მშობლების მხოლოდ 35% იხდის ალიმენტის თანხას დროულად და ძალდაუტანებლად
ალიმენტის გადაუხდელობის საკითხი საქართველოში საკმაოდ აქტუალურია. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მამა თავს არიდებს შვილისთვის ამ ელემენტარულიო საარსებო თანხის გადახდას. ოფიციალური მონაცემებით, მშობლების მხოლოდ 35% იხდის ალიმენტის თანხას დროულად და ძალდაუტანებლად. დანარჩენ 75%-ს შვილებისთვის თანხა ან არ აქვს, ან უბრალოდ, არ ემეტება.
ალიმენტი ქართულად საზრდოს, საკვებს ნიშნავს. იურიდიულად ესაა ხარჯი, რომელსაც ოჯახს მოშორებული პირი კანონის ძალით სარჩენად უხდის თავისი ოჯახის შრომისუუნარო ან არასრულწლოვან წევრებს (შვილებს, მშობლებს, მეუღლეს). ამ ხარჯისთვის თავის არიდება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს. როცა მშობელი თანხის გადახდაზე უარს აცხადებს, საქმეში აღსრულების ეროვნული ბიურო ერთვება.
თუ ამ სამსახურის დახმარება დაგჭირდათ, ბიუროში უნდა წარადგინოთ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
1. განცხადება
2. სასამართლოს გადაწყვეტილება (დამოწმებული ასლი)
3. სააღსრულებო ფურცელი (დედანი)
4. განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
5. რწმუნებულება/მინდობილობა (დედანი) (წარმომადგენლობის შემთხვევაში)
6. საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს ალიმენტის თანხის გადარიცხვა.
რით აიძულებს აღმასრულებელი მოვალეს, რომ თანხა გადაიხადოს:
1. "მოვალეთა რეესტრში" დაარეგისტრირებს, რომელიც ურჩ გადამხდელს კანონით დადგენილ უფლებრივ შეზღუდვებს დაუწესებს;
2. მოვალის ქონება აღწერს, დააყადაღებს, შეაფასებს და შეფასებიდან ერთი თვის ვადაში იძულებით აუქციონს ჩაატარებს;
3. მოვალისგან ამოღებული თანხებით დაიფარება აღსრულების საფასური და ალიმენტის თანხა გადაერიცხება კრედიტორს მის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
ისეც ხდება, ამ სამსახურის ჩართვას შედეგი არ მოაქვს - მამა არ მუშაობს, არ აქვს ფიქსირებული ხელფასი და რაც არ აქვს, იმის გადახდასაც ვერავინ აიძულებს.
ადვოკატი კონსტანტინე გელაშვილის განმარტებით, ალიმენტის ოდენობა და მისი ამოღების მექანიზმი ჯერაც დასახვეწია.
"თანხის ამოღება დამოკიდებულია იმაზე, ფიქსირდება თუ არა სადმე მამის შემოსავალი. ადამიანს, რომელიც ცხოვრებას აგრძელებს, ბუნებრივია, რაღაც შემოსავალი გააჩნია, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაციას მალავს. სანამ ბოლომდე არ დარეგულირდება, ვის რა შემოსავლის წყარო აქვს, სააღსრულებო ბიუროსთვის რთულია დაამტკიცოს, რომ კონკრეტულ პირს ნამდვილად აქვს ის. ერთადერთი საშველი იძულების ღონისძიებაა, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს. ალიმენტის გადახდისგან ჯიუტად თავის არიდების დროს დაინტერესებულმა პირმა შეიძლება მშობლის მოვალეობის შეუსრულებლობისთვის სამართლებრივი ბერკეტი გამოიყენოს და სამართლებრივი ზეწოლა განახორციელოს. მაგრამ ეს ფაქტორი ხშირად არ მუშაობს. საუკეთესო შემთხვევა იქნება, მამა მუშაობისას "გამოიჭიროთ"... ცუდი მორალური ფაქტორია, მაგრამ სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევები ხშირია" - აცხადებს ადვოკატი.
ოფიციალური მონაცემებით ალიმენტდაკისრებული პირების 30% დასაქმებულია, თუმცა მათგან თანხის ამოღება ყოველთვიურად მაინც იძულების გზით ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ საკითხის ბოლომდე გადაჭრა ხშირად ვერ ხერხდება, გახსოვდეთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. კანონი თქვენს მხარესაა.
გაითვალისწინეთ:
*ალიმენტის საქმეზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება;
*ალიმენტის დაკისრება იწყება სარჩელის წარდგენიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;
* სააღსრულებო ფურცლით ალიმენტის დავალიანების გადახდევინება შეიძლება არა უმეტეს სამი წლისა სააღსრულებო ფურცლის გადასახდელად წარდგენამდე;
*ერთ-ერთი მხარის გარდაცვალება იწვევს ალიმენტის საქმის შეწყვეტას;
*როდესაც ალიმენტის გადამხდელის ადგილსამყოფელი უცნობია ან
სპეციალურად არიდებს თავს ალიმენტის გადახდას, ცხადდება ძებნა;
* როდესაც მოვალე საზღვარგარეთაა, ალიმენტის თანხის იძულებითი გადახდა შეუძლებელი ხდება, რადგან ასეთ დროს მოვალის ძებნა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ცხადდება.