დღეს საქართველოში რამდენიმე მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 07:36 საათზე 4.8 მაგნიტუდის სიდიდის მიწისქვეშა ბიძგები სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. შემდეგ საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა და მოკლე ინტერვალში კიდევ რამდენიმე მიწისძვრა დაფიქსირდა. ამ ფონზე, მოსახლეობას გაუჩნდა შეკითხვა, რატომ გააქტიურდა ბოლო პერიოდში მიწისძვრები ქვეყნის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი სოფელ სამებასთან. შეკითხვით დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებებისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემთა ბაზებისა და დამუშავების დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის უფროსს თიკო როსტომაშვილს მივმართეთ:
- ეს ბუნებრივი მოვლენაა და განსაკუთრებული და განსხვავებული არაფერი ხდება. მსგავსი პროცესები მუდმივად მიმდინარეობს. რამდენიმე წლის წინაც გვქონდა შემთხვევები, როცა კონკრეტულ მონაკვეთში იყო გააქტიურებული და ახლაც იგივე სურათი მეორდება. შარშან ასეთი გახშირებული მიწისძვრები ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდშიც გვქონდა, მერე გარკვეული დროის განმავლობაში დაგროვილი ენერგია მიილია და ახლა კვლავ გააქტიურდა. როგორც გითხარით, ბუნებრივი პროცესია, რაც მუდმივად მოხდება - კვლავ იქნება პერიოდები, როდესაც დაგროვილი ენერგია მიილევა, რაღაც პერიოდის მერე ისევ დაიწყებს აქტიურობას. ე.წ. მომყოლი მიწისძვრებიც ძალიან ხშირია და არც ამაშია რაიმე განსაკუთრებული. როცა ერთი დიდი მიწისძვრა მოხდება ხოლმე, შემდეგ პატარ-პატარა ბიძგები თითქმის ყოველთვის მოჰყვება. ამ შემთხვევაში 3-ზე მეტი მაგნიტუდითაა წარმოდგენილი და ამიტომ უფრო თვალშისაცემია. თუმცა, ხშირად ადამიანები ე.წ. მომყოლ მიწისძვრებს ვეღარ გრძნობენ.
- ბოლო პერიოდში მიწისძვრების უმეტესობის ეპიცენტრი სოფელი სამებაა, რატომაა ეს ადგილი ასეთი აქტიური?
- ამ რეგიონს ახასიათებს როგორც ტექტონიკური აქტივობა, ასევე ვულკანური წარსული. ძნელია იმის თქმა, კონკრეტულ შემთხვევაში, რა ხდება მიზეზი, მაგრამ ვულკანური წარსული აქტივობებს იწვევს, ასევე ფილაქნების მოძრაობის შედეგად დაგროვილი ენერგია თავისუფლდება და ერთ-ერთი ეპიცენტრული კერა სწორედ სოფელ სამებასთან არსებული ტერიტორიაა. ეს ეპიცენტრული ზონა მოსახლეობისგან მოშორებითაა. ახლა რა მიწისძვრებიც ხდება, ძირითადად, პატარა და საშუალო კლასისაა. ზოგადად, პატარა და საშუალო კლასის მიწისძვრები ნგრევასა და მსხვერპლს არ იწვევს.
- სპეციალისტებს რაიმე სამომავლო პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ?
- სამწუხაროდ, მსოფლიოში მიწისძვრის პროგნოზირება არსად ხდება და ჯერჯერობით, ამისთვის არანაირი მექანიზმი არ არსებობს. მიწისძვრები აუცილებლად მოხდება, თუმცა რა სიძლიერის, როდის და სად, ამის პროგნოზირება შეუძლებელია.
- როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები მიწისძვრის დროს?
- მთავარი რეკომენდაცია, როცა ძლიერი მიწისძვრაა, არის ის, რომ საყრდელ კედელთან უნდა ვიდგეთ ან მაგიდის, მყარი ზედაპირების ქვეშ ვიყოთ. ლიფტებსა და კიბეებზე ჩარბენას უნდა მოვერიდოთ. თუმცა, როგორც გითხარით, ეს მიწისძვრები პატარა და საშუალო კლასს განეკუთვნება და საფრთხეს არ წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში საქართველოში 6 მიწისძვრა მოხდა. მათ შორის, ყველაზე დიდი, 4.8 მაგნიტუდის სიდიდის მიწისქვეშა ბიძგები სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.