რა უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად - სპეციალისტის რეკომენდაციები სარემონტო მასალებმა და რემონტის მტვერმა შესაძლოა ავნოს ადამიანის ჯანმრთელობას. რა უნდა გავითვალისწინოთ სახლში რემონტის გაკეთების დროს, რომელი სარემონტო მასალებია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და რა ზომებს უნდა მივმართოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ რემონტით გამოწვეული ზიანი, ამის შესახებ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მაია გოთუა გვესაუბრება.
- რა უნდა გავითვალისწინოთ სახლში რემონტის გაკეთების დროს?
- თანამედროვე ალერგოლოგიაში დაგროვდა მონაცემები, რომ სარემონტო მტვერს და სხვადასხვა სარემონტო საშუალებას შეუძლია გაამწვავოს ან გახდეს მიზეზი ისეთი ქრონიკული ალერგიული დაავადებების დებიუტისა, როგორიცაა ალერგიული კონიუნქტივიტი, ალერგიული რინიტი, ალერგიული ლარინგო-ტრაქეიტი, ალერგიული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, კონტაქტური დერმატიტი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება და სხვა. სარემონტო სამუშაოების წარმოების დროს შესაძლებელია მოხდეს ადამიანების ალერგიზაცია, ან მათზე სარემონტო მასალების ტოქსიკო-ალერგიული ზემოქმედება, არცთუ იშვიათად არსებული ალერგიის გამწვავებაც ხდება.
რემონტის გაკეთების დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ სასურველია, ბინის გარემონტების შემდეგ მივიღოთ არა მხოლოდ ნათელი, კომფორტული და კარგად ვენტილირებადი გარემო, არამედ მნიშვნელოვანია, ბინა მოწყობილი იყოს ეკოლოგიურად სუფთა და ჰიპოალერგიული მასალით.
რემონტის გაკეთების წინ სასურველია, ალერგიული პირი კონსულტირებული იყოს კვალიფიციური ალერგოლოგის მიერ, რათა მას მიეცეს მისთვის სასარგებლო ინდივიდუალური რეკომენდაციები როგორც სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოდ წარმართვის, ისე ბინის ჰიპოალერგიული გარემოს მოწყობის თვალსაზრისით, ვინაიდან 21-ე საუკუნის პრობლემებს მიემატა "ახალი შენობების" ალერგიული რეაქციების გამოვლინებებიც. ეს საკითხები აქტუალურია უცხოეთშიც.
- გთხოვთ დაგვისახელოთ სარემონტო მასალები, რომლებიც ნაკლებად იწვევენ ალერგიას.
- ბამბუკი ჰიპოალერგიულია, მალე იზრდება და 3 წელიწადში შეიძლება მისი გამოყენება იატაკის დასაგებად, ნაცვლად ნეკერჩხლისა და მუხისა, რომლებიც კარგი მასალაა, მაგრამ მათ იატაკის მასალად გამოყენებას სჭირდება 50-100 წელიწადი. რეკომენდებულია ისეთი ნედლეულის სამშენებლოდ გამოიყენება, რომელიც სერტიფიცირებულია ტყის სამეურვეო საბჭოს მიერ, რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ მასალის შესაფასებელი სტანდარტები ეკო-მეგობრულია და მასში არ არის მავნე პესტიციდების კვალი.
სადღეისოდ ცნობილია ნივთიერებები, რომლებიც შედის გარკვეული სამშენებლო მასალისა და ბინის მოვლის საშუალებებში. ისინი იწვევენ ალერგიულ რეაქციებს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დამნაშავე ალერგენების იდენტიფიცირებაც.
- რა ზიანის მოტანა შეუძლია "სარემონტო მტვერს" ადამიანის ორგანიზმისთვის?
- სარემონტო მტვერი შესაძლებელია გახდეს მიძინებული ალერგიული დაავადების გამამწვავებელი ან დამამძიმებელი მიზეზი. შესაძლებელია, ალერგიული დატვირთვის მქონე პიროვნებას განუვითარდეს მწვავე ალერგიული რეაქციის შეტევა, რასაც უყურადღებობის შემთხვევაში მოჰყვეს ქრონიკული შედეგები, ამიტომ ასეთ შემთხვევებში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმ-ალერგოლოგს.
- სასურველია თუ არა რემონტის გაკეთება, როდესაც სახლში პატარა ბავშვი ორსული ან ალერგიისადმი მიდრეკილების მქონე ადამიანია?
რემონტის, როგორც ჰიგიენური, ისე ალერგიული პოტენციურად საზიანო ზემოქმედებიდან გამომდინარე განსაკუთრებით სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ სახლში პატარა ბავშვის, ორსულის, ასაკოვანი ან ალერგიისადმი მიდრეკილების მქონე ადამიანიების არსებობას. სასურველია, ისინი გავარიდოთ რემონტს, ან რემონტი დროებით გადავდოთ, ან მივმართოთ ალერგოლოგს, რაციონალური რჩევებისათვის....
სრულად ამ ინტერვიუს, ასევე უფრო დაწვრილებით რემონტისა და მშენებლობის, ბინის ინტერიერის, სახლის გაწყობისა და გაფორმების, ეზო-კარის მოვლის თუ აგარაკის მოწყობის შესახებ, ასევე ბევრ სხვა საინტერესო ამბავს ამოიკითხავთ უკვე ბევრისთვის საყვარელ ჟურნალ "შინის" ახალ, საშემოდგომო ნომერში, რომელსაც საჩუქრებიც ახლავს: ვაშლის საჭრელი, ჩანთის საკიდი და დეკორატიული სტიკერები ბავშვის ოთახისთვის.
ეს ნომერი შემოდგომასავით ფერადი და დახუნძლულია. ყველაფერია, რაც ყველას სახლში იგრძნობა ხოლმე წლის ამ დროს, სოფლად თუ ქალაქად. წაიკითხავთ საინტერესო ამბებს რთველზე, ღვინოსა და ჩურჩხელაზე, ხილ-ბოსტნეულის მოვლა-შენახვის წესებზე, უნიკალური სასმისების შემგროვებელზე, საუკეთესო მეფუტკრეებზე, ბორჯომში - ნაძვის მტვრის შემგროვებლებზე, ასევე დაათვალიერებთ ნიკუშა შენგელაიას ბინას - ორიგინალური დიზაინით და ლეგენდარული სოფიკოსეული ნივთებით, ეგ კი არა, ულამაზეს სვანეთშიც კი ჩავიდა "შინ" და ძველი მონადირეების სახლებში შეიჭყიტა, მათ ყოველდღიურ ცხოვრებას გადაავლო თვალი... იმოგზაურეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში "შინთან" ერთად და იქაური მასპინძლების "შინაური" გარემოს სურნელსა და ხიბლს შეიგრძნობთ.