როდესაც გვსურს, ნაკურთხი წყლის ოდენობა ჩვეულებრივის დამატებით გავზარდოთ... იმ ქრისტიანულ სასწაულთაგან, რომელნიც დღემდე ხილულად აღესრულება, ერთ-ერთია ნაკურთხი წყლის უხრწნელობა. ყოფილა შემთხვევები, რომ ნაკურთხი წყალი წლების მანძილზე ჰქონიათ შენახული, ხოლო როდესაც ჭურჭლისთვის თავი აუხდიათ, წყალს ისეთივე გემო ჰქონია, როგორიც ახალაღებულს. ნაკურთხი წყლის უხრწნელობას ყველაზე ურწმუნო კომუნისტებიც კი აღიარებდნენ (ამას მეოცე საუკუნის 20-30-იანი წლების პრესაში დაბეჭდილი მასალები მოწმობს), მაგრამ, მათი მტკიცებით, წყალი იმიტომ არ ფუჭდებოდა, რომ მღვდლები მასში ვერცხლის ჯვარს ავლებდნენ. ამ მტკიცების გასაბათილებლად ისიც კმარა, რომ ღვთისმსახურნი წყალში ხშირად ხის ჯვარს ავლებენ, მაგრამ ის ისევე ინარჩუნებს უხრწნელობას, როგორც ვერცხლის ჯვრის გავლებით ნაკურთხი წყალი. ეკლესიური მოძღვრებით, ნაკურთხი წყლის უხრწნელობა ღვთის მადლისა და ძალის შედეგია და არა გარემო პირობებისა.
როგორ დაედო სათავე წყლის კურთხევას? რა ძალა და მნიშვნელობა აქვს ნაკურთხი წყლის ხმევას? რატომ უნდა იკურთხოს ნაკურთხი წყლის სხურებით მართლმორწმუნე ქრისტიანის ყველა ნივთი? - ამ და სხვა საკითხებზე ზესტაფონის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრის მოძღვარს, მამა დავით აბულაძეს ვთხოვეთ.
- როდის დაედო სათავე წყლის კურთხევას?
- წყლის კურთხევა ერთ-ერთი საეკლესიო საიდუმლოებაა, რომლის აღსრულების უფლება მხოლოდ ღვთისმსახურთ ენიჭებათ. პირველად წყალი თავად უფალმა იესო ქრისტემ აკურთხა და განწმინდა ყოველივე ხრწნილებისგან მდინარე იორდანეში შთასვლით. იორდანეში შთასვლით მაცხოვარმა მთელი დედამიწის წყლები აკურთხა და მათ სულიერი განწმენდის ძალა მიანიჭა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ უფალმა იოანე ნათლისმცემლისგან ნათლისღება ინება: "უფალმა ნათლისღება ინება იმისთვისაც, რომ "წყლის ბუნება განენათლებინა", - ბრძანებს წმინდა იოანე დამასკელი, - თორემ, ცხადია, იესო ქრისტეს ნათლისღება, რომელიც ადამიანს ცოდვათაგან განწმენდს და სასუფევლისთვის ამზადებს, არაფრად სჭირდებოდა. იგი მხოლოდ ჩვენთვის - ცოდვილი მონებისთვის მოინათლა, აკურთხა წყალი და მას განწმენდის ძალა მიანიჭა.
- საზოგადოდ, რა ძალა და მნიშვნელობა აქვს ნაკურთხი წყლის ხმევას და აქვს თუ არა რაიმე განსაკუთრებული შეწევნის უნარი ნათლისღების დღესასწაულზე ნაკურთხ წყალს, რაც მის განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენებას მოითხოვს?
- ნაკურთხი წყალი უდიდესი სიწმინდეა. მას შესწევს ძალა, განდევნოს ბოროტი და მის ყოველ მზაკვრულ ქმედებას განგვარიდოს. ამიტომაც იკურთხება ნაკურთხი წყლის სხურებით ტაძრები, საცხოვრებელი სახლები, ქრისტიანის ყველა ნივთი. სასურველია მისი სხურება საკვებზეც. ამასთანავე, ნაკურთხი წყალი ადამიანს სულიერ და ფიზიკურ უძლურებათაგან კურნავს. ნათლისღების დღესასწაულზე ნაკურთხ წყალს იგივე ძალა შესწევს, რაც მცირე აიაზმას, თუმცა დიდი აიაზმა მართლაც გამოიყენება განსაკუთრებულ და საგანგებო შემთხვევებში, მაგალითად, ტაძრებისა და სახლის კურთხევის დროს.
- როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, როდესაც ექიმი ავადმყოფს წამალს უნიშნავს, მისი მიღების წესსაც მიუთითებს, მისი დარიგების, მის მიერ გამოწერილი რეცეპტის უგულებელყოფისა თუ უმართებულოდ შესრულების შემთხვევაში წამალს ეფექტი არ ექნება. ასევე არსებობს სულიერი (ეკლესიური) წამლების, მათ შორის - ნაკურთხი წყლის მიღების წესი. ისინი სულის მკურნალის - ღვთისმსახურის რჩევა-მითითებების გათვალისწინებით უნდა მივიღოთ, რათა ზემოქმედების უნარი არ დაკარგონ. მაინც როგორ უნდა მივიღოთ ნაკურთხი წყალი, რომ სულიერ და ფიზიკურ სნეულებათაგან განგვკურნოს?
- ნაკურთხი წყალი, უწინარეს ყოვლისა, რწმენითა და სასოებით უნდა ვიხმიოთ. ეს უმთავრესი და აუცილებელი პირობაა მისგან კურნებისა და შეწევნის მისაღებად. ნაკურთხ წყალს მორწმუნენი იხმევენ უზმოზე, დილის ლოცვების წარმოთქმის შემდეგ, სეფისკვერთან ერთად, რათა მისი ძალითა და მადლით ორგანიზმიდან განიდევნოს ყოველივე უარყოფითი. სულიერი და ფიზიკური უძლურების, მძიმე სნეულებისა თუ სხვა განსაცდელის ჟამს, მოძღვრის კურთხევით, ნაკურთხი წყალი დღის განმავლობაში რამდენიმეჯერაც შეიძლება მივიღოთ.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ნაკურთხი წყლის მიღება სიმთვრალეში, რადგან ასეთ შემთხვევაში აიაზმა ზემოქმედების უნარს კარგავს.
- მართალია, ნაკურთხ წყალს ღვთის მადლითა და ძალით უხრწნელობის უნარი აქვს მინიჭებული, მაგრამ თუ უდიერად მოვეპყრობით, შესაძლოა, გაფუჭდეს კიდეც. რა წესების დაცვაა საჭირო, რომ ნაკურთხმა წყალმა უხრწნელობა შეინარჩუნოს?
- ნაკურთხი წყალი სუფთა და თავდახურულ ჭურჭელში უნდა ჩავასხათ. ვეცადოთ, გამოყენების შემდეგ თავღია არ დარჩეს. ასევე არ შეიძლება ტუჩით შევეხოთ იმ ჭურჭელს, რომელშიც ნაკურთხი წყალი ასხია.
- როგორ მოიქცეს ადამიანი, თუკი დაუდევრობის გამო ნაკურთხი წყალი გაუფუჭდა?
- ასეთ შემთხვევაში წყალი შეიძლება მივიტანოთ ტაძარში და ისე მოვიქცეთ, როგორც ღვთისმსახური გვაკურთხებს, ან დავღვაროთ სუფთა ადგილას, მაგალითად, ყვავილების ბაღში ან ვენახში.
- შეიძლება თუ არა ნაკურთხი წყლის ოდენობის გაზრდა ჩვეულებრივი წყლის დამატებით?
- როდესაც გვსურს, ნაკურთხი წყლის ოდენობა ჩვეულებრივის დამატებით გავზარდოთ, ჭურჭელში ჯერ ჩვეულებრივი წყალი უნდა ჩავასხათ, მერე კი ნაკურთხი ჩავამატოთ.