდა იცოდეს, როგორ მართოს საკუთარი თავი.
როგორ სკოლაში სწავლობენ ილონ მასკის ვაჟები და რა არის ცნობილი მის 6 ვაჟზე - მილიარდერს მხოლოდ ბიჭები ჰყავს, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით გაჩნდნენ
"თუ ბავშვს ისე გავზრდით, რომ მხოლოდ სიკეთეს დაინახავს, ის შეიძლება ცხოვრებამ დაჩაგროს... მხოლოდ განათლება საკმარისი არ არის ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოს"
ბავშვები, რომლებიც სახლში ასე იქცევიან, უკეთ სწავლობენ და მომავალში წარმატებულ კარიერასაც აღწევენ