ამ ვარჯიშების ჩატარება სახლშიც შეგიძლიათ და თქვენს შვილს უკეთ ამეტყველებაში დაეხმარებით აღნიშნული სახეობის მასაჟი ერთ-ერთი წარმატებული მეთოდია პედაგოგიურ-კორექციული თვალსაზრისით. ლოგოპედიური მასაჟი - ეს არის მექანიკური ზემოქმედების მეთოდი, რომელიც ცვლის მეტყველების აპარატის კუნთების, ქსოვილების, ნერვული პერიფერიების მდგომარეობას. გამოიყენება მეტყველების სხვადასხვა სახის დარღვევის დროს, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.
1. სახის კუნთების მასაჟი
მასაჟის დროს გამოიყენება საჩვენებელი თითი (პარსვის იმიტაცია), ტყაპუნი თითის ბალიშებით. საჭიროა ერთი და იგივე რაოდენობის მოძრაობის შესრულება როგორც საათის ისრის, ასევე საწინააღმდეგო მიმართულებით.
ვარჯიში № 1
სახის კუნთების აქტივიზაცია. წრიული, ენერგიული მოძრაობებით, თითის ბალიშებით დაიწყეთ ცხვირის ნესტოებიდან და ადით წარბების შუა ხაზამდე და დაბლა.
ვარჯიში№ 2 “მორბენალი თითები“
თითის ბალიშებით - ბავშვის მთელ სახეზე, ჩქარი და ენერგიული მოძრაობებით გადაიარეთ ლოყებსა და ტუჩებზე.
ვარჯიში№ 3
ბავშვის ლოყებზე ხელის გულების ტყაპუნი. მოძრაობა უნდა იყოს ენერგიული, ოღონდ არა მტკივნეული.
ვარჯიში№4
ტუჩებზე ტყაპუნი საჩვენებელი და შუა თითებით. თან უთხარით, რომ ამ დროს წარმოთქვას:“მ-მ-მ-მ“.
ვარჯიში№ 5
საჩვენებელი თითები ჩამოვასრიალოთ წარბების შუა ხაზიდან პირისაკენ.
ვარჯიში № 6.
დავუკეტოთ ბავშვს პირი და დავუჭიროთ ქვედა ყბა. მეორე ხელი ჩავასრიალოთ ნიკაპიდან ყელისკენ. ამით სწავლობს ნერწყვის გადაყლაპვას.
2. პირის კუნთების და ენის მასაჟი (გამოიყენება სამასაჟო კბილის ჯაგრისი ან თითზე დახვეული ბინტი).
3.თითის ბალიშები მსუბუქად ვატყაპუნოთ პირის გარშემო საათის ისრის და საწინააღმდეგო მიმართულებით. იგივე გავიმეოროთ ნელი ტემპით.
4. დავამუშაოთ ზედა ტუჩის კუნთი. საჩვენებელი თითის ტყაპუნით მივიდეთ ზედა ტუჩიდან ცხვირამდე და პირიქით.
5. საჩვენებელი თითით დავიწყოთ ცხვირის ქვედა კიდიდან ზედა ტუჩამდე.
6. რამდენჯერმე წრიული მოძრაობით საჩვენებელი და ცერა თითით პირის კუთხეები დაამუშავეთ, თან უთხარით ბავშვს წარმოთქვას „უ-უ-უ".
7. საჩვენებელი თითი მოვათავსოთ ქვედა ყბაზე და ფრთხილად, ისე რომ ენა არ მოვაყოლოთ, დავუკეტოთ პირი, თან უთხარით წარმოთქვას “ბა-ბა-ბა“.
8. “პელმენები“: დავუკეტოთ ტუჩები საჩვენებელი და ცერა თითებით, რაც მოგვაგონებს პელმენების გაკეთების დროს ცომის ერთმანეთზე დაწებების ტექნიკას. თან წარმოთქვას „მ-მ-მ".
9. სპეციალური ჯაგრისი ან ბინტიანი თითი მოვათავსოთ ბავშვის პირის ღრუში და წრიული მოძრაობით ავწიოთ კუნთი ზევით. აუცილებლად გავაკეთოთ მარჯვნივ და მარცხნივ.
10. დავამასაჟოთ ლოყის გარეთა და შიგნითა კუნთები. საჩვენებელი თითი მოვათავსოთ ლოყის შიგნით, ხოლო ცერა თითი ლოყის გარეთა მხარეს და წრიული მოძრაობები ვაკეთოთ.
11. ცერა და საჩვენებელი თითით ავწიოთ ბავშვის ენის წვერი და წარმოთქვათ „და-და-და“, „ტა-ტა-ტა.“
12. მასაჟის დასასრული - დავუხუროთ ბავშვს პირი და საჩვენებელი თითით გვეჭიროს ქვედა ყბა. უთხარით, რომ გადაყლაპოს ნერწყვი.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ