გამოცდილებაპრაქტიკული რჩევები
ბავშვს თუ ეს ეცოდინება, დაიცავთ დაკარგვისგან და ძალადობისგან - სპეციალისტის საჭირო რჩევები
ბავშვს თუ ეს ეცოდინება, დაიცავთ დაკარგვისგან და ძალადობისგან - სპეციალისტის საჭირო რჩევები
ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები მშობლებს ჩამორჩებიან, ან კიდევ მათთვის უცხო ადგილზე აღმოჩნდებიან და გზის გაკვლევა უჭირთ. დაკარგვის საკითხებთან ერთად, უცხო ადამიანებთან კომუნიკაციაც ძალიან მნიშვნელოვანია და აქაც არსებობს წესები, რომლებიც ბავშვებმა მცირე ასაკიდანვე უნდა იცოდნენ. მშობლებთან ერთად, აღნიშნულ საკითხებზე, ექიმის საათის ფარგლებში, უკვე სკოლაშიც გაესაუბრებიან.
უფრო ზუსტად, რა წესები უნდა იცოდნენ, თუ დაიკარგებიან, როგორ უნდა იურთიერთონ უცხოებთან და როგორ უნდა ამოიცნონ ძალადობა - თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციის "თანადგომა" ფსიქოლოგი, ტრენერი, პროგრამების მენეჯერი ხათუნა ხაჟომია გვესაუბრება:

mshoblebi

- თუ მსოფლიოს სტატისტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ
ძალიან ბევრი ბავშვი იკარგება, მათ
შორის, ჩვენს ქვეყანაში. ეს საკითხი ახლა, არდადეგების პერიოდში, განსაკუთრებით აქტუალურია იმიტომ, რომ ადამიანები დასასვენებლად სხვადასხვა ადგილზე მიდიან. ხშირად სეირნობენ ტყეში, სკვერებსა თუ პარკებში. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი ბავშვი დაიკარგება, მან რამდენიმე წესი უნდა გაითვალისწინოს.
პირველ რიგში, პატარაობიდან ისე უნდა აღვზარდოთ, რომ მან აუცილებლად იცოდეს, სახლიდან გასვლის შემთხვევაში, უფროსი, იქნება ეს მშობელი, ბებია-ბაბუა თუ სხვა, აუცილებლად ჩააყენოს საქმის კურსში. ეზოშიც რომ ჩადიოდეს სათამაშოდ, მაღაზიაში თუ იქვე, სახლის მახლობლად, უფროსმა ამის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეს. რაკი ბავშვი დამოუკიდებლად გადაადგილდება, საკვებს თავად იღებს, ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რომ უკვე გაიზარდა და მეტიც, მოსწონთ, რომ მცირე ასაკში მარტო მიდის სათამაშოდ, მაღაზიაში თუ ასე შემდეგ. თუმცა, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ.
თუ ბავშვი ოჯახთან ერთადაა წასული და დაიკარგა, იმ ადგილას უნდა გაჩერდეს, სადაც ოჯახის წევრებს ჩამორჩა. მშობლები როცა აღმოაჩენენ, რომ შვილი მათ გვერდით არ არის, სავარაუდოდ, ეცოდინებათ ის მიმართულება, რა მიმართულებითაცაა წასული. თუ ბავშვი ადგილს არ შეიცვლის, ადვილად იპოვიან. ხოლო, თუ სიარულს დაიწყებს, პოვნის პროცესს გაართულებს.
კიდევ ერთი წესი სახელის დაძახებაა. ბავშვი სადაც არ უნდა დაიკარგოს, გარდა იმისა, რომ უნდა ავუხსნათ, დადგეს იმ ადგილას, სადაც აღმოაჩინა, რომ სხვებს ჩამორჩა, ასევე უნდა ვასწავლოთ, რომ უფროსების, იმ ადამიანების სახელები, რომლებთან ერთადაცაა წამოსული, ხმამაღლა დაიძახოს. ესეც კარგი საშუალებაა, რომ უფროსმა იპოვოს. გარდა ამისა, თუ ბავშვი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილშია დაკარგული, აუცილებლად უნდა მოძებნოს პატრული, დაცვის თანამშრომელი, ფორმიანია ადამიანი, რომელიც უფრო სანდოა, ვიდრე უცხო. აუცილებლად უნდა ვასწავლოთ, რომ უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას, ფრთხილად იყოს. დაკარგვის შემთხვევაშიც, უფროსს არსად არ უნდა წაჰყვეს. თუ დახმარება სჭირდება, პატრულის გამოძახება ან კიდევ ნომერი თუ იცის, მშობლებთან დარეკვა სთხოვოს. ეს ის ძირითადი წესებია, რაც ბავშვმა დაკარგვის დროს უნდა იცოდეს. თუმცა, პრევენციისთვის, აუცილებელია, რომ მშობლებმა ყურადღება არ მოადუნონ. რა თქმა უნდა, გასეირნება ძალიან კარგია, მაგრამ ყურადღება ყოველთვის მნიშვნელოვანია.

- რა ასაკიდანაა რეკომენდებული ბავშვის მაღაზიაში, ეზოში დამოუკიდებლად გაშვება?

- ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგანაც ეს ბავშვის ინდივიდუალურ მახასიათებლებზეა დამოკიდებული. ზოგიერთი ბავშვი უფრო აქტიური, ყოჩაღი და დამოუკიდებელია. ზოგი კი - უფრო მეტად მორცხვი. თუმცა, თუ ბავშვს ეს პროცესი არ სიამოვნებს, არ უნდა, რომ წავიდეს და მაგალითად, პური იყიდოს, არ უნდა დავაძალოთ. თამბაქოსა და ალკოჰოლის საყიდლად რომ არ უნდა გავაგზავნოთ, ამაზე აღარ ვსაუბრობ. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ბევრ უფროსს შეხვდებით, როცა მცირე ასაკის ბავშვს ფულს მისცემენ და რაღაცების საყიდლად გაუშვებენ. როდესაც ბავშვმა უკვე იცის ანგარიში, როდესაც ფულთან ურთიერთობა შეუძლია, მაშინ, ალბათ, ის მზადაა, რომ მაღაზიაში, ეზოში დამოუკიდებლად წავიდეს. თუმცა, მშობლებს მინდა ვუთხრა, რომ 2-3 წლის ბავშვის მაღაზიაში მარტო გაშვება სულ არ ნიშნავს, რომ აღზრდის კარგი მეთოდები აქვთ და დამოუკიდებლობას აჩვევენ. პირიქით, ბევრი საფრთხე შეიძლება დაემუქროს. პატარა ასაკის ბავშვებთან განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ გვერდით იყვნენ და მათ სწორ აღზრდას სხვა მხრივ შევუწყოთ ხელი. მივცეთ საკუთარი აზრის გამოთქმის, მსჯელობისა და შეკითხვების დასმის საშუალება. ეს უფრო კარგი საშუალებაა, ვიდრე, პირობითად, 3 წლის ბავშვი გვერდზე კორპუსში ან უბანში გავაგზავნოთ. სამწუხაროდ, ხშირია პედოფილიის შემთხვევები. პედოფილების სამიზნე როგორც გოგონები, ასევე ბიჭებიც არიან და არ იფიქროთ, რომ ძალადობის თვალსაზრისით, მხოლოდ გოგონები წარმოადგენენ რისკს.

- მშობელმა რა უნდა ასწავლოს ბავშვს უცხო ადამიანებთან კომუნიკაციისას - იქნება ეს დაკარგვის შემთხვევაში თუ ზოგადად?

- ამ თემაზე მშობელმა საკუთარ შვილთან აუცილებლად უნდა ისაუბროს. პატარა ბავშვზე მანიპულირება და ზემოქმედება ძალიან ადვილია. "კანფეტს მოგცემ და წამოდი", "სახლში პატარა ლეკვი მყავს და წამომყევი, ვნახოთ" - მოძალადეები ხშირად იყენებენ მსგავსი შინაარსის ფრაზებს. როგორც წესი, პედოფილიის შემთხვევები დროში გახანგრძლივებულია. ჯერ ბავშვის ნდობას მოიპოვებენ და შემდეგ დაგეგმავენ ნაბიჯებს. ამიტომაც, ბავშვმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ უცხო ადამიანებისგან არანაირი საჩუქარი არ უნდა მიიღოს და არც არსად წაჰყვეს. თუ ვინმე დახმარებას სთხოვს, სხვა უფროსს მიმართოს. ძალადობის შემდეგ ძალიან ხშირია დაშანტაჟების შემთხვევები, რომ არავის უთხრას. მან უნდა იცოდეს, რას ნიშნავს კარგი და ცუდი საიდუმლო. ყოველთვის, როდესაც გარყვნილ ქმედებასთან გვაქვს საქმე, ბავშვთან აცულებლად ნეგტიური ემოციები მოდის. ამის ამოცნობა უნდა იცოდეს. თუ მას რაიმე კონკრეტული სიტუაცია არ სიამოვნებს, მშობელს აუცილებლად უნდა უთხრას.
როდესაც ძალადობაზე ვსაუბრობს, უსაფრთხო და საფრთხის შემცველი შეხების საკითხი შემოდის. ბავშვს მარტივად შეგვიძლია ვასწავლოთ - ადგილები, რომლებიც საცურაო კოსტიუმითაა დაფარული, იქ შეხება არავის შეუძლია. ეს არის ადგილები, რომლებსაც შესაძლოა დაბანისას მხოლოდ მშობელი, აღმზრდელი შეეხოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამაზეც ჰქონდეს ინფორმაცია, რადგანაც, სამწუხაროდ, პედოფილები ხშირად ოჯახის ახლობლები, ნაცნობები არიან. თუ იმ ადგილებზე ხდება შეხება, რომლებიც დაფარულია, ეს აუცილებლად უნდა უთხრას მშობელს. თუმცა, გვაქვს შემთხვევები, როდესაც შვილები მშობლებს ამის შესახებ ესაუბრებიან და ისინი არ უჯერებენ. ასეთ დროს ბავშვებს უნდა ასწავლიდნენ სკოლაში, რომ თუ ოჯახის წევრი არ უჯერებს, მაშინ სხვა, სანდო უფროსს მიმართოს. სანდო უფროსი შეიძლება მასწავლებელი, დეიდაშვილი ან სხვა ვინმე იყოს. ბავშვებს, განსაკუთრებით საბავშვო ბაღის ასაკში, ფანტაზია ძალიან კარგად აქვთ განვითარებული და შესაძლებელია, ხშირად ამ ფანტაზიის წყალობით არარეალისტური ამბავიც კი შეთხზან. მაგრამ, მშობელი თუ კარგად ჩაეკითხება და ადეკვატურ შეკითხვებს დასვამს, შესაძლებელია გაიგოს, ბავშვი მართალს ამბობს თუ ეს ფანტაზიაა. თუ ვერ არკვევს, მაშინ სპეციალისტს მიმართოს და ფსიქოლოგთან გაიაროს კონსულტაცია. მთავარია, რომ მსგავსი ინფორმაცია უფროსმა რეაგირების გარეშე არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დატოვოს. რეაგირებაც ადეკვატური უნდა იყოს, ყვირილით ბავშვიც დამნაშავედ გრძნობს თავს და შესაძლოა ინფორმაცია ვეღარ მიიღოთ.

- როგორც ცნობილია, აღნიშნული და სხვა თემები განხილული იქნება სკოლებში, ექიმის საათის ფარგლებში. რატომ გახდა სკოლებში მისი დანერგვა აუცილებელი და კონკრეტულად რა თემებზე გამახვილდება ყურადღება?

- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველა საგნის სტანდარტს ამტკიცებს, სადაც გაწერილია ის თემები, თუ რაზე უნდა იმუშაონ ბავშვებმა. აღნიშნული სტანდარტის მიხედვით, სახელმძღვანელოები კეთდება. სტანდარტები 4-5 წელიწადში ერთხელ გადაიხედება. თემების შეცვლა, დამატება კი ძალიან რთულია. ბოლოს ეს სტანდარტები 2018 წელს დამტკიცდა. სექსუალური ძალადობის, პედოფილიის, ბავშვების, როგორც მოწყვლადი ჯგუფების განხილვა, მანამდეც აქტუალური იყო, თუმცა ახლა უფრო ღიად ვსაუბრობთ ამ თემებზე. სამინისტრომ გამოთქვა ინიციატივა, რომ სექსულური ძალადობისა და პედოფილიის პრევენციის კუთხით უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაედგათ და რადგანაც ჩვენს ორგანიზაციას მათთან ხანგრძლივი თანამშრომლობის გამოცდილება ჰქონდა, "თანადგომასა" და "გაეროს მოსახლეობის ფონდს" სთხოვეს, რომ მონაწილეობა მიგვეღო. 2023 წლიდან ყველა საჯარო სკოლაში ექიმის პოზიცია სავალდებულო იქნება. სამედიცინო თვალსაზრისით ბავშვებთან ურთიერთობის გარდა, სკოლის ექიმს საგანმანათლებლო საკითხების განხილვაც დაევალება. საგანმანათლებლო თემებში შედის ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ჰიგიენა, კვება, ფიზიკური აქტივობა, გენდერული სტერეოტიპები, თანასწორობა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, როგორებიცაა, უცხო ადამიანებთან ურთიერთობა, დაკარგვის შემთხვევაში ქცევის წესები, როგორ ამოიცნოს ემოციები და თავისი სახელი დაარქვას, რას ჰქვია საფრთხის შემცველი შეხება. ზოგადად, სექსუალური ძალადობის ამოცნობა ძალიან დიდი პრობლემაა. ამიტომაც, ბავშვს რომ ამ ასაკიდანვე ექნება ინფორმაცია, პრევენციისათვის უმნიშვნელოვანესია. ექიმის საათი სექტემბრიდან გარკვეულ სკოლებში უკვე დაინერგება და იგი დაწყებით საფეხურს, 1-ელ-მე-6 კლასებს მოიცავს. თითო კლასში 8 გაკვეთილი ჩატარდება. თემები ყველა კლასში მეორდება, თუმცა ასაკის გათვალისწინებით, სხვადასხვა ინფორმაცია მიეწოდებათ. გაკვეთილები მთლიანად ინტერაქტიურია, თამაშით, მსჯელობით, დისკუსიით, ანიმაციების განხილვით მიმდინარეობს. როდესაც პირად უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ყველა გაკვეთილშია მითითებული, თუ როგორ უნდა დარეკონ 112-ში. ეს ჩვენი შვილებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია.

როდესაც დანერგვა დაიწყება, ექიმსა და კლასის დამრიგებლებს მშობლებთანაც ექნებათ შეხვედრები. ამიტომაც, მინდა გთხოვოთ, ნუ შეუშლით ხელს და პირიქით, აქტიურად ჩაერთეთ, რადგანაც ამ გზით ბავშვები ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევებთან დაკავშირებულ ინფორმაციას სწორად მიიღებენ. ექიმებისთვისაც ბევრი ტრენინგის ჩატარებას ვაპირებთ. გაკვეთილებს სწორედ ისინი ჩაატარებენ, თუმცა ზოგიერთ სკოლაში ბევრი ბავშვია და მხოლოდ ერთი ექიმი საკმარისი არ იქნება. ასეთ შემთხვევაში, სამინისტროს რეკომენდაციაა, რომ გაკვეთილი დამრიგებელმაც ჩაატაროს. ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველთვის იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება, რომ შემცირდეს ძალადობის შემთხვევები და ჯანმრთელი, ლაღი თაობა გვყავდეს.

თამარ იაკობაშვილი


ბეჭდვა