გასწავლით, როგორ შეინახოთ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ისე, რომ ფორმა არ დაკარგოს დროა, ზამთრის სამოსი კარადაში შევალაგოთ და საზაფხულო გადმოვალაგოთ. ჩვენ გასწავლით, როგორ შეინახოთ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ისე, რომ ფორმა არ დაკარგოს.
არასწორი შენახვისას სამოსმა და ფეხსაცმელმა შეიძლება დეფორმაცია განიცადოს და უსიამოვნო სუნიც შეიძინოს. ნუ შეინახავთ ტანსაცმელს პოლიეთილენის პაკეტებში და მით უმეტეს, ნუ დაპრესავთ მათ. იქ ჰაერი ვეღარ იმოძრავებს და შეიძლება სამოსს ცუდი სუნიც გაუჩნდეს და ჩრჩილიც.
სამოსის კარადაში ჩრჩილი რომ არ გაჩნდეს, მუყაოს ყუთში ან კარადის უჯრებზე, სადაც სამოსს მოათავსებთ, ლავანდის, კედრის ან კვიპაროსის ეთერზეთში დასველებული ბამბის დისკი მოათავსეთ. აგრეთვე, შეგიძლიათ კარადაში ჩრჩილის საწინააღმდეგო მცენარეების ტომარა ჩამოჰკიდოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ისინი პერიოდულად უნდა შეცვალოთ, რათა ეფექტი შეინარჩუნონ.
შალის ნივთები
სანამ თბილ სვიტერებს შეინახავდეთ, ისინი უნდა გარეცხოთ. მათი საკიდზე ჩამოკიდვა დაუშვებელია, ფორმას დაკარგავს. აკურატულად დაკეცეთ და მუყაოს ან პლასტიკატის ყუთში მოათავსეთ. ყუთში არ დაგავიწყდეთ ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალების ჩადება.
ქურთუკები, პალტოები
ქურთუკები, პალტოები და მანტოები უმჯობესია, საკიდზე ჩამოჰკიდოთ და ბამბის ან სხვა ჰაერგამტარი პაკეტი ჩამოაცვათ. თუ დასაკიდი სამოსისთვის ადგილი არ გაქვთ, ზედა სამოსი ისე დაკეცეთ, რომ სარჩული გარედან მოექცეს, ნაჭრის ტომრებში მოათავსეთ და კარადის თაროებზე გაშლილად დადეთ.