ბოლო დროს ქალები სულ აყვედრიან მამაკაცებს, რომ ინფანტილურები და სუსტები არიან. ყველაფერი კი ბავშვობიდან იღებს სათავეს ბოლო დროს ზეაქტიური ქალები სულ აყვედრიან მამაკაცებს, რომ ინფანტილურები და სუსტები არიან, ქალებს ემორჩილებიან. ყველაფერი კი ბავშვობიდან იღებს სათავეს. მომავალი მამაკაციც ხომ ოჯახში ყალიბდება. სწორედ ოჯახში, მშობლებისგან ჩაგონილ რამდენიმე ფრაზას შეუძლია ბიჭუნა სამუდამოდ აქციოს სუსტ და ქალის კალთას ამოფარებულ "ქალაჩუნად". რომელია ეს ფრაზები, რომლებიც ასე ემუქრებიან ჩვენი ბიჭების მომავალ მამაკაცურ შტრიხებს.
"გოგონების წყენინება არ შეიძლება"
ვითომ რატომ? ამ ფრაზაში ლოგიკური მახეა "ჩასაფრებული". გოგონების გაბრაზება არ შეიძლება? ესე იგი ბიჭების შეიძლება? (ვინც უფრო უმწეო და სუსტია) ან მოხუცის, ან სხვისი ძაღლისა და კატის? ხომ არ გავიწყდებათ, რომ როცა რამეს უშავებენ, ბავშვს ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს. იქნებ იმ გოგონამ რა დაუშავა? ყველაფერი აპატიოს მხოლოდ იმიტომ, რომ გოგოა?
ბიჭი, რომელმაც ბავშვობაში "მტკიცედ" შეითვისა, რომ გოგოს წყენინება არ შეიძლება, მოზრდილობაში მფრთხალი და დაბნეულია. იმის მაგივრად, რომ მიზნისკენ მტკიცედ იაროს, სულ გვერდზე იხედება, შემთხვევით ქალს ხომ არ შეუშალა ხელი. არადა უკმაყოფილო ქალებს რა გამოლევს. ისინი ხომ ყველაფრის მამაკაცზე გადაბრალებას ცდილობენ. გარდა ამისა, ამგვარი ფრაზებით თავიდანვე შინაგანი აგრესია უჩნდებათ გოგონების მიმართ, რომელთათვისაც თურმე ყველაფერი შეიძლება.
ამიტომ ზემოხსენებული შაბლონური ფრაზის მაგივრად უთხარით: "გოგოს არ დაარტყა..." ეს ბოლო დროს გაცილებით საჭირო და აქტუალურია.
"გოგოს უნდა დაუთმო"
ამ დროს არავინ აკონკრეტებს, რა უნდა დაუთმოს? ადგილი ავტობუსში თუ ყველაფერი საუკეთესო, რაც თავად ეკუთვნის და რაზეც სრული უფლება აქვს? სამაგიეროდ, რომ გაიზრდება, მშობლები მერე საყვედურობენ - ცოლის ჭკუაზე დადიხარო. ცოლს რა დღეში ეყოლება, ხომ წარმოგიდგენიათ?
ამ შაბლონური ფრაზის ნაცვლად სჯობს მოლაპარაკება და პრობლემის მოგვარება ასწავლოთ. არც ეგოისტურმა მხარემ უნდა სძლიოს და არც საკუთარი ინტერესები უნდა დარჩეს "გვერდზე". ეს ყველასთან საჭიროა, გოგოებთანაც და ბიჭებთანაც. მაგალითად, თუ სათამაშოზე დაობენ, შესთავაზეთ, რომ თუ პირველობას დათმობს, სამაგიეროდ მოგვიანებით უფრო დიდხანს ითამაშებს.
"ბიჭი ხარ და უნდა გააკეთო/არ გააკეთო"
რისი კეთება შეეფერება ბიჭს და რისი არა, ეს სია ძალიან ვრცელი, მრავალფეროვანი და ცვალებადია მშობლების გუნება-განწყობის მიხედვით. მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული სტანდარტებიც არსებობს, მაგალითად: ბიჭს სპორტი უნდა უყვარდეს, არ უნდა იტიროს, ჭიდაობა უნდა მოსწონდეს...
არადა ყოველი ადამიანი ინდივიდია და ბავშვობიდანვე სტერეოტიპებში მოქცევამ შეიძლება მისი ემოციური და ინტელექტუალური განვითარება შეაფერხოს.
ბიჭმაც და გოგომაც თავად უნდა აირჩიოს, როგორი თამაში მოსწონს. თუ თქვენს შვილს სპორტი არ მოსწონს და წიგნების კითხვა, ხატვა ან ძერწვა ურჩევნია, ნუ ინერვიულებთ. სამაგიეროდ, შეუთანხმდით, რომ დილით ცოტა მაინც სახლში წაივარჯიშოს. ხშირად ეტირება? უთხარით, რომ ზოგჯერ კაცებიც ტირიან და ამაში სამარცხვინო არაფერია, ოღონდ ჯობია, ცრემლი სხვებს არ დაანახოს.
იხილეთ ასევე:
როგორ იზრდებიან "ჩმორები" - დროული რჩევა ბიჭების მშობლებს
ნაზი ბიჭი და "ვაჟკაცი" გოგო - არის თუ არა ეს პრობლემა?