რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვარკეთილში პიტბულმა 3 ადამიანი დაგლიჯა. მსგავსი შემთხვევები წინა თვეებშიც დაფიქსირდა, რა დროსაც სხვადასხვა ასაკის ადამიანები, მათ შორის, ბავშვებიც დაზიანდნენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ მსგავს შემთხვევებს ძაღლის პატრონის დაუდევრობა და შინაური ცხოველისთვის არასათანადო ყურადღების მიქცევა იწვევს. უფრო კონრეტულად, რა უნდა იცოდეთ აუცილებლად, ვიდრე სახლში ძაღლს მიიყვანთ, რა პერიოდში და წესების დაცვით უნდა გაასეირნოთ და როგორ უნდა აიცილოთ თავიდან აგრესია - აქტუალურ თემაზე
კინოლოგი გიორგი ალიხანოვი გვესაუბრება:
- პირველ რიგში, ვიდრე ადამიანი ძაღლის აყვანას დააპირებს, აუცილებელია კონსულტაცია კინოლოგთან გაიაროს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. გარდა ამისა, შინაური ცხოვლისთვის დრო აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ძაღლს დღის განმავლობაში მინიმუმ 3 საათი მაინც სჭირდება გასეირნება. ამ შემთხვევაში ძაღლის ჯიშსაც გააჩნია. თუ მაგალითად ბელგიურ ნაგაზზე, ან კიდევ სხვა ენერგიულ ძაღლზე ვსაუბრობთ, მათ კიდევ უფრო მეტი დრო სჭირდებათ გასეირნებისთვის. ზოგჯერ არის შემთხვევები, როდესაც ძაღლს აიყვანენ, სახლში ჩაკეტავენ და ყურადღებას აღარ აქცევენ. ფიქრობენ, რომ 1 საათის განმავლობაში გარეთ გაყვანა საკმარისია, მაგრამ ასე არ არის. როდესაც ძაღლი სათანადო დროით არ გაგვყავს გარე სივრცეში და არ ვასეირნებთ, ფსიქოლოგიურადაც იღლება, აგრესიული ხდება და სახლშიც ყველაფერს აფუჭებს.
- რა საფრთხეები არსებობს, თუ პატრონი ძაღლს სათანადოდ არ უვლის?
- როდესაც ძაღლისთვის დრო არ გვაქვს, სწორად არ ვუვლით, შეიძლება აგრესია გაუჩნდეს, უკბინოს პატრონს ან გარშემო მყოფებს. ასევე, შესაძლოა სხვადასხვა დაავადებით დაავადდეს. ან კიდევ სახლიდან გაიქცეს და ვეღარ დავიჭიროთ.
- როდიდან უნდა მიიყვანოს პატრონმა ძაღლი სპეციალისტთან?
- მე, როგორც კინოლოგი, ძაღლებს ყოველთვის 5 თვიდან ვიყვან. კავკასიურ და ქართულ ნაგაზებს კი - 4 თვიდან. 4 თვიდან აღზრდა, ხოლო 5-6 თვიდან გაწვრთნა იწყება. სტანდარტული კურსი 7 თვის განმავლობაში გრძელდება. მთავარი ამოცანაა, რომ ძაღლი იყოს ჭკვიანი, ხალხის მიმართ არ გამოავლინოს აგრესია, არავის უკბინოს. შინაური ცხოველი ამ გზით სოციალიზებული ხდება. ცოტა ხნის წინ რომ შემთხვევა მოხდა, პიტბულმა ადამიანები რომ დაგლიჯა, ამ შემთხვევაში ძაღლი არასწორად იყო გაწვრთნილი და არც პატრონი ასრულებდა შესაბამის წესებს. აუცილებელია ძაღლს ალიკაპი ეკეთოს და საბელით გავასეირნოთ. მით უმეტეს, ეს ჯიში ძაღლებთან მებრძოლია და მისი ხალხში ასე თავისუფლად გაშვება არ შეიძლება.
- გასეირნებისას რა სტანდარტი არსებობს, რაც პატრონმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს?
- თუ ძაღლი პარკსა და სკვერში გაგვყავს სასეირნოდ და იქ სპეციალურადაა შემოღობილი, იზოლირებული ტერიტორია, საბელისა და ალიკაპის გარეშეც შეუძლიათ იმ გამოყოფილ ტერიტორიაზე გაუშვან. ხოლო როცა ქუჩაში მიგვყავს ან კიდევ ისეთ პარკში, სადაც ძაღლებისთვის სპეციალური სივრცე არ არის გამოყოფილი, ალიკაპითა და მოკლე საბელით უნდა ვატაროთ.
- რატომ ხდება ხოლმე, რომ აქამდე უწყინარი ძაღლი თავს ესხმის იმ ადამიანებს, რომლებსაც ყოველდღე ხედავდა და ეთამაშებოდა?
- როდესაც ძაღლს სახლში გამოკეტავენ და არ გაასეირნებენ, მას აგრესია უჩნდება. ან კიდევ თავიდან დიდი სიყვარულით შეხვდებიან და დროთა განმავლობაში ყურადღებას აღარ მიაქცევენ, აღარ ეთამაშებიან, ერთადერთ გზად აგრესიის გამოხატვა რჩება. ცდილობს, ოჯახის წევრები დააშინოს და იყოს ლიდერი. ასევე, თუ ძაღლი გრძნობს, რომ ადამიანს მისი ეშინია, ყველაზე უწყინარი ჯიშიც რომ იყოს, ისიც კი დაიწყებს ყეფას და შეიძლება უკბინოს კიდეც.
- რომელი ჯიშებია ყველაზე საფრთხილო, რომლებიც ყველაზე ხშირად ესხმიან ხოლმე თავს ადამიანებს?
- ნებისმიერი ჯიშის ძაღლს შეუძლია ადამიანს თავს დაესხას. მთავარია სწორი აღზრდა და გასეირნება. თუ სპეციალისტების რეკომენდაციას მივყვებით და სწორად გავაკეთებთ, არც ერთი ჯიშის ძაღლი ადამიანს თავს არ დაესხმება. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კავკასიური ნაგაზია. არის ასევე ე.წ. მებრძოლი ჯიშის ძაღლებიც, რომლებიც უფრო მეტი აგრესიით გამოირჩევიან. მათ შორისაა პიტბულიც. ჩემი აზრით, კარგი იქნება, საერთოდ აიკრძალოს ამ ჯიშის ძაღლის ისეთ ადგილებში გასეირნება, სადაც ხალხია.
- როგორ ფიქრობთ, თუ არის საჭირო რაიმე რეგულაციების დაწესება პატრონებისთვის, რომ ნებისმიერი ჯიშის აყვანა ვერ შეძლონ?
- რეგულაციები აუცილებლად უნდა გამკაცრდეს. ზოგიერთი ადამიანი კონკრეტული ჯიშის ძაღლს აიყვანს მხოლოდ იმის გამო, რომ ლამაზია, შემდეგ აგდებენ, ყურადღებას აღარ აქცევენ. ამის გამო აუცილებლად უნდა დაჯარიმდეს. მეორე, როგორც აღვნიშნე, აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია კინოლოგთან. უნდა იცოდეს წინასწარ, როგორი ფსიქოლოგიის ძაღლი იქნება, რა საჭიროებები აქვს, რომ გაიაზროს, შეძლებს თუ არა მის მოვლას. ზოგჯერ ჩემთან რომ მოდიან და კავასიური ნაგაზის აყვანა აქვთ გადაწყვეტილი, როცა იგებენ ინფორმაციას, მოვლის წესებს, არჩევანს ცვლიან და უფრო პატარა ჯიშის ძაღლის აყვანას გადაწყვეტენ ხოლმე.
- როგორია საერთაშორისო გამოცდილება დიდი ჯიშის ძაღლების ყოლასა და გამრავლებასთან დაკავშირებით?
- უცხოეთში ყველას არ აქვს უფლება, ნებისმიერი ჯიშის ძაღლი გაამრავლოს და კარგი იქნება, თუ ეს კანონი საქართველოშიც შემოვა. ადამიანებს სპეციალური ლიცენზია უნდა ჰქონდეთ და გაკონტროლდეს კიდეც. ვისაც ლიცენზია და საშენი ოფიციალურად აქვს, მათ მიეცეთ ძაღლების შეჯვარების უფლება. ყველა რომ ამრავლებს, არ ითვალისწინებენ ძაღლების ფსიქოლოგიას, საჭიროებებს, სისხლს და ქაოსური მდგომარეობა იქმნება.
- რა უნდა იცოდეს ქუჩაში გავლელმა, როდესაც ძაღლს დაინახავს - ბევრი მიდის, ეფერება, ეთამაშება, როგორია სწორი მიდგომა?
- ჩემი რჩევა იქნება, რომ ყველა ძაღლთან პირდაპირ არ მივიდნენ. ძაღლი შესაძლოა კეთილგანწყობილად შეხვდეს, მაგრამ უცებ ჩაერთოს აგრესია და უკბინოს. ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ჭკვიანია, არ იკბინება, მაგრამ მაინც ჯობს, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ.
- რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, თუ ძაღლი თავს დაესხა?
- პირველ რიგში, არ უნდა გაიქცეს. ხოლო, თუ აცვია რაიმე ისეთი, რის გახდასაც სწრაფად შეძლებს, ხელზე დაიხვიოს და ხელი მისცეს. რაც უფრო დიდ პანიკაში ჩავარდება, ძაღლი მით უფრო აგრესიული გახდება და საკბენად გაიწევს.
თამარ იაკობაშვილი
ძაღლებზე კონტროლი და მათი მეპატრონეების მიმართ მოთხოვნები მკაცრდება - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბავშვი ძაღლმა დაკბინა