ბავშვის სამოსის სარეცხი საშუალებები არ უნდა იყოს მკვეთრი სუნის და რაც შეიძლება ნაკლებ დანამატს შეიცავდეს ნამდვილი სასწაული მოხდა და თქვენს ოჯახში ნანატრი პატარა გაჩნდა? ყველა სხვა საზრუნავს დაემატა კიდევ ერთი – ბავშვის ნივთების რეცხვა. თითქოსდა, რით უნდა იყოს რთული ახალშობილის სარეცხზე ზრუნვა, მაგრამ სინამდვილეში ბევრი ნიუანსი არსებობს ამ საკითხში.
ექიმები დაჟინებით გვირჩევენ, მაქსიმალურად ავაცილოთ ბავშვს საყოფაცხოვრებო ქიმიასთან კონტაქტი, რადგან ეს მასში ალერგიების განვითარების სერიოზული ფაქტორია. ათასგვარი სარეცხი და საწმენდი საშუალება უამრავ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვის ნაზ კანზე. ახალშობილის სამოსი, ასევე მისი სათამაშოები, ჭურჭელი არ უნდა ირეცხებოდეს ქლორსა და ფოსფატებზე დაფუძნებული საშუალებებით. არც მათეთრებელის გამოყენება შეიძლება და განსაკუთრებით – ქლორის შემცველის, ამას ჩვეულებრივი გამოხარშვა სჯობს. ძლიერი არომატების მქონდე კონდიციონერების გამოყენებასაც არ გვირჩევენ რეცხვის დროს – ბავშვის სამოსის სარეცხი საშუალებები არ უნდა იყოს მკვეთრი სუნის და რაც შეიძლება ნაკლებ დანამატს შეიცავდეს, რომ არ გამოიწვიოს სხვადასხვაგვარი ალერგიები.
ეცადეთ, გამოიყენოთ ბავშვის ან 72%-იანი სარეცხი საპონი ან მათზე დაფუძნებული საბავშვო ფხვნილები, ოღონდ თუ ხელით რეცხავთ, ისინიც გულმოდგინედ უნდა გაავლოთ, რომ საპნის კვალი არ დარჩეს. თუ სარეცხ მანქანაში რეცხავთ სარეცხს, ორჯერ გაავლეთ და მთავარი პირობა – სამ წლამდე ბავშვის სარეცხი ყოველთვის ცალკე გარეცხეთ, არ შეურიოთ მოზრდილების სამოსში და ბავშვის დასვრილი ნივთებისთვისაც ცალკე უნდა გქონდეთ კალათა ან სხვა სათავსო, სადაც მხოლოდ მათ შეინახავთ და არ შეურევთ მოზრდილის ნივთებში. მოზრდილები შეიძლება, აბსოლუტურად ჯანმრთელები იყვნენ, მაგრამ სხვადასხვა ინფექციის მატარებელნიც. მოზრდილი ადამიანის კანიდან სოკო, ბაქტერია და სხვა მიკროორგანიზმები შეიძლება, მის სამოსზე გადავიდეს, იქიდან კი – ბავშვისაზე და პატარის დასნებოვნება გამოიწვიოს.
გარეცხილი ნივთები – სამოსი თუ თეთრეული, აუცილებლად ორი მხრიდან უნდა გააუთოოთ, განსაკუთრებით პირველი 3-4 კვირა, სანამ ჭიპლარი მთლიანად არ შეუხორცდება, რათა ჭრილობაში ინფექცია არ მოხვდეს.
ამ დროის გასვლის შემდეგ არ არის აუცილებელი ორი მხრიდან გაუთოება, ჩვეულებრივ გააუთოვეთ. არც ზედმეტ სტერილურობას გვირჩევენ – ბოლო დროს საწოვარებისა და მატყუარების გასტერილებაზეც კი უარს ამბობენ ექიმები, რადგან მეტისმეტმა სტერილურმა მოვლამ და აბსოლუტურმა სისუფთავემ ბავშვებს იმუნიტეტი დაუკარგა სხვადასხვა ალერგიების მიმართ.