ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შემოსავლის წყარო ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი და მწერალი პამელა დრუკერმანი თავის წიგნში აღზრდის ფრანგულ ტრადიციებზე საუბრობს. მწერალი, რომელიც თავად 3 შვილის დედაა, აღფრთოვანებულია ფრანგი დედების პრაგმატულობით და მათი შეხედულებების საფუძველზე აქტიურ და დასაქმებულ დედებს ფრანგი ქალბატონების 10 ოქროს წესს სთავაზობს.
იდეალური დედა არ არსებობს
დასაქმებული ქალი ხშირად დიდ მიზანს ისახავს - უნდა, იდეალური დედაც იყოს და კარიერაც აიწყოს. პრაქტიკულად ორ ცვლაში მუშაობს - ოფისსა და სახლში. ამ დედებმა ფრანგი დიასახლისების შეგონება უნდა გაითვალისწინონ - იდეალური დედები არ არსებობენ. ნურც თქვენ ცდილობთ, იდეალური იყოთ. შვილის ბავშვობას მარათონის დაწყებად ნუ აღიქვამთ, რომლის ფინიშიც უნივერსიტეტში მოწყობაა. ფრანგებსაც ძალიან უნდათ, მათმა შვილებმა კარგი განათლება მიიღონ და წარმატებას მიაღწიონ, მაგრამ ბავშვს განვითარების ეტაპების დაჩქარებას არ აიძულებენ. მაგალითად, შვილებს წერა-კითხვას 6 წლამდე არ ასწავლიან. მათი აზრით, სკოლაში წასვლამდე ბავშვს ყურადღების კონცენტრაცია, კომუნიკაბელურობა და თვითკონტროლი უნდა განუვითრდეს. სწორედ ეს უქმნის სწავლისთვის საჭირო ბაზას და არა სამი წლის ასაკში წაღმა-უკუღმა თვლა ან ანგარიში.
აუცილებლად უნდა გქონდეთ საკუთარი შემოსავალი
ბევრ ახალგაზრდა ქალს სჯერა ლამაზი ზღაპრის, რომ წარმატებული გათხოვებით უზრუნველ ცხოვრებას მოიწყობს - ფულიანი ქმარი ეყოლება და თავად მუშაობა არ მოუწევს. ფრანგი ქალები სულ სხვაგვარად ფიქრობენ. მათი აზრით, ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შემოსავლის წყარო. ყველაზე იღბლიანად გათხოვების შემთხვევაშიც კი ქალმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: "ერთ დღეს რომ ყველაფერი დავკარგოთ?". ფრანგი ქალი შვილის გაჩენიდან მალევე უბრუნდება სამსახურს, რადგან ფიქრობს, რომ მარტო დარჩენის შემთხვევაშიც უნდა შეეძლოს შვილის რჩენა.
მთელი ცხოვრება ბავშვს არ უნდა შესწიროთ
ნებისმიერ ადამიანს საკუთარი თავისთვის დრო და სივრცე ესაჭიროება. დაივიწყეთ პრინციპი - "ჯერ ბავშვს მივხედავ, მერე ჩემი თავისთვის მოვიცლი". არავითარ შემთხვევაში! ოჯახში ბალანსის შესანარჩუნებლად აუცილებელია, დროის გარკვეული მონაკვეთი თქვენ გეკუთვნოდეთ. ეს დრო გნებავთ, სამსახურს მოახმარეთ, გნებავთ - განტვირთვას. ფრანგები თვლიან, რომ პირველ რიგში ბავშვისთვისაა არასასურველი, როცა მთელი ოჯახი მის გარშემო ტრიალებს. ამით დამოუკიდებლობის გრძნობა არასოდეს განუვითარდება.
დაივიწყეთ დანაშაულის გრძნობა
თქვენი მუშაობით ბავშვს არაფერს უშავებთ, ამიტომ ამის გამო დანაშაულის გრძნობა არ უნდა გტანჯავდეთ. სამაგიეროდ, როცა თავისუფალი დრო გექნებათ, ის ბავშვთან სრულყოფილ და არა ზერელე ურთიერთობას მოახმარეთ. და კიდევ, გამოუმუშავეთ ბავშვს მოთმინების უნარი. ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ მოთმინება ადამიანს მხოლოდ დედის მუცლიდან უნდა დაჰყვეს. ფრანგებისთვის მოთმინება კუნთივითაა, რომელსაც ბავშვობიდანვე წვრთნიან და ავითარებენ.
არ წამოხტეთ ადგილიდან და მუშაობა არ შეწყვიტოთ ყოველ ჯერზე მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი თავისი ხელით აშენებული პირამიდის საჩვენებლად გეძახით. აუხსენით, რომ ცოტა მოიცადოს. ჯერ მხოლოდ რამდენიმე წამით მოიცდის, მერე - წუთობით და თანდათან მიეჩვევა გაუმკლავდეს იმედგაცრუებას. ფრანგების აზრით, სამომავლოდ ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნარია. ასე მიუდექით ამ საკითხს და ნუ დაიტანჯავთ თავს სინდისის ქენჯნით, რომ მას სათანადო დროს ვერ უთმობთ.
ნუ გახდებით დედა-ტაქსი
ნუ ეცდებით, თქვენი არყოფნა ბავშვს ათასგვარ წრეებსა და სასწავლო სექციებზე ტარებით აუნაზღაუროთ. პარიზელი დედები არასდროს აფასებენ დედებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ბავშვებს სექციიდან სექციაზე დაატარებენ, მით უმეტეს, თუ ამით მათი სამსახურიც ზარალდება. ასეთ დედაზე იტყვიან, წონასწორობა აქვს დაკარგულიო. ბავშვს აუცილებლად უნდა დაუტოვოთ დამოუკიდებლად თამაშის დროც.
კუნჭული მშობლების ურთიერთობაში, სადაც ბავშვები არ მონაწილეობენ
არასოდეს დაივიწყოთ ოჯახის ქვაკუთხედი - ცოლქმრობა. ყოველთვის გამონახეთ დრო, რომ მეუღლესთან განმარტოვდეთ. საფრანგეთში მშობლების პირად სივრცეში ბავშვი მხოლოდ დაბადებიდან პირველი 3 თვის განმავლობაში იჭრება, ამის შემდეგ კი ადგილს სხვა ოთახში, საკუთარ საწოლში იკავებს. თქვენი საძინებელი მარტო თქვენ და მეუღლეს უნდა გეკუთვნოდეს. ბავშვი კი თავისუფლად არ უნდა დანავარდობდეს შიგნით. თუმცა საფრანგეთისგან განსხვავებით, ქართულ რეალობაში ეს ნაკლებად სავარაუდოა და იშვიათად ახერხებენ მშობლები ამას.
ნუ მოსთხოვთ ქმარს საოჯახო საქმეების განაწილებას
ნუ მოსთხოვთ ქმარს, თანაბრად გადაინაწილოს საოჯახო საქმეები და ბავშვების მოვლის საკითხები.
თუნდაც ქმარზე მეტს მუშაობდეთ, ნუ მოითხოვთ, რომ მანაც იმდენივე დრო დაუთმოს საოჯახო საქმეებს, რამდენსაც თქვენ უთმობთ. ასეთი პრეტენზია უსიამოვნების მეტს ოჯახში არაფერს მოიტანს. ფრანგი ქალები მამაკაცებს გამორჩეულ ბიოლოგიურ არსებად აღიქვამენ, რომელსაც ბუნებამ საოჯახო საქმეების ნიჭი არ მისცა. მათი აზრით, თუ ცოლ-ქმარი თავიანთი ფუნქციებით დაკავდებიან, ოჯახში უსიამოვნება ნაკლები იქნება. ამას ჯობს, დამლაგებელი დაიქირავოთ.
საღამო უფროსებისაა, თვეში ერთი უქმე კი - თაფლობის დღე
ფრანგი მშობლების უმეტესობა თვეში ერთხელ დასვენების დღეს მხოლოდ საკუთარ თავს ახმარს. ამაში ბავშვები არ მონაწილეობენ. ისინი გვირჩევენ: გადადეთ ყველა საქმე, გაუშვით ბავშვები ბება-ბაბუასთან და ქალაქგარეთ გაემართეთ. საწოლში იგორავეთ, გამოიძინეთ, მოდუნდით და ისიამოვნეთ. ასეთი საოჯახო თაფლობის დღეს ფრანგები ხშირად იწყობენ, მათ შორის ყველაზე მოსიყვარულე მშობლებიც და ოდნავადაც არ ქენჯნით სინდისი შვილების წინაშე.
წესი მეათე - თქვენ შეფი ხართ
ეს ფრანგული აღზრდის ყველაზე რთული წესია, რადგან ყველაფერზე გადაწყვეტილებას თქვენ იღებთ. ოჯახური პირამიდის თავში დგახართ, რაც საკმაოდ რთულია. ეს ყოველდღიური ბრძოლაა პატარა რაზმის ინტერესებისთვის. ყველაფერი თქვენი და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. მიეჩვიეთ, გადამწყვეტ წუთებში მშვიდად და თავდაჯერებულად თქვათ „არა“.