იმის განსაზღვრა, მზად არის თუ არა ბავშვი ღამის ქოთნის „გასაცნობად“ რამდენიმე ნიშნის მიხედვით შეიძლება კამათი იმაზე, თუ როდის უნდა მიეჩვიოს ბავშვი ღამის ქოთანს, რა ხანია, არ წყდება. ერთნი ირწმუნებიან, რომ როგორც კი პატარა 9 თვის გახდება, მაშინვე დავიწყოთ მისი ქოთანზე დასმა, სხვები ორ წლამდე მოცდას გვირჩევენ. სინამდვილეში კი უბრალოდ შეუძლებელია ასეთი თარიღის დანიშვნა – ყველა ბავშვს გაზრდის საკუთარი ტემპები აქვს. ასე რომ, მშობელმა მისი ქცევის მიხედვით უნდა გამოიტანოს დასკვნები, თუ როდის არის მზად ბავშვი ამისთვის. თუმცა რასაკვირველია, ყველასთვის – პატარისთვისაც და მისი მშობლებისთვისაც საუკეთესო ვარიანტია, რომ რაც შეიძლება ადრე დადგეს ეს მომენტი.
იმის განსაზღვრა, მზად არის თუ არა ბავშვი ღამის ქოთნის „გასაცნობად“ რამდენიმე ნიშნის მიხედვით შეიძლება:
• დაიწყო მშობლების მიბაძვა;
• ცდილობს ნივთები ადგილებზე დააწყოს და წესრიგისკენ მიილტვის;
• ავლენს დამოუკიდებლობას სიტყვა „არას“ თქმით ან თავის გამეტებული ქნევით;
• დამაჯერებლად დადის, ჯდება და იხრება;
• შეუძლია შარვლის გახდა და ჩაცმა;
• დღის განმავლობაში 2 საათზე მეტ ხანს ინარჩუნებს სიმშრალეს ან შუა დღის ძილის დროსაც არ ასველებს პამპერსს.
• არ მოსწონს დასვრილი ან დამძიმებული საფენით სიარული და გამოცვლას ითხოვს;
• გებულობს მის მიმართ თქმულ ფრაზებს, შეუძლია მარტივი სურვილების გამოხატვა.
მაშ ასე, დროა ღამის ქოთანი ვიყიდოთ. როგორი უნდა იყოს? პირველ რიგში, მყარი. პატარა მკვლევარი აუცილებლად ეცდება მასზე მოთავსებას და ერთხელაც თუ გადმოვარდა იქიდან, სულ დაკარგავს ამ უცხო ნივთთან კონტაქტის სურვილს. ასევე არ დაივიწყოთ მოხერხებულობა და სილამაზე.
თუ ბავშვი სიფრთხილით ეკიდება ახალ ნივთს, ნუ იჩქარებთ. აცადეთ მიეჩვიოს და მერე დაიწყეთ სწავლება.
პედიატრები გვირჩევენ, თავიდან ჩაცმულები დავსვათ ქოთანზე (დღეში ერთხელ, რამდენიმე წუთით). მას მერე, რაც მიეჩვევა, ეცადეთ იგივე გააკეთოთ, ოღონდ უკვე უპამპერსოდ (მხოლოდ არ დააძალოთ და არ ეჩხუბოთ). შემდეგ ეტაპზე ბავშვის თვალწინ ჩადეთ ქოთანში დასვრილი საფენები, რომ ის ზუსტად მიხვდეს უკვე ნაცნობი ნივთის დანიშნულებას.
მერე კი მომენტი დაიჭირეთ! გახსოვდეთ, ამას შეიძლება, ზედიზედ რამდენიმე დღეც კი დასჭირდეს და ვიღაცას აუცილებლად უნდა ეცალოს ოჯახში, რომ მთელი ეს დღეები მიუძღვნას ამ მოვლენას. ბავშვი რამდენჯერმე უნდა დასვათ ქოთანზე: დილით ძილის შემდეგ, ჭამის შემდეგ, სეირნობის წინ და შემდეგ. ეცადეთ, როგორმე მოახერხოთ, რომ ერთხელ მაინც ბავშვმა დანიშნულებისამებრ გამოიყენოს ქოთანი. როცა ამ „გმირობას“ ჩაიდენს, ნუ დაიშურებთ ქებას. მეორედ, თქვენ რომ გაგახაროთ, აუცილებლად „სწორად მოიქცევა“.