სასურველია, თქვენი სამოსიც ასე გაირეცხოს როგორ უნდა გავრეცხოთ ბავშვის ნივთები? ამაზე ხომ ჩვენი პატარას ჯანმრთელობაა დამოკიდებული. ზოგჯერ ვერც კი იჯერებ, რომ სპატარა ბავშვს ამდენი ტანსაცმლის გაჭუჭყიანება შეუძლია, მაგრამ ფაქტია, ოჯახში ბავშვის გაჩენისთანავე, სარეცხი ერთიორად იმატებს. მის გარეცხვას კი რამდენიმე წესის დაცვა სჭირდება.
როგორი უნდა იყოს ბავშვის ნივთების სარეცხი საშუალება
თანამედროვე სარეცხი საშუალებები ქიმიურ დანამატებს შეიცავს, რომლებიც ნივთების ზედაპირზე ჯდება. ისინი შეიძლება ბავშვის ორგანიზმში მოხვდნენ და ალერგია გამოიწვიონ. გახსოვდეთ, რომ ქლორი, ფოსფატი და სხვა ქიმიური საშუალებები არ უნდა იყოს ბავშვის სარეცხ ფხვნილში, აგრეთვე, მოერიდეთ მძაფრსუნიან კონდიციონერებს.
მოვლა პირველივე დღეებიდან
ჩვილის სარეცხი უნდა გაირეცხოს სპეციალური საბავშვო სარეცხი საშუალებით, რომელიც ნატურალური ინგრედიენტებისგანაა დამზადებული (არანაირი ქიმია და არომატიზატორები). სასურველია, თქვენი სამოსიც ასეთი სარეცხი ფხვნილით გაირეცხოს. უმჯობესია, მთელი ოჯახი საბავშვო საშუალებაზე გადაიყვანოთ, რადგან ბავშვს ხელში იყვანს ოჯახის ყველა წევრი და მათ სამოსთან ბავშვს აქტიური შეხება აქვს.
თუ ლაქები არ შორდება...
დალაქავებული ბავშვის სამოსი ჯერ წყალში უნდა დაალბოთ და მერე 80-90 გარდუსზე, ორმაგი გავლებით გარეცხოთ. სარეცხი მანქანების უმეტესობას აქვს ფუნქცია "საბავშვო სარეცხი", იგი ძალიან მოსახერხებელია ახალგაზრდა დედისთვის.
თუ ლაქა სამოსს გარეცხვის შემდეგაც დარჩა, გამოცდილი დედების რჩევები ხალხური მეთოდები უნდა გამოიყენოთ:
რძის ლაქას ადვილად მოაცილებთ, თუ ცივ საპნიან წყალში გარეცხავთ, რომელსაც ნიშადურის სპირტის რამდენიმე წვეთი ექნება დამატებული.
ხილისა და კენკრის ლაქას ცხელი წყლითა და საპნით გააცლით.
ცხიმის ახალ ლაქას პურის გულით გააქრობთ. სისხლს - ცივი წყლითა და საპნით.
თუ ბავშვის სამოსზე ჩაის ლაქა გაჩნდა, მოამზადეთ ნარევი (1/2 ჩაის კოვზი ნიშადური და 2 ჩ/კ გლიცერინი) და მასში დასველებული ტამპონით გაწმინდეთ დალაქავებული ადგილი.
დავაუთოო თუ არა?
ადრე, როცა სარეცხის მანქანები არ იყო და დედები ბავშვის სარეცხს ხელით რეცხავდნენ, უთოობა აუცილებელი იყო, ახლა რეცხვის ისეთი ტემპერატურა არსებობს, თითქმის ადუღებამდე მიყვანა, რომ ბავშვის სამოსისთვის სავსებით საკმარისია.
თუ ბავშვს ჭიები ჰყავს ან დაინფიცირებულია ან სოკოვანი დაავადებები გაუჩნდა, თეთრეულის გაუთოება აუცილებელია. ამ შემთხვევაში ბავშვის ასაკს მნიშვნელობა არა აქვს.
რაც შეეხება ერთად რეცხვას, 3 წლამდე ბავშვის სარეცხი აუცილებლად ცალკე უნდა გარეცხოთ და შემდეგშიც, ეცადოთ, რომ უფროსების ძალიან დაბინძურებულ ნივთებთან და მით უმეტეს, უფროსების საცვლებსა და თეთრეულთან ერთად ბავშვის სარეცხი არ უნდა გაირეცხოს.
ასწავლეთ ბავშვს აკურატულობა
თუ ბავშვის ოთახში სათამაშოები მიყრილია, საუზმის შემდეგ დასვრილი მაისურით დადის, მისთვის გაგიჭირდებათ იმის სწავლება, რომ სამოსი სუფთა უნდა ეცვას და სათამაშოებიც დალაგებული უნდა ჰქონდეს.
ბავშვები ბაძავენ მშობლებს. თუ თავად აკურატული ხართ, თქვენი ბავშვი კი სუფთად ჩაცმული, დაბანილ-დავარცხნილია - ის აკურატული ადამიანი გაიზრდება.
აუცილებელია, ბავშვს სისუფთავე შეაყვაროთ. უკვე 2 წლის ბავშვს შეგიძლიათ ასწავლოთ, რომ ჭუჭყიანი სამოსის სარეცხის მანქანაში უნდა შეყაროს გასარეცხად, დაიხმარეთ იგი. გარეცხვის შემდეგ კი აჩვენეთ, როგორ უნდა გაფინოთ სარეცხი და წვრილი ნივთების ჩამოკიდებაში დაიხმარეთ.
მუდამ უმეორეთ, რომ სახლში წესრიგი უნდა იყოს, დაიხმარეთ წვრილი ნივთების დალაგებაში. აგრეთვე რეგულარულად გამოუცვალეთ თეთრეული. ძილის წინ კი აუცილებლად დაბანეთ.
მოზრდილ ბავშვს ასწავლეთ თავისი ტრუსებისა და წინდების გარეცხვა. ასე სისუფთავესაც ისწავლის და როცა თქვენგან მოშორებით იქნება, ჰიგიენასაც დაიცავს.