რომ არც ზედმეტად გაწვალდეთ და ჰიგიენის საკითხიც მოგვარებული იყოს ალბათ გსმენიათ, რომ ბავშვის ნივთების აივანზე გაფენა მზის ჩასვლის შემდეგ არ შეიძლება, ან ბავშვის ზეწარი აუცილებლად უნდა გამოიხარშოს სარეცხ საპონთან ერთად და დაუთოვდეს ორივე მხრიდან. მადლობა ღმერთს, ყველა რჩევის გათვალისწინება აუცილებელი არაა. ამ სტატიაში გიამბობთ, როგორ უნდა ირეცხებოდეს ბავშვის ნივთები, რომ არც ზედმეტად გაწვალდეთ და ჰიგიენის საკითხიც მოგვარებული იყოს.
ბავშვის თეთრეულისა და ნივთების რეცხვა
ყველას გვირძნია, რა სასიამოვნო პროცესია ბავშვისთვის სამოსის, თეთრეულის შეძენა, მაგრამ გახსოვდეთ, სანამ ბავშვს თეთრეულს დაუგებთ, ახალნაყიდი აუცილებლად უნდა გაირეცხოს. არავინ იცის, სად ინახებოდა ან ვინ შეეხო მათ. თუ სარეცხის მანქანა გაქვთ, თეთრეულის გამოხარშვა საჭირო აღარაა, თანამედროვე სარეცხი საშუალებები იდეალურად უმლავდებიან დეზინფექციას. არც სარეცხის საპონის გამოყენების აუცილებლობა არსებობს.
საჭიროა, ის საბავშვო სარეცხის საშუალება შეიძინოთ, რომელმაც დერმატოლოგიური კვლევა გაიარა. ფხვნილმა ბავშვს ალერგია რომ არ მისცეს, სარეცხი რამდენჯერმე გაავლეთ. ბავშვის სამოსის ან თეთრეულის გასარეცხად თხევადი საშუალებების გამოყენება ჯობია, რათა სარეცხის ციცქნა ნივთიერებები ქსოვილში არ დარჩეს.
ნივთები, რომლებიც დეზინფექციას საჭიროებენ, მაღალ ტემპერტურაზე (მინიმუმ 60 გრადუსი) გარეცხეთ. ფერადი სამოსი და ნაკლებად დალაქავებული ნივთები კი - დაბალზე.
საჭიროა თუ არა გაუთოება?
ზოგიერთ ქალს ისე უყვარს უთოობა, რომ ყველაფერს აუთოებს. თუმცა, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ჩვილი დაუთოებულ თეთრეულში უფრო ჯანმრთელი და ბედნიერი გაიზრდება, ვიდრე დასაუთოებელში. ყველა ნივთს ნამდვილად არ სჭირდება დაუთოება. ასე რომ, საბავშვო ნივთების უთოობა მხოლოდ დედის სურვილზეა დამოკიდებული. თუ დრო და სურვილი გაქვთ, დააუთოეთ, ხოლო თუ წელი გტკივათ და დასვენება გესაჭიროებათ, უმჯობესია წამოწვეთ. მანქანაში გარეცხვის შემდეგ თეთრეულზე არანაირი საშიში ბაქტერია არ ჩნდება. საფრთხე გმართებთ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის რომელიმე წევრს სერიოზული ინფექცია სჭირს. ამ შემთხვევაში უთოობას ვერსად გაექცევით.
საბავშვო ოთახში
ოთახში სისუფთავე აუცილებელია. მაგრამ დალაგებას კულტად ნუ აქცევთ. უფრო მნიშვნელოვანია ოთახის ტემპერატურა და ტენიანობა. საბავშვო ოთახში ისეთი ავეჯი უნდა იყოს, რომელსაც სველი ჩვირთ გაწმინდთ. ნოხები, რა თქმა უნდა, კარგია, სითბოს დამჭერი და სიმყუდროვის შემქმნელია, მაგრამ ისინი ადვილად უნდა ირეცხებოდეს. არ დაგავიწყდეთ ფარდების წესრიგში მოყვანაც. ისინი 6 თვეში ერთხელ უნდა გაირეცხოს. ბავშვის ოთახის დალაგებისას ნუ გამოიყენებთ ქიმიურ საშუალებებს. არაა აუცილებელი, თქვენმა შვილმა ქიმიის არომატი იყნოსოს და უფრო მეტიც, შეეხოს მას.
საკმარისია, საბავშვო ავეჯი და იატაკი ნამიანი ჩვრით გაწმინდოთ.
რა მოვუხერხოთ სათამაშოებს?
დიდი ბეწვის სათამაშოები, რომლებიც მტვრის ბუდეებად გვევლინებიან, უმჯობესია შინ არ გააჩეროთ. საბავშვო სათამაშო ჰიპოალერგიული უნდა იყოს, მცირე დეტალების გარეშე და კარგად უნდა ირეცხებოდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სათამაშო იატაკზე ყოველი დაგდების შემდეგ უნდა გარეცხოთ. თუმცა 2-3 დღეში ერთხელ საღამოს სარეცხის საპნიან წყალში გარეცხეთ.
ბავშვი პატარაობიდანვე მიაჩვიეთ, რომ თითოეულ ნივთს თავისი ადგილი მიუჩინოს. სათამაშოები სპეციალურ ყუთში უნდა ინახებოდეს. ამით სისუფთავესაც უზრუნველყობთ. თამაშის შემდეგ სათამაშოები ბავშთან ერთად მათ "სახლში" შეინახეთ, რათა მათაც შეძლონ დასვენება და ღამე გამოძინება.