კარგი იქნება, თუ სკოლაში მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის ფულით წაახალისებთ ფული მხოლოდ უფროსების პრობლემა არაა - ბავშვსაც სჭირდება ჯიბის ფული თავისი ბავშვური სურვილების დასაკმაყოფილებლად. ბევრი მშობელი აძლევს კიდეც შვილს სახარჯო თანხას, მაგრამ ზომიერების დაცვა ამ საკითხშიც ბევრს უჭირს.
უნდა მივცეთ თუ არა ბავშვს ჯიბის ფული, რომელი ასაკიდან ღირს ამის გაკეთება, რამდენად სწორი საქციელია კარგი ნიშნებისთვის ფულის ჩუქება - ამ საკითხებზე მშობლებს სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ. ჯიბის ფულის დანიშვნის სასარგებლოდ, როგორც წესი, ასეთ არგუმენტებს ვისმენთ:
1. თავიდანვე ისწავლის, როგორ აკონტროლოს ხარჯები და საკუთარ შეცდომებზეც ისწავლის. ბავშვობისას განცდილი დანაკარგი აიძულებს, მეტად დაფიქრდეს, სანამ ფულს გაფლანგავს, ეს კი მოზრდილობაში სერიოზულ ფინანსურ შეცდომებს ააცილებს თავიდან.
2. თავს სრულფასოვნად იგრძნობს. როცა მის ირგვლივ ფული ყველას აქვს - მშობლებს, უფროს ძმას, ეზოში ბავშვებს - მასაც უჩნდება ამის მოთხოვნილება. როცა არა აქვს, თავს გარიყულად და ადაჩაგრულად გრძნობს.
3. თავისი ფული რომ ექნება, სხვისი ჯიბისკერ აღარ გაიხედავს.
საწინააღმდეგო არგუმენტები:
1. ბავშვმა ფულის ყადრი არ იცის და არც მისი მოხმარება შეუძლია, ამიტომ სჯობს, ისევ მშობლებმა უყიდონ, რაც საჭიროა.
2. მან არ იცის, რა რთულია ფულის შოვნა. ამიტომ ნაჩუქარმა ფულმა შეიძლება ზედმეტად გაათამამოს.
3. საშიშია, შეიძლება მოპარონ, ან წაართვან და ამ დროს მისი უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგება.
4. თუ ფულს ზედმეტად მიეჩვევა, შეიძლება მოზრდილობაში სიხარბე გამოავლინოს.
როდის დავუნიშნოთ ჯიბის ფული?
ყველა ოჯახი ამ საკითხს თავად წყვეტს. თუმცა ბავშვთა ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, მხოლოდ მას შემდეგ გამოუყონ თანხა ბავშვებს, როცა ისინი ფულთან მოპყრობის ელემენტარულ წესებს მაინც შეითვისებენ. სანამ ბავშვს ჯიბის ფულს დაუნიშნავთ, მანამდე მაღაზიაში პროდუქტების ყიდვა დაავალეთ, თუნ ყურადღება მიაქციეთ, რომ ზუსტად მოიტანოს ხურდა. თავიდანვე ეცადეთ, როგორც კი თვლას ისწავლის, ფულთან ურთიერთობაც შეძლოს.
რამდენი მივცეთ და როგორ?
ეს პირველ რიგში ოჯახის მატერიალურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. შეინარჩუნეთ საღი აზრი და ზომიერების შეგრძნება. გახსოვდეთ, თუ თქვენს შვილს თანაკლასელებზე ბევრად მეტი ფული ექნება, შეიძლება შეშურდეთ მისი და თანატოლებთან ურთიერთობაში ერთგვარი არაჯანსაღი დამოკიდებულება გაჩნდეს.
ჯობს რეგულარულად მისცეთ მცირე თანხა, მცირეწლოვანებს კვირაში ერთხელ, მოზარდებს - თვეში ერთხელ. წინასწარ შეთანხმდით, რა სახის ხარჯებს უნდა მოახმაროს ეს ფული ან რისი ყიდვაა გამორიცხული. არ შეუწყვიტოთ დაფინანსება დასჯის მიზნით. თუ რამე სერიოზულს დააშავებს, შიგიძლიათ, შეუმციროთ თანხა.
თუ ამჩნევთ, რომ ბავშვი სისულელეში ფლანგავს ფულს, თქვენს შენიშვნებს ყურს არ უგდებს და კიდევ მეტს ითხოვს, დაფინანსება კიდევ უფრო შეუმცირეთ და მხოლოდ აუცილებელი ხარჯებისთვის დაუტოვეთ თანხა.
ცუდი არ იქნება, თუ სკოლაში მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის (სასკოლო ოლიმპიადაში მიღწევისთვის, სემესტრის მაღალი შედეგებით დასრულებისთვის და ა. შ) ფულით წაახალისებთ. სწავლა ხომ მისთვის მუშაობის ტოლფასია, თანაც ართუ ისე იოლი. "პრემიალური ანაზღაურება" კი ბავშვს სტიმულს აუცილებლად შემატებს.